შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართა XVII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“, რომელიც ტრადიციულად ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის ეგიდით.
კონფერენცია, რომელიც ამჯერად შვეიცარიაში გაიმართა, 26 სექტემბერს დაიწყო და 5 დღეს გაგრძელდა.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გიორგობიანმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო ჯანდაცვის, ჰიგიენისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მსჯელობა, თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო პრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, რაც შესაძლებლობას აძლევდა როგორც ადგილზე მყოფ, ისე ონლაინ მონაწილეებს აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70-მდე სპეციალისტმა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში შოთა გეწაძე.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე – „გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილებები, მოსალოდნელი დაავადებების რისკები, ადაპტაციისა და რეაბილიტაციის სამედიცინო-ეკოლოგიური ასპექტები“, სპეციალისტებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილებების გავლენის ფონზე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, აგრეთვე დაავადებების პრევენციისა და ადაპტაციის თანამედროვე მიდგომებზე.