აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

2 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.   ეს დღე გაერომ 2007 წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა, იმ მიზნით, რომ  გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, მოხდეს  აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა . 

სწორედ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნის ირგვლივ ,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ორგანიზება გაუწია საინფორმაციო კამპანიას. ღონისძიების ფარგლებში აქტიურად დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ აუტიზმს, როგორც დაავადებას. აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. აუტიზმის მქონე ბავშვს დარღვევები აქვს სოციალური უნარების, კომუნიკაციის, მეტყველების, ქცევის განვითარებაში. 

კამპანიის მთავარი მესიჯი იყო  "აუტიზმი - პაზლი ,რომელიც ერთად უნდა ავაწყოთ“, როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აქტივობით მათ სურდათ, რომ  მოეწიოდებინათ სტუდენტებისთვის დაავადების გაცნობიერებისა და ცვლილებებისკენ.

იმავე დღეს, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებაში, თსსუ-ის სტუდენტები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, მათ მშობლებს და  "მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის" (აუტიზმის ფონდი) წევრებს შეხვდნენ.  ფონდის წარმომადგენლები სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობისა და  სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების შესახებ ესაუბრნენ. სტუდენტებმა ფონდთან აქტიური თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვეს.