ახალგაზრდა პათოლოგანატომი ვიქტორია შონია Vincent Academy of Pathology-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ახალგაზრდა პათოლოგანატომი ვიქტორია შონია Vincent Academy of Pathology-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი და პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ახალგაზრდა პათოლოგანატომი ვიქტორია შონია გახდა Vincent Academy of Pathology-ის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მასპინძელი ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ვიქტორია შონია 2026 წლის 1-ელი მარტიდან სამთვიან სტაჟირებას გაივლის ავსტრიაში, კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის ინსტიტუტში, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავოს ცოდნა ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიის სუბსპეციალობაში, განავითაროს აღნიშნული მიმართულებით დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და ჩაერთოს საერთაშორისო კვლევით პროექტებში.

კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის ინსტიტუტი — Ordensklinikum Linz–Elisabethinen Hospital (ლინცი, ავსტრია) — წარმოადგენს ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ მაღალსპეციალიზებულ, ონკოლოგიურ პროფილზე ორიენტირებულ პათოლოგიურ ცენტრს. ინსტიტუტი ფუნქციონირებს მრავალპროფილური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალური კომპლექსის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს Elisabethinen Hospital-სა და Barmherzige Schwestern Hospital-ს და ემსახურება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მოქმედ ფართო ონკოლოგიურ და ქირურგიულ ქსელს.

ინსტიტუტი გამოირჩევა იშვიათი და რთული ონკოლოგიური შემთხვევების მრავალფეროვნებით, რაც ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო გარემოს რთული დიფერენციალური დიაგნოსტიკის, ბიომარკერების ინტერპრეტაციისა და პერსონალიზებულ თერაპიულ მიდგომებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილებების სიღრმისეული ათვისებისთვის.

ინსტიტუტს ხელმძღვანელობს Prof. Dr. Farid Moinfar, MD — კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ძუძუსა და გინეკოლოგიური ონკოპათოლოგიის, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიომარკერებზე დაფუძნებული პერსონალიზებული მედიცინის სფეროში. იგი ასევე არის Vincent Academy of Pathology-ის დირექტორი, რაც ინსტიტუტს ანიჭებს ძლიერ საგანმანათლებლო და კვლევით პროფილს საერთაშორისო სივრცეში.