თსსუ-ს მსოფლიო ბანკისა და პროექტის - ''ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო 12Q (WB)'' - წარმომადგენლები ესტუმრნენ

თსსუ-ს მსოფლიო ბანკისა და პროექტის - ''ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო 12Q (WB)'' - წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ''ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველო I2Q (WB)''. პროექტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.

მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ როგორ ვითარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები და გამოვყოთ ის საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია თქვენი უნივერსიტეტისთვის,“ - ასე მიმართა საზოგადოებას თსსუ-ის რექტორთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას მსოფლიო ბანკის გლობალურმა დირექტორმა განათლების მიმართულებით ბატონმა ლუის ბენევისტემ.

ჩვენი მიზანია მუდმივად ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, რადგან ხარისხი უწყვეტი განვითარების პროცესია. სწორედ ეს პროცესი გვაძლევს შედეგს როგორც სტუდენტებთან, ისე მომავალ ექიმებთან ურთიერთობაში. სამედიცინო განათლებაში მრავალი გამოწვევაა. ჩვენ ვცდილობთ ეფექტიანად ვუპასუხოთ მათ. პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის.“ აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

შეხვედრას, რომელიც თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუში გაიმართა, ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველო I2Q (WB)“ წარმომადგენლები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

თსსუ-ში ვიზიტის მიზანი პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფასება და გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პროექტის შემდგომი ეტაპების დაგეგმვაზე.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა სტუმრებმა ასევე მოინახულეს თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ სტუმრებს გააცნო ცენტრის ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სწავლების ინოვაციური მეთოდები.

პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველო I2Q (WB)“ ეფუძნება საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააფორმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან.