თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კაროლინსკას ინსტიტუტის (ქ. სტოკჰოლმი, შვედეთი) პირველადი ჯანდაცვის აკადემიური ცენტრის ასოცირებული პროფესორი მარინა ტალოიანი.
შვედმა პროფესორმა თსსუ-ის მედიცინის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები: „მულტიმორბიდობის მქონე ხანდაზმული პაციენტების შინ მოვლა შვედეთში: ინტეგრირებული ციფრული და ფიზიკური მოვლის მართვა” და „მე-2 ტიპის დიაბეტი: ეპიდემიოლოგია და 20-წლიანი კვლევის შედეგები (კლინიკური შემთხვევების განხილვა)”.
პროფესორ მარინა ტალოიანის მიერ ლექციებზე განხილული იქნა ავადმყოფის მოვლის აქტუალური საკითხები პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ ის ქვეყნები, სადაც სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია პირველადი ჯანდაცვის მოდელზეა ორიენტირებული, ხასიათდებიან ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლებით, ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება შვედეთიც.
ვიზიტის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტალოიანმა შეხვედრა გამართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დასახული იქნა ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები.