თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის - EMSA -ს ინიციატივით, თსსუ-ში მიმდინარეობს საჯარო მასტერკლასებისა და ლექციების სერია, რომლის ფარგლებშიც, 2019 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა ღონისძიება - „ტკივილის სკოლა.“
ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ლექცია წაიკითხა თსსუ-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგმა - ლევან ჩიკვატიამ, რომელმაც საპრეზენტაციო თემის დაწყებამდე, აუდიტორიას მიმართა სიტყვით, სადაც გამოხატა მწუხარება ცნობილი ქართველი ექიმის, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის - ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმი მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.
ლექციის თემის ფარგლებში, ლევან ჩიკვატიამ ისაუბრა სახსრების ტკივილზე, ტკივილის თანმხლები დაავადების ფიზიკურ გამოვლინებებზე, გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მთავარ მიზნებზე. მან ისაუბრა, ასევე, აღნიშნული ტკივილის ტიპებზე, სტუდენტებს გააცნო ადგილობრივად აღმოცენებული, გადაცემითი , რეგიონული, გავრცელებული, დიფუზური, ანთებითი, მექანიკური და ფუნქციური ტკივილის ფორმები. მან, ასევე, წარმოადგინა სტატისტიკა რეგიონებისა და კონტინენტების მიხედვით ყველაზე გავრცელებულ სახსრის ტკივილებთან დაკავშირებით.
ლექციის შემდეგ ასოცირებულმა პროფესორმა ჩაატარა მასტერკლასები - "ინტრაარტიკულური ინექციის ჩატარების ტექნიკა ორთოპედიულ პრაქტიკაში", რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ მანიპულაციები სხვადასხვა მულაჟზე. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.