2024 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა გაიმართა.
სხდომას სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და წარმომადგენლები, ასევე, სტუმრის სტატუსით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი ესწრებოდნენ.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საერთო კრების რიგით მე-14 სხდომა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა.
რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრულმა წევრმა, განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამ მიზნით, კონფერენციამ იმსჯელა და შეიმუშავა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი განცხადება:
„საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები, ვეხმიანებით მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერებას.
გვსურს, კონფერენციის სახელით, გამოვხატოთ მხარდაჭერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, რათა გაგრძელდეს ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, მათ შორის, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, განუხრელად ვაღიარებთ და ვიცავთ ბოლონიის პროცესის და უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის მიერ განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
ამ პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან უწევს კოორდინაციას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას (ინსტიტუციური შეფასება) და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას. ცენტრის საქმიანობა ხორციელდება გამჭვირვალობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის დაცვით.
ამასთან, ცენტრი უნივერსიტეტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის და ფართო ჩართულობის საფუძველზე წარმართავს საქმიანობას. სახელმწიფოს ხედვა ეფუძნება ხარისხის განვითარების ცენტრის და უფრო ფართოდ - საუნივერსიტეტო დამოუკიდებლობის გაძლიერების პრინციპს, რაც განაპირობებს ჩვენი საქმიანობის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. აღნიშნული ხელს უწყობს საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინტერნაციონალიზაციისა და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის გაუმჯობესებას. ეს პროცესი კი ეროვნული ცენტრის ეფექტიანი მხარდაჭერით მიმდინარეობს. ცენტრი საქართველოში წარმოადგენს ორგანიზაციულ, ფინანსურ და ოპერაციულ დონეზე ავტორიტეტულ, მდგრად და დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის საქმიანობაც დადებითად აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, რომელიც წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) სრულ წევრს, მხარდაჭერას ვუცხადებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ცენტრის წარმატებული საქმიანობა, მისი გავლენა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, 2023 წელს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები და საქმიანობის ის მიმართულებები, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული, მხედველობაში იქნება მიღებული ეროვნული ცენტრი მიერ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვისას.
გვჯერა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის დროული გაგრძელება და ENQA-ს წევრობის განახლება გახდება კიდევ უფრო ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის საწინდარი და ეროვნულ ცენტრთან ერთად, წარმატებით განვაგრძობთ ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხობრივ და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მუშაობას”, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა მოაწერეს ხელი.