თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეულის ფარგლებში 12 მარტი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტსა და საექთნო და სამეანო საქმის პროგრამას დაეთმო.
აღნიშნული დარგების უკეთ გაცნობის, პროფესიული განვითარების შესაძლებლობების წარმოჩენისა და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, თსსუ-ში მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცე, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციისა და საექთნო საქმის მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო სპორტული-ორთოპედიული რეაბილიტაციის სტენდი სხვადასხვა პრაქტიკული ინსტრუმენტით, მათ შორის ტენსის აპარატი და გონიომეტრიის მეთოდი. გაიმართა ფუნქციური შეფასების ტესტები და IT ვიზუალიზაციის დემონსტრაცია.
ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, რომელთა ფარგლებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ინტერაქტიულ პროცესში. პარალელურად ფუნქციონირებდა სპორტული სივრცე, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტელექტუალურ თამაშებში, მათ შორის ჭადრაკში, შაშსა და ნარდში.
დღის მთავარი ღონისძიება იყო საჯარო ლექცია თემაზე – „ძილი: რეაბილიტაციის უჩინარი ფაზა“.
ლექცია წაიკითხა ნევროლოგმა და ნეირორადიოლოგმა, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკის ზრდასრულთა მიმართულების ხელმძღვანელმა სოფიკო შაგიძემ. მომხსენებელმა განიხილა ამ მიმართულებით თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკა და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომები.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეული სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში თითოეული დღე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს ეძღვნება. აქტივობები 9 მარტს დაიწყო და ის ხვალ, 13 მარტს სტომატოლოგიის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით დასრულდება.