ინტერნეტადიქცია, მისი გავლენა ნეიროგანვითარებასა და შემეცნებაზე - საგანმანათლებლო ლექცია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში

ინტერნეტადიქცია, მისი გავლენა ნეიროგანვითარებასა და შემეცნებაზე - საგანმანათლებლო ლექცია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ  ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლაში გამართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია თემაზე - „ ინტერნეტადიქცია, მისი გავლენა ნეიროგანვითარებასა და შემეცნებაზე“. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ გასცნობოდნენ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ აქტუალურ გამოწვევას -  ინტერნეტდამოკიდებულებას, მის ნეირობიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.

პროფესორმა სოფიო  ბახტაძემ დეტალურად ისაუბრა ინტერნეტადიქციის ფორმირების მექანიზმებზე, მის გავლენაზე მოზარდის ტვინის განვითარების პროცესში, ყურადღების კონცენტრაციაზე, მეხსიერებასა და სწავლის უნარზე. 

ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოზარდობის ასაკში ციფრული ტექნოლოგიების არარეგულირებული გამოყენების შესაძლო რისკებს, მათ შორის, ძილის დარღვევებს, ემოციურ არასტაბილურობას, სოციალურ იზოლაციასა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას. 

ამასთანავე, შეხვედრაზე განხილული იყო პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სტრატეგიები, რაც მოიცავს დროის მართვასა და ჯანსაღი ქცევის ჩამოყალიბებას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. დასასრულს მოსწავლეებმა პროფესორ სოფიო ბახტაძეს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თემის აქტუალობასა და ახალგაზრდა თაობის ინტერესს აღნიშნული საკითხის მიმართ. 

მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდების ცნობიერების ამაღლებაში, ხელს უწყობს როგორც მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას, ისე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.