თსსუ-ისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები

თსსუ-ისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები

თსსუ და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი მზაობას გამოთქვამს, რომ ერთობლივად იმუშაონ ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების კვლევაზე, დიაგნოსტირებასა და გენეტიკური მიზეზების დადგენაზე.

14-15 აგვისტოს თსსუ- ეწვია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი-სპეციალისტი რეზა მარუფიანი. ვიზიტის ფარგლებში რეზა მარუფიანი შეხვდა თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ტყემელაძესა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, ასოცირებულ პროფესორ თინათინ კილასონიას.

უკვე ორი წელია თსსუ და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს. ერთობლივი პროექტი, რომელსაც მხარეები ახორციელებენ მოიცავს ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვებიში გენეტიკური ანალიზის გაკეთებას და მათი მდგომარეობის გამომწვევი იშვიათი გენეტიკური დაავადებების დადგენას, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების შემდგომი მკურნალობის, მართვისა და პრევენციისთვის. ამჟამად, მიმდინარე პროექტი ეხება ქვემო ქართლის ეთნიკურ უმცირესობებში ნევროლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების კვლევას. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია ორი ერთობლივი სტატია (PMID: 40590574, PMID: 39578646) მაღალი იმფაქტის მქონე ჟურნალებში, როგორიცაა ’’Nature Genetics’’  და ’’Movement Disorders’’.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაფართოებაზე. თსსუ-ის რექტორის, პროფესორის ირაკლი ნატროშვილის განმარტებით, ის როგორც ბავშვთა ნევროლოგი, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში თვეში 400-მდე პაციენტს იღებს ცერებრული დამბლის დიაგნოზით.

რეზა მარუფიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე საერთაშორისო კვლევის მონაცემების მიხედვით, ცერებრული დამბლის შემთხვევების დახლოებით ერთი მესამედი სწორედ გენეტიკური დარღვევებითაა გამოწვეული. მან შესთავაზა თსსუ-ის რექტორს ცერებრული დამბლის მქონე ყველა ბავშვის გენეტიკური ანალიზი გაიგზავნოს ლონდონში მათ კვლევით ცენტრში, სადაც ანალიზებს უფასოდ ჩაატარებენ, შედეგებს კი საქართველოში გამოგზავნიან. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს პაციენტების დიაგნოსტირებას, შედეგების მაღალი იმფაქტის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებას და საქართველოში მონაცემთა ბაზის შექმნას. პროექტი გულისხმობს როგორც ქართველი და ბრიტანელი მეცნიერების ცოდნის გაზიარებას, ასევე თსსუ-ის სტუდენტებისა და დოქტორანტების ჩართულობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულების გასაძლიერებლად.

''ჩვენ დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თქვენს სტუდენტებს, ვასწავლით მათ მონაცემთა ბაზების დამუშავებას და ამ ცოდნით ისინი შეძლებენ საქართველოში მონაცემეთა ბაზების შექმნას და მათ მართვასაც. ძალიან ბევრი ქვეყნა ახლა ქმნის საკუთარ მონაცემთა ბაზებს. მონაცემთა ბაზისდა ბიობანკის შექნა დაგეხმარებათ შეისწავლოთ რომელი გენეტიკური დარღვევებია გავრცელებული თქვენს პოპულაციაში, როგორია გარკვეული გენოტიპების სიხშირე, რაც მნიშვნელოვანია ზუსტი მედიცინის განვითარებისთვის. კოლაბორაცია ძალიან სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.'' - აღნიშნა არეზა მარუფიანმა.

ცნობისთვის, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ხელშეწყობით და რეკომენდაციით, თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტმა მეგი ლარცულიანმა მიიღო ევროპის ნევროლოგიის აკადემიის სტიპენდია. სტიპენდიის ფარგლებში ის ამჟამად იმყოფება ერთ თვიან სტაჟირებაზე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, სადაც ეუფლება ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს და მონაწილეობს მონაცემთა ბაზის შექმნაში.

თსსუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში გამართული შეხვედრის შემდგ, თსსუ-ის რექტორმა რეზა მარუფიანს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერებინა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ყველაზე პროდუქტიული და მაღალი იმფაქტის მქონე ნეირომეცნიერებათა კვლევითი ცენტრია, რომელიც მსოფლიოს მრავალ წამყვან კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობს. ამჟამად, მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა გააძლიერონ თანამშრომლობა და დახმარება გაუწიონ შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებს. რეზა მარუფიანის განმარტებით, საქართვეელო მათთვის საინტერესო მიმართულებაა.