თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ქსელის - COST-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მან COST-ის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა:
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრაა. COST წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მეცნიერებისა და მკვლევრების განვითარებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალი დღეს ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრება. აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო დაგვეხმარება უნივერსიტეტში სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებაში.“
შეხვედრის ფარგლებში თსსუ-ის აკადემიური პერსონალი COST-ის საქმიანობას, დაფინანსების მექანიზმებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ქსელურ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს გაეცნო. აღნიშნული ინფორმაცია მონაწილეებს COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა ინგა დადეშიძემ (ბრიუსელი, ბელგია) წარუდგინა.
ევროპული თანამშრომლობის პროგრამა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში – COST ფინანსდება ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“–ის ბიუჯეტიდან. მისი მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდა და მათი მაღალი დონის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით.
ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ქსელი – COST - 1971 წელს დაარსდა ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და აქტიურად უჭერს მხარს ინტერდისციპლინურ კვლევებს.
დღეს COST-ში გაწევრიანებულია 41 ქვეყანა და ქსელი აერთიანებს 60 000-ზე მეტ მეცნიერს. ასევე, COST-ს ჰყავს ერთი კოოპერატიული ქვეყანა – ისრაელი და ერთი პარტნიორული ქვეყანა – სამხრეთ აფრიკა.
საქართველო COST-ის ფარგლებში ინკლუზიური ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, რაც გულისხმობს დამატებითი შესაძლებლობების შექმნის საჭიროებას ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის.
COST-ის ქსელის ძირითადი პრიორიტეტებია:
• ახალგაზრდა მეცნიერებისა და ინოვატორების მხარდაჭერა (40 წლამდე);
• მაღალი ხარისხის და გამორჩეული კვლევების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის.