პროექტების ‘’თსსუ-ის ელჩები’’ და LIFESTRAND-ის ფარგლებში თსსუ ხაშურის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა

პროექტების ‘’თსსუ-ის ელჩები’’ და LIFESTRAND-ის ფარგლებში თსსუ ხაშურის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა და მათთვის ცოდნის გაზიარება. ამჯერად თსსუ ხაშურის N1 სკოლას ესტუმრა.

თსსუ-ის სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგს, რომელსაც თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის პროფესიონალი და გამოცდილი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ,  სკოლის 130-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.  

ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ პირველი გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს. შეისწავლეს CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაცია) საფუძვლები, ტრავმის შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების პრინციპები, უსაფრთხო გარემოს შეფასება და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების გეგმა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული ტრენინგის დროს ინსტრუქტორების დახმარებით განეხორციელებინათ მულაჟებზე და მანეკენებზე სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა და შეფასება. მოსწავლეები მულაჟების დახმარებით დაეუფლნენ უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკას, გაეცნენ სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების წესებს (ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმი, გადაუდებელი დახმარების ჩატარება სისხლდენების და ტრავმების დროს და  ნახვევების  დადება)

მაღალი ინტერესის გამო ტრენინგი რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ  ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და თსსუ-ში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს.

ხაშურის N1 სკოლაში ვიზიტი ERASMUS+-ის პროექტის LIFESTRAND და პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩები’’ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის LIFESTRAND მიზანია უკრაინასა და საქართველოში   თემის წარმომადგენლებისთვის პირველადი დახმარების სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე ესპანეთისა და პორტუგალიის მოქმედი პარტნიორი ინსტიტუტების გამოცდილების, ხელმძღვანელობისა და ტექნიკური დახმარების გზით პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგების განხორციელება.

‘’თსსუ-ის ელჩები’’ ეს არის პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის.  ‘’თსსუ-ის ელჩების’’ მიზანია სკოლის მოსწავლეებს (მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასები) უკეთესად გააცნოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიაწოდოს ინფრომაცია თსსუ-ის ფაკულტეტების შესახებ, გააცნოს მედიცინის და ჯანდაცვის სფეროს პროფესიები, რათა სკოლის მოსწავლეებმა ინფრომირებული გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევის დროს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს აამაღლოს მოსწავლეებში ცნობიერება ჯანმრთელობის, ჯანდაცვის და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

თსსუ-ისა და ხაშურის N1 სკოლის მოსწავლეების მეგობრობა გრძელდება. პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩები’’ ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვნენ თსსუ-ის კონკურსში: ‘’ჩემი თვალით დანახული თსსუ’’. კონკურსის პირობები ასეთია: სკოლაში სტუმრობიდან 10 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილე მოსწავლეები თსსუ-ში გამოაგზავნიან  ნამუშევრებს. ფორმატი შეზღუდული არ არის. ნამუშევარი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი/ავტორები თსსუ-ის ელჩის/ელჩების სტატუსს მიიღებს/მიიღებენ. კონკურსის შედეგად შერჩეული თსსუ-ის ელჩები აქტიურად ჩაერთვებიან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

თსსუ აუცილებლად გაგიზიარებთ ინფორმაციას ხაშურის N1 სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების და კონკურსის გამარჯვებულის/გამარჯვებულების შესახებ. 

თსსუ წარმატებას უსურვებს ხაშურის N1 სკოლას და ელოდება ახალ სკოლასთან დამეგობრებას.