თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჰარვარდის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი პათოლოგიურ ანატომიაში და მასაჩუსეტსის ჰოსპიტალის ასოცირებული პათოლოგ-ანატომი, გულისა ტურაშვილი ეწვია. მან თსსუ-ში სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კლინიცისტებითვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - “პრობლემური საკითხები ენდომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის ეპითელური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში”.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა თანამედროვე დიაგნოსტიკურ მიდგომებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და კლინიკურ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილეებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღეს პათოლოგიური ანატომიის თანამედროვე საკითხებზე.
ინფორმაცია გულისა ტურაშვილის შესახებ: ასოცირებულმა პროფესორმა ტურაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დოქტორის ხარისხი მოიპოვა ჩეხეთის რესპუბლიკაში, პალაცკის უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ პროფესიული მოღვაწეობა განაგრძო ბრიტანეთის კოლუმბიის კიბოს კვლევის ცენტრში, კანადაში.
ამჟამად იგი არის ამერიკელი პათოლოგ ანატომების კოლეჯის კიბოს კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ასევე ამერიკული კლინიკური პათოლოგიის საზოგადოების CheckPath ანატომიური პათოლოგიის კომიტეტისა და სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კომიტეტების წევრი.