ლიეტუველი სტუდენტები სტაჟირებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ

ლიეტუველი სტუდენტები სტაჟირებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ

2024 წლის 4 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, ERASMUS+ KA 171 პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის  პროგრამის ფარგლებში, კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (KVK, ლიეტუვა) სტუდენტები როსიტა გრიციუტე და ედვარდას ჯურასკას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში, კლინიკურ სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ. 

მათი სტაჟირების პროცესი კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის განყოფილებისა და თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობდა.  

ლიეტუველი სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ნევროლოგიური, ტრავმული და ორთოპედიული დაზიანების მქონე პაციენტების სარეაბილიტაციო მართვაში. ასევე ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო პაციენტების გასინჯვაში, დიაგნოსტიკასა და სარეაბილიტაციო პროგრამის შედგენაში. 

კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიკო შაგიძის მეთვალყურეობით, სტუდენტებმა განახორციელეს პაციენტების სარეაბილიტაციო ინტერვენციები, გაარჩიეს მრავალი კლინიკური შემთხვევა და თავადაც მოამზადეს პრეზენტაცია ნეირორეაბილიტაციის თემაზე.

სტუდენტების ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ, ლიეტუველი სტუდენტების წარმატებულად განხორციელებული სტაჟირებისთვის, ასევე, საუკეთესო პარტნიორობისა და მეგობრობისთვის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტმა KVK-ს ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, მონიკა პოჩიენესგან მადლობის წერილი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე სემესტრის ორი სტუდენტი ERASMUS+ KA 171 პროგრამის ფარგლებში, გაემგზავრება კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთთვიან სტაჟირებაზე. 

გარდა ამისა, 2025 წლის გაზაფხულზე, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის სასწავლო პროცესში ჩართული ორი მასწავლებელი და საექთნო საბაკალავრო პროგრამების 1 მასწავლებელი, Staff Mobility for Teaching ფარგლებში, ამავე უნივერსიტეტში გაემგზავრება. ისინი, ამავდროულად, მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 22-ე საერთაშორისო კვირეულის „კულტურული მოზაიკა განათლებაში“  ფარგლებში დაგეგმილ  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „მდგრადი გარემოსდაცვითი განვითარება: ინოვაციური ტექნოლოგიები“ (22nd International Week “Cultural Mosaic in Education”, International Scientific-Practical Conference “Sustainable Environmental Development: Innovative Technologies”).