10 ქვეყნისა და 21 ინსტიტუციის 300-მდე წარმომადგენელი, პლენარული სხდომები, ინტერაქტიული და თემატური პანელები, ასევე მცირე ჯგუფური სამუშაო სესიები, მოკლე ზეპირი მოხსნებები და სტუდენტური პოსტერული პრეზენტაციები - სამედიცინო განათლების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ორდღიანი კონფერენცია დასრულდა.
ფორუმს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 30-31 ოქტომბერს უმასპინძლა.
თსსუ - სამედიცინო განათლების საერთაშორისო ჰაბი
სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური მიდგომების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება - ამ მიზანმა გააერთიანა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა სახის პროგრამული აქტივობები: დიდი და მოკლე ფორმატის მოხსენებები, რომლებიც სამ პარალელურ სესიად მიმდინარეობდა; პანელური დისკუსიები, სადაც დელეგატებმა სამედიცინო განათლების ინოვაციურ მიდგომებზე იმსჯელეს და ურთიერთგამოცდილება გააზიარეს; კვლევებზე დაფუძნებული პოსტერების პრეზენტაცია, რომლებიც მოამზადეს და წარმოადგინეს სტუდენტებმა სხვადასხვა სამედიცინო სკოლიდან; ხუთი პარალელური ვორქშოფი, რომელთა ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება, სტუდენტთა კეთილდღეობის ხელშეწყობა, იდეების გარდაქმნა გავლენიან პროექტებად სამედიცინო განათლებაში და სხვა.
თსსუ - თანამედროვე სამედიცინო განათლების გზამკვლევი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავისი არსით, მიზნებითა და ფუნქციით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია ქვეყნისთვის. უნივერსიტეტი მუდმივად ერთვება პროფესიული განვითარების პროცესებში, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის უწყვეტ წინსვლას. სწორედ ამ მიზნით ჩატარებულ კონფერენციაზე, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ფორუმი ქვეყნის სამედიცინო განათლების განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისად შეაფასა:
„ეს კონფერენცია შესაძლებლობას გვაძლევს გამოცდილების გაცვლის, ახალი მიდგომების შესწავლისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზით შევქმნათ უფრო ეფექტიანი სასწავლო გარემო. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში სამედიცინო განათლების თემები აქტუალურია, მით უმეტეს, როდესაც ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ამას განათლებამაც უნდა აუბას მას მხარი“.
მისასალმებელ სიტყვაში პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია გლობალური ცოდნისა და პრაქტიკის ადგილობრივ საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის გაღრმავება ქმნის საფუძველს მომავალი ექიმების პროფესიული და აკადემიური განვითარების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ვალდებული ვართ სტუდენტების ინტერესს და მოლოდინებს ვუპასუხოთ მაღალი ხარისხით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამედიცინო განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმზე ისაუბრა სწავლების მაღალი ხარისხის და პროფესიული უნარების განვითარებაზე, რომელიც მისი თქმით, პირდაპირ აისახება ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემის ეფექტიანობაზე:
„სამედიცინო განათლება განვითარების თვალსაზრისით რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად. ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო სექტორთან, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში, სადაც ცოდნისა და პრაქტიკის ხარისხი პირდაპირ აისახება ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემის ეფექტიანობაზე და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე“.
საერთაშორისო ხედვა სამედიცინო განათლებაზე
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამედიცინო განათლების განვითარების მიზნით, ფორუმში ევროპის და აშშ-ის წამყვანი სამედიცინო სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს თანამედროვე ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებზე სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში.
„ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. საქართველო ჩვენი ორგანიზაციის (AMSE) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, სადაც ამ მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები ხორციელდება“, - განაცხადა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტმა ჰარმ პეტერსმა. აღსანიშნავია, რომ მისი სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, თსსუ-ის რექტორმა, ჰარმ პეტერსს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
საერთაშორისო ექპერტების შეფასებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში.
„ვფიქრობ, რომ სამედიცინო განათლების მიმდინარე ტენდენციების თვალსაზრისით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კვლავ ლიდერია, როგორც ყოველთვის. ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი არის ის, რომ უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ინოვაციების დანერგვას - ყოველწლიურად სწავლობს, როგორ გავაუმჯობესოთ პროცესი და როგორ ვიხელმძღვანელოთ თანამედროვე გამოწვევებით“, - აღნიშნა ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესრმა, მერი ჯო ლეკოვიჩმა.
ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და კლინიკურ პრაქტიკაში
ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლებასა და კლინიკურ პრაქტიკაში. სპეციალისტებმა გაამახვილეს ყურადღება იმაზე, თუ როგორ ცვლის AI ტექნოლოგია სწავლებისა და შეფასების მიდგომებს თანამედროვე მედიცინაში. სწორედ ამ საკითხზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მომხსენებლის პრეზენტაციამ თემაზე: ‘’ხელოვნური ინტელექტი სენსაციურობის მიღმა: მეწარმეობა და ციფრული ტრანსფორმაცია სამედიცინო განათლებაში’’.
„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პლატფორმების ტექნოლოგიები მედიცინის სფეროში უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. კონფერენციაზე მე ვისაუბრე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სამედიცინო პროექტებში და როგორ შეუძლია ამ ტექნოლოგიას რეალურად წინ წაიყვანოს მეცნიერება. წარმოვაჩინე ჩემი კვლევითი პროექტის მაგალითი, სადაც ციფრულ პლატფორმებს და ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი ბიომარკერების მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მისაღებად“, - განაცხადა ინდუსტიული ინჟინერიის მიმართულებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის (პორტუგალია) პროფესორმა ანეშ ზუჩიმ.
სამედიცინო განათლების ადგილობრივი გამოცდილება და ინიციატივები
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თემატურ სესიებსა და ვორქშოფებს, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მომხსენებლები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლების ყველა მიმართულებით – სწავლის მეთოდები, შეფასების სისტემები და წარმატების ინდექსის განსაზღვრის გზები.
„ქართველმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები, განიხილეს სასწავლო პროცესში დანერგილი მეთოდები, ასევე დაგეგმვისა და განვითარების სტრატეგიები. პანელური სესიის ფარგლებში დეტალურად განიხილეს სამედიცინო განათლების გამოწვევები, ახალი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები“, - განაცხადა თსსუ-ის საერთაშორისო დეპარტამენტის საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჯანიკაშვილმა. მან კონფერენციის ფარგლებში ჩაატარა ვორქშოფი თემაზე - „იდეების გარდაქმნა გავლენიან პროექტებად სამედიცინო განათლებაში“.
„განათლება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხოლო კვლევა და გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს წინსვლისთვის აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ამ პროცესში ფლაგმანად გამოირჩა. ფორუმის მიმდინარეობისას განსაკუთრებით საყურადღებო იყო ახალგაზრდების, მათ შორის პირველკურსელი სტუდენტების მონაწილეობა. მცირე ჯგუფებში მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ისინი ზრუნავენ განათლების ეფექტურობაზე. როგორც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგამ კონფერენციაზე აღნიშნა, სტუდენტები ნათლად ხედავენ, რომ მათი პროფესორები აქტიურად მუშაობენ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა კონფერენციის მომხსენებელმა, თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გივი ჯავაშვილმა.
სტუდენტების ინიციატივები საერთაშორისო ფორუმზე
კონფერენციის მსვლელობისას, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ინფორმაციის და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლის შემდეგ, ყურადღება დაეთმო სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მომავალი პროფესიონალების ინიციატივები პირდაპირ აისახება სამედიცინო განათლების განვითარებაზე.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური პოსტერების პრეზენტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს რეტროსპექტული და პროსპექტული კვლევები პოსტერების სახით. დღის ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა სტუდენტების ნამუშევრები შეაფასეს. გამოვლინდა 3 გამარჯვებული და ერთი, აუდიტორიის ფავორიტი სტუდენტური პოსტერი.
კონფერენცია, რომელმაც სტარტი 30 ოქტომბრის 10:00 საათზე აიღო, 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე დასრულდა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში ლიდერია.