თსსუ-ის დელეგაცია ჩინეთში

თსსუ-ის დელეგაცია ჩინეთში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი, რექტორის, პროფესორის ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში 2 დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა: 1. შეთანხმება გაფორმდა თსსუ-სა და სიანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის. 2. ხელშეკრულება გაფორმდა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო და ქსინჯიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე აფილირებულ საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის. 

თსსუ-ის დელეგაციაში შედიოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პრიფესორი ირაკლი ნატროშვილი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი; თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ცხვედიანი და ორივე კლინიკის ექიმები: რომეო ვარდიაშვილი - თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; კახაბერ ბუკია - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი; დავით ბარლიანი - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ონკლოგი; ალექსანდრე კორძაძე - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნეიროქირურგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი და რამაზ კალანდაძე - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

თბილისის სახელმწიფო სამეციდიცინო უნივერსიტეტსა და სიანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, რომ მომავალში გააღრმავებენ თანამშრომლობას, იმუშავებენ მემორანდუმის ტექსტზე და დოკუმენტის დეტალებზე, ასევე იმუშავებენ გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს შორის. დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტების, სასწავლო პროგრამების,  სწავლების მეთოდოლოგიისა და გამოცდილების შესახებ, ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

ქალაქ სიანში უნივერსიტეტებს შორის შეთანხმების გაფორმების გარდა,  თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სიანის წითელი ჯვრის  ჰოსპიტალში. შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრები ორ ნაწილად გაიყვნენ: ერთმა ჯგუფმა  ორთოპედიის, ხერხემლის ქირურგიის განყოფილებები, მეორე ჯგუფმა კი ანესთეზიის, რეანიმაციის, ნეიროქირურგიული  დეპარტამენტები და ლაბორატორიები დაათვალიერეს,  კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ჩინელ კოლეგებთან გამოცდილება გაცვალეს. 

ამის შემდეგ, თსსუ-ის დელეგაციის წევრებს სიანის ბავშვთა ჰოსპიტალმა უმასპინძლა, სადაც კლინიკის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის შემდეგ, თსსუ-ის დელეგაციის წევრებთან შეხვედრები გამართეს სიანის ბავშვთა კლინიკის მენეჯერებმა და ექიმებმა. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. 

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მეორე დოკუმენტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო  და ქსინჯიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე აფილირებულ საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის ურუმჩიში გაფორმდა. ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან სამომავლო პარტნიორობაზე, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაცვლასა და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზე.

დოკუმენტის გაფორმების შემდეგ თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა ქსინჯიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე აფილირებული საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერეს - ეწვივნენ კლინიკის ორთოპედიული ონკოლოგიისა და ხერხემლის ქირურგიის დეპარტამენტებს, ასევე ორთოპედიის კვლევით ცენტრს. ადგილზე გაეცნენ კლინიკის მუშაობის სპეციფიკას, პაციენტებთან ურთიერთობას, საინტერესო სამედიცინო შემთხვევებს და ტექნოლოგიებს. თსსუ-ის დელეგაციის წევრები  ეწვივნენ ქსინჯიანის სამედიცინო უნივერსიტეტს,  დაათვალიერეს ტკივილის მართვის ცენტრი, ჩინური მედიცინის,  ფიზიო რეაბილიტაციისა და სპორტის დეპარტამენტი. 

ჩინეთში თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი 16-23 მაისს განხორციელდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თსსუ-ის წარმომადგენლებს, სამომავლო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ჩინეთში უნივერსიტეტებმა და სამედიცინო დაწესებულებებმა უმასპინძლეს. ორივე  ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპა-აზიის ხერხემლისა და ტკივილის ასოციაციის (EASPA) მიერ. ქართულ-ჩინური ასოციაცია 2 წლის წინ  დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან კობა ნადარეიშვილი და  მედიცინის დოქტორი ჰანგ ნინგ ჩიუ, ორგანიზაციის გენერალური მდივანია ნიკოლოზ მიროტაძე. ჩინეთში გამართულ შეხვედრებს  ასოციაციის  ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.  

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში ინიციტიავის ''ერთი სარტყელი, ერთი გზა'' ფარგლებში განხორციელდა. ეს არის ინიციტივა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.