2022 წლის 7-9 ოქტომბერს დაბა ციხისძირში ჩატარდა XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“. ღონისძიება ტრადიციულად იმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის ეგიდით. წლევანდელი ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი ქართველი მედიკოსის, მეცნიერის, პროფესორ ბორის კორსანტიას ხსოვნას.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა, მოწვეულმა პედაგოგებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და დარგის სხვა წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა ნინო წერეთელმა; სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ლიპარტიამ; სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკოლოზ მესხმა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა მარინა ზანაქიძემ.
ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“.