2021 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა XIII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია’’. ღონისძიება ტრადიციულად იმართება თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის ეგიდით.
კონფერენცია გახსნეს და ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, ნ.ი. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რუსუდან ჯავახაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავთ გვენცაძე, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფარულავა, ილიაუნის პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი.
კონფერენცია მიეძღვნა თსსუ-ის პროფესორ რევაზ კვერენჩხილაძის ხსოვნას. მისი მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წარადგინა თსსუ-ის პროფესორმა ირაკლი მჭედლიშვილმა. კონფერენციაზე, ასევე, ნაჩვენები იქნა ბატონი რეზოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სიუჟეტი, რომელიც ,,ტელეკომპანია პულსის’’ მიერ იქნა მომზადებული.
ღონისძიების მუშაობაში, პროფესორ-მასწავლებლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის სტუდენტებმა. კონფერენციის სპიკერი კი თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი გახლდათ. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა’’.