თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად, ახორციელებს „Erasmus+“-ით დაფინანსებულ პროექტს - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ (HERD). ამ მიზნით საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის შეიქმნა კვლევისა და განვითარების მენეჯმენტის ერთიანი ბაზა სადაც ამჟამად მიმდინარეობს მკვლევართა რეგისტრაცია.
პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის ჩატარდა ბაზის მომხმარებელთა ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ HERD პროექტის ლოკალური მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ჯანიკაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელის ადმინისტრატორი აკაკი კარსანიძე. ბაზის მოხმარების საკითხებზე თსსუ-ის თანამშრომლებს დამატებით კონსულტირებას გაუწევენ ტრენერები: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის „Erasmus+" -ის ოფისის კოორდინატორი ნინო კანდელაკი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი ნინო დიდბარიძე, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნათია გამყრელიძე და მოწვეული მასწავლებელი ლამზირა ებრალიძე.
აღნიშნული ბაზა მოემსახურება არა მხოლოდ კვლევის მენეჯმენტს, არამედ გაზრდის ჩვენი მკვლევარების სამეცნიერო მიღწევების და უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივოვების ხილვადობას ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით.