2024 წლის 29 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მონაკოში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სპორტში დაზიანებების და დაავადებების პრევენციის საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ; დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ცხვედიანმა; ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა და რექტორის აპარატის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ.
კონფერენციის მოდერატორულ სესიაზე პროფესორმა ლელა მასხულიამ წარადგინა მოხსენება თემაზე „არაფუნქციური გადაძაბვის და გადაწვრთნის ეფექტების მონიტორირება კარდიული ბიომარკერების პასუხის მეშვეობით მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენებში: შედეგების გამოყენება გადაწვრთნის სინდრომის პრევენციისათვის“.
ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრები კონგრესში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა კოლეგებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადების პერიოდში, სპორტსმენთა ტრავმების პრევენციისა და მკურნალობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესორმა ლელა მასხულიამ და ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა გამართეს შეხვედრა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან და დასახეს სამეცნიერო და კლინიკური პროექტების მომდევნო განვითარების გზები სპორტის კარდიოლოგიის მიმართულებით.