თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების ციკლი თემაზე - „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“.
სასწავლო პროგრამა დღეს გაიხსნა და 24 აპრილს დასრულდება. ხუთდღიანი ტრენინგი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაძლიერებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ტრენინგები ორ სხვადასხვა სივრცეში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროგრამა აგებულია ინტერაქტიული ჩართულობის პრინციპზე დაფუძნებულ პანელურ სესიებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ განხილვებში და გააზიარონ პროფესიული გამოცდილება.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად ეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავებისა და განხორციელების მეთოდები, ასევე ცოდნის შეფასების წესები; პრობლემაზე და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების (PBL და CBCR) მეთოდოლოგია; აკადემიური წერის პრინციპები, კვლევითი აქტივობის განვითარების თანამედროვე შესაძლებლობები და ფორმები; სამეცნიერო გრანტების მომზადება; შეფასების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მეთოდოლოგია და მისი ორგანიზება; განათლების გლობალური გამოწვევები და ცვლილებების მართვა; სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომები; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებასა და შეფასებაში - შესაძლებლობები და გამოწვევები; ტესტური გამოცდის დიზაინი და შედგენის წესები; მოზრდილთა განათლების პრინციპები; კომუნიკაციის უნარები, ასევე პროფესიონალიზმი და ეფექტური პროფესიული კომუნიკაცია.
ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ემსახურება სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვას აკადემიურ სივრცეში.