ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი

ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებით 5-8 მაისს თბილისში ჩატარდა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი, ასევე ასთმისა და COPD-ის ევროპის X კონგრესი და IV საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“.

კონგრესი ორი ეტაპისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი (5-6 მაისი) სასტუმრო „რედისონში“, ხოლო მეორე ნაწილი (7-8 მაისი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.

ოთხი დღის განმავლობაში კონგრესში მონაწილე მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ინოვაციური მიდგომები ალერგიის, ასთმის, COPD-სა და კორონავირუსული ინფექციების პრევენციასა და მკურნალობაში.

კონგრესში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, მათ შორის იმუნოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ქსელის (IUIS), ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO), ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაციის (WIPO), ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის კოლეჯის (ACAAI), იმუნოლოგიური საზოგადოებათა ევროპის ფედერაციის (EFIS) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონგრესი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული: პლენარული სესიები, სიმპოზიუმები, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმები, სემინარები და სკოლები. 

კონგრესის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საკია-ს, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ერთობლივ სესიებს.

საერთაშორისო სპეციალისტებმა განიხილეს ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში ფუნდამენტური კვლევის უახლესი მიღწევები, იმუნოპათოლოგიური დაავადებების კლინიკურ მართვაში თანამედროვე მიდგომები, სამეცნიერო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები. კონგრესს ესწრებოდნენ ექიმები, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები, რომლებმაც  მიიღეს ინფორმაცია ამერიკული, ევროპული და სხვა ქვეყნების მიღწევებზე.

კონგრესის მეორე ნაწილი გაგრძელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ტრენინგ სკოლის ფარგლებში მეცნიერებმა აშშ-დან (მიჩიგანის უნივერსიტეტი), ესტონეთიდან და გერმანიიდან წარმოადგინეს მოხსენებები, შეხვდნენ სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფებს,  გაუზიარეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ახალი მიღწევები.

კონგრესის პროგრამის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა სტუდენტური მოხსენებები იმუნური ჯანმრთელობის შესახებ.

კონგრესის მხარდამჭერები არიან: ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია, იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანება, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის კოლეჯი, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის აკადემია.

თბილისში გამართული კონგრესი ყოველწლიურად, მსოფლიო საერთაშორისო იმუნოლოგიის დღეებს, ასევე მსოფლიო ასთმის კვირეულის თარიღს ემთხვევა.