თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის საერთაშორისო პლატფორმა ECHO-ს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრა, რომელიც თსსუ-ში გაიმართა, გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაფართოებისა და მომავალ პროექტებში მისი რეალიზების გზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ პლატფორმას შორის მიმდინარე ინიციატივებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე.
როგორც ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და აღნიშნული პროექტის ადმინისტრატორმა აღნიშნეს, ECHO-ს მოდელი წარმოადგენს ჯანდაცვის ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც საზოგადოების ინფორმირების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე აღინიშნა, რომ ECHO პლატფორმის გამოყენება ხელს შეუწყობს ქართული დიასპორისა და თსსუ-ის კურსდამთავრებულებთან კავშირების გაუმჯობესებას.
ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ECHO პროგრამა უკვე 21 წელია წარმატებით ახორციელებს ამ ინოვაციურ მოდელს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან უნივერსიტეტის პროფესორები და პროექტის ადმინისტრატორი, რომლებიც თსსუ-ის აკადემიურ და კლინიკურ პერსონალს ჩაუტარებენ ორდღიან ტრენინგს ეფექტური კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის თემაზე.