მრავალწლიანი ინტენსიური თეორიული სწავლებისა და კლინიკური პრაქტიკის საფუძველზე მომზადებული თსსუ-ის კურსდამთავრებულები პროფესიული საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადიან.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები 160-მა სტუდენტმა დაამთავრა.
მათგან 67 კურსდამთავრებული წარმოადგენს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს, ხოლო 93 მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტს.
ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში სტუდენტებთან ერთად შეიკრიბნენ მათი მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, გულშემატკივრები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საზეიმო გარემო, მანტიებში გამოწყობილი კურსდამთავრებულები - ერთობლივად ქმნიდა ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს, რომელიც ხაზს უსვამდა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პროფესიის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე, გამოწვევებსა და ღირებულებებზე.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ამ დღიდან თქვენ სამედიცინო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხდებით. სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული თქვენი მრავალწლიანი შრომა, პროფესიული მომზადება და პიროვნული ზრდა.
დღეიდან თქვენ ღირსეულად ატარებთ თეთრ ხალათს - პროფესიის უმთავრეს სიმბოლოს. თუმცა, ეს ასევე არის პასუხისმგებლობის, ეთიკური ვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის გამომხატველი ნიშანი.
მიზნისკენ თანმიმდევრული სწრაფვა და დაუღალავი შრომა ყოველთვის იძლევა შედეგს - თქვენი დღევანდელი მიღწევა ამის ნათელი დასტურია. თუმცა, თქვენი მისია მხოლოდ მკურნალობით არ შემოიფარგლება. ექიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა პაციენტისთვის იმედის გაჩენა. იმედი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განკურნების პროცესში, აძლიერებს პაციენტის მოტივაციას და რაც არსებითად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს.
გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. გისურვებთ პროფესიულ წარმატებას, პიროვნულ სრულყოფას, ბედნიერ და ნაყოფიერ კარიერას“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ. მან ხაზი გაუსვა უწყვეტი განათლების მნიშვნელობას თანამედროვე მედიცინაში.
„წარმატება არის მუდმივი ძალისხმევის შედეგი. ითანამშრომლეთ, როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინაღმდეგეებთან და რაც მთავარია - გჯეროდეთ და იბრძოლეთ სიმართლისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა თსსუ-ის პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ.
ამავე დღეს გამართულ მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული დღე მიულოცა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ.
„გულითადად გილოცავთ ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს, რომელიც არა მხოლოდ სწავლის დასრულების, არამედ თქვენი მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობისა და პროფესიული ოცნებების განხორციელების სიმბოლური დღეა. წლების განმავლობაში თქვენ ყოველდღიურად, თანმიმდევრულად და დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდით სირთულეებსა და გამოწვევებს. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია თქვენი დღევანდელი წარმატება.
დღეიდან თქვენ გეკისრებათ ახალი პასუხისმგებლობა - უპირველესად საკუთარი თავის წინაშე და შემდეგ საზოგადოების წინაშე - დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ იყოთ ღირსეული პროფესიონალები, სანდო სპეციალისტები და მაღალი ეთიკური სტანდარტების მატარებლები. მიზანმიმართული შრომით, პრინციპულობითა და პროფესიონალიზმით, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებას და წვლილი შეიტანოთ, როგორც პროფესიის, ისე ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თსსუ-ის პროფესორმა დავით თოფურიამ.
ცერემონია დასრულდა საზეიმო ფიცის დადებით - მომავალი პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულების და ეთიკური სტანდარტების დაცვის ნიშნად.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და სიამაყით აცილებს მათ მომავალ პროფესიულ გზაზე. იმ იმედით, რომ ისინი ღირსეულად გააგრძელებენ უნივერსიტეტის აკადემიურ ტრადიციებსა და პროფესიულ ღირებულებებს.