ინოვაციური მიდგომა სამედიცინო განათლებაში – OSTE-ს დანერგვაზე საერთაშორისო კონფერენცია თსსუ-ში გაიმართა

ინოვაციური მიდგომა სამედიცინო განათლებაში – OSTE-ს დანერგვაზე საერთაშორისო კონფერენცია თსსუ-ში გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდების  დანერგვა  და ამ მიმართულებით უკვე მიღებული შედეგების განხილვა. 

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსსუ-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა და ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე.

თსსუ-ის რექტორის განმარტებით, ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა (OSTE)  გააუმჯობესებს როგორც  სწავლების მეთოდებს  და აკადემიური პერსონალის სტუდენტებთან კომუნიკაციას, ასევე განავითარებს პროფესიულ უნარებს. 

ღონისძიებამ გააერთიანა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები, პროექტში ჩართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და განათლების სექტორში პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოს ესტუმრა გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ლიდერშიფის და ინოვაციის ცენტრის დირექტორი დევიდ ტეილორი. ის ღონისძიებაზე მოხსენებითაც გამოვიდა და OSTE-ს, როგორც ობიექტური შეფასების მეთოდოლოგიის მნიშვნელობაზე გააკეთა ძირითადი აქცენტი. 

„OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში‘‘ კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ ერთობლივად განხორციელდა.

მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია აკადემიური პერსონალის სწავლების მეთოდებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, კადრების მომზადების ახალი, თანამედროვე მიდგომების, როგორც აკადემიური განვითარების ინსტრუმენტის შემუშავება, რაც მნიშვნელოვანია მოდერნიზებული, ინტეგრირებული სასწავლო გეგმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.

კონფერენციის პროგრამა