სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები - დიჯლეს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსსუ-ში

სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები - დიჯლეს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დიჯლეს უნივერსიტეტის (თურქეთი) სტომატოლოგიის ფაკულტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ისმაილ რეზანი თოფთანჩი  ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თოფთანჩი გაეცნო თსსუ-ს ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის, ასევე, ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებს. გარდა ამისა, პროფესორი დაესწრო ქირურგიულ ოპერაციას თსსუ-ს გ. ჟვანიას სახელობის აკადემიურ კლინიკაში. ასევე შეხვდა აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, თსსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მათ შორის Erasmus+ კოორდინატორს.

ვიზიტის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

6 დღის განმავლობაში, პროფესორი თოფთანჩი აქტიურად ჩაერთო აკადემიურ და პრაქტიკულ აქტივობებში. კოლეგებთან ერთად განიხილა თანამშრომლობის შესაძლებლობები სადოქტორო პროგრამების მიმართულებით, დაიგეგმა ერთობლივი კვლევების ჩატარება და ასევე ამ ერთობლივი კვლევებისთვის თემების იდენტიფიცირებაც მოხდა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ინსტიტუციურ პარტნიორობას.  

პროფესორი ისმაილ რეზანი თოფთანჩის  შეფასებით, ვიზიტი იყო ინფორმატიული და პროფესიულად ღირებული. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია შეხვედრით, რომელიც  თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკუტეტის დეკანთან, ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ნანა ყიფიანთან და ამავე დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ თამარ სულაძესთან ჰქონდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და დიჯლეს უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც ამჟამად მოქმედია და ძალაშია 2025 წლის 31 ივლისამდე.