თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს - 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმი 10 ქვეყნის დელეგაციას, 300-მდე მონაწილესა და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელს აერთიანებს. მონაწილეებს შორის არიან: უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები. საერთაშორისო ფორუმის გახსნის ნაწილში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში:
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც 300-მდე დელეგატს მიესალმა და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა სამედიცინო განათლების განვითარებაში.
ყველას, ვინც ჩართულია სამედიცინო განათლების სისტემაში — სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და აკადემიურ პერსონალს, ვუსურვებ წარმატებას.
ღონისძიებამ ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში სამედიცინო განათლების თემები აქტუალურია, მით უმეტეს, როდესაც ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, და განათლებამაც უნდა აუბას მას მხარი.
სამედიცინო განათლება ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას დაინტერესებისთვის და მობრძანებისთვის,“ — აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლების ხარისხი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მზარდი ინტერესი ქართულ სამედიცინო განათლებაში მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება უნდა იყოს კონკურენტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
„ჩვენ ვალდებული ვართ ამ ინტერესს და მოლოდინებს ვუპასუხოთ მაღალი ხარისხით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით.
მნიშვნელოვანია, რომ თსსუ ორგანიზებას უწევს სამედიცინო განათლებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქმნის უნიკალურ პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის — როგორც ქართველი სპეციალისტებისთვის, ისე უცხოელი ექსპერტებისთვის.
მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის გუნდს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ტრადიციების შენარჩუნებისა და ხარისხის მუდმივი ზრდისთვის.
პრემიერმა უკვე წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პირველადი ვერსია, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც გააფართოებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, გააძლიერებს სწავლების ხარისხს და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციას.
ვფიქრობ, ეს საერთაშორისო კონფერენცია უნდა გახდეს ტრადიციული და ყოველწლიური, რათა კიდევ უფრო განიმტკიცოს საქართველომ ადგილი სამედიცინო განათლების საერთაშორისო რუკაზე,“ — აღნიშნა გივი მიქანაძემ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე:
„განათლების სექტორში ყველაზე საჭირო და განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტული მიმართულება სამედიცინო განათლება რჩება.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო სექტორთან, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში, სადაც ცოდნისა და პრაქტიკის ხარისხი პირდაპირ აისახება ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემაზე.
ჩვენი მთავარი პარტნიორი, როგორც პროფესიის მარეგულირებლისთვის, ყოველთვის იყო და არის საგანმანათლებლო სისტემა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ აქ მყოფ ადამიანს და წარმატებები ვუსურვო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში.“
ფორუმის დელეგატებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა:
„ეს კონფერენცია განსაკუთრებით აქტუალურია იმ პერიოდში, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ დაანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა. რეფორმა, რომელიც ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანია, ის ძირეულად გააუმჯობესებს განათლების ხარისხს. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი განათლება ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია, ხოლო ძლიერი სამედიცინო განათლება, ჯანმრთელი საზოგადოების გარანტია. ამ რეფორმის ერთერთი ძირითადი ღერძი ასევე სამედიცინო განათლებაა.“
ფორუმის ფარგლებში დელეგატებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სპიკერებმა. მათ გამოკვეთეს თანამედროვე ტენდენციები სამედიცინო განათლების განახლებისა და განვითარების პროცესში.
როგორც ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტმა, ჰარმ პეტერსმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის:
„ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებას. ჩვენი მთავარი მიზანია გავაერთიანოთ სხვადასხვა სამედიცინო სკოლა, ასევე ხელი შევუწყოთ სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კვლევების განვითარებასა და პაციენტებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.
როგორც AMSE-ის პრეზიდენტი ვამაყობ, რომ დღეს აქ თქვენთან ერთად ვიმყოფები. საქართველო ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, სადაც ფუნდამენტური ცვლილებები ხორციელდება ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველოდები ორდღიანი კონფერენციის შედეგებს.“
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ ჰარმ პეტერსს თსსუ-ის რექტორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
კონფერენციის გახსნის ნაწილში მონაწილეობდა ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი:
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე. საერთაშორისო თანამშრომლობა სამედიცინო განათლების სფეროში აუცილებელია. ამ ფორმით, ჩვენ შეგვიძლია მომავალი თაობის ექიმების სათანადოდ მომზადება. დიდი ინტერესით ველოდები დისკუსიებს.“
სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა ხვალ დაიხურება. კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, თსსუ-ის სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს პლენარული სხდომები, ინტერაქტიული და თემატური პანელები, ასევე მცირე ჯგუფური სამუშაო სესიები, სადაც მონაწილეები განიხილავენ ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებსა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებს.
 
							 
							