თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „კანონის მსოფლიო“ მიწვევით ტაჯიკეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ბერიაშვილი საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით ჩაერთო ტრენინგში, რომელიც გაიმართა ციხის ექიმებისთვის, ადვოკატებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტებისთვის. ტრენინგის მთავარი თემა იყო სტამბოლის პროტოკოლის ახალი გამოცემა და სტამბოლის პრინციპები, რომლებიც მიზნად ისახავს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციას დახურულ დაწესებულებებსა და დაკავების ადგილებში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ბერიაშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრის თემა იყო: „დიალოგი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტაჯიკეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისათვის“.
დისკუსიისას განიხილეს ტაჯიკეთში არსებული გამოწვევები, მიღწევები და მომავალი სამუშაოს პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის გაძლიერების გზები.