თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია „Mastering Ophthalmology“ გაიმართა. ღონისძიება თვალის კლინიკის „ახალი მზერა“ ორგანიზებით ჩატარდა და ოფთალმოლოგიის სფეროს წამყვანი ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები გააერთიანა.
კონფერენციის მიზანი თანამედროვე ოფთალმოლოგიაში არსებული უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციურ დიაგნოსტიკურ და ქირურგიულ მეთოდებს, მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებას, ასევე პაციენტზე ორიენტირებული მართვის თანამედროვე სტანდარტებს.
პროგრამა მოიცავდა თემატურ მოხსენებებს, კლინიკური შემთხვევების ანალიზს და პროფესიულ დისკუსიებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ რეალურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მათი გამოყენების ეფექტიანობას. განხილული იყო ქირურგიული ჩარევების ტექნიკები, ოფთალმოლოგიაში მიმდინარე ტენდენციები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ და მოხსენებებით წარდგნენ სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და შვეიცარიიდან. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიებს, რაც დამსწრეებს ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციისა და პროფესიული აზრთა გაცვლის შესაძლებლობას აძლევდა.
აღინიშნა, რომ „Mastering Ophthalmology“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ცოდნის ტრანსფერისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.