თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გრძელდება პროექტი „თსსუ-ის ელჩები“, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების სერიას აერთიანებს.
1 ივნისს უნივერსიტეტმა ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სასწავლო პროცესის სპეციფიკას.
თავდაპირველად, მოსწავლეები ჩაერთნენ კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის პრაქტიკულ სესიებში, სადაც მიიღეს ინფორმაცია პირველადი დახმარების ძირითადი პრინციპებისა და რეალურ სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. სიმულაციურ გარემოში კი მულაჟების დახმარებით მათ პრაქტიკულად დაამუშავეს უცხო სხეულის ამოღების ტექნიკა და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის შესრულების საფუძვლები.
ამის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაინაცვლეს სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმში, სადაც დეტალურად დაათვალიერეს უნიკალური ექსპონატები.
ფარმაცევტული ფაკულტეტის დეპარტამენტების ლაბორატორიებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ექსპერიმენტებში, გაეცნენ კვლევითი საქმიანობის სპეციფიკას და სამედიცინო მეცნიერების პრაქტიკულ მხარეს.
ამ დღიდან ქ.თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ პროექტში ‘’თსსუ-ის ელჩები’’-ს კონკურსში „ჩემი თვალით დანახული თსსუ“. კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეები თსსუ-ში სტუმრობიდან 10 დღის განმავლობაში წარადგენენ ნამუშევრებს. კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ „თსსუ-ის ელჩების“ სტატუსს.
პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ უნივერსიტეტმა 2026 წლის 11 მარტიდან დაიწყო. პროექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის, მიზნად ისახავს მათ უკეთ გააცნოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და დაანახოს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს მრავალფეროვანი პროფესიული მიმართულებები. პროექტი ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეებმა პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელობის, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს ახალ მეგობრებთან.