თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და კორპუსებში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. აბიტურიენტებმა, რომელთაც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება უწევთ, თსსუ-ის კარი პირველად შეაღეს.
საინფორმაციო, ინტერაქტიული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული „ღია კარის დღე“ ნამდვილ დღესასწაულად იქცა მათთვის, ვისი მიზანიც სამედიცინო განათლების მიღებაა.
ღონისძიება დილის 11:00 საათიდან დაიწყო. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ხალხმრავლობა და პოზიტიური მუხტი შეინიშნებოდა თითოეულ საგამოფენო პავილიონთან.
სტუმრებს თსსუ-ის ფაკულტეტებისა და პროგრამების წარმომადგენლები, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სრული მზადყოფნით დახვდა. აბიტურიენტებმა დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს თსსუ-ის ფაკულტეტების შესახებ.
ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ციფრული სივრცე, სადაც მათ VR სათვალეების მეშვეობით იმოგზაურეს უნივერსიტეტის ლაბორატორიებში, ხოლო ინოვაციურ ანატომიურ ციფრულ მაგიდასთან მუშაობისას, შეძლეს სამედიცინო მეცნიერებას პირისპირ შეხებოდნენ და მიღებული ცოდნა ადგილზევე გამოეცადათ.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სრულად აღსაქმელად, ფოიეში მოწყობილი პავილიონები დაეთმოთ თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს, სადაც პრაქტიკული საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. წარმოდგენილი იყო: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა; მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა; აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა; ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა; იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი; ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.
ამის პარალელურად, უნივერსიტეტის ეზოში სტუმრებს საზეიმო დახვედრა თსსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ და სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციების ახალგაზრდებმა მოუწყვეს. მათ მომავალ სტუდენტებს გაუზიარეს ყველაფერი, რაც სამომავლო სტუდენტურ ცხოვრებას, მრავალფეროვან პროექტებსა და აქტივობებს უკავშირდება. აბიტურიენტებისთვის მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი ვიქტორინები და სხვა გასართობი აქტივობები.
ფაკულტეტების, საუნივერსიტეტო კლინიკების, სამეცნიერო ცენტრების პავილიონები და სტუდენტური სივრცეები აბიტურიენტებთან ერთად დაათვალიერა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, უნივერსიტეტის კანცლერთან, ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად.
ღონისძიების შემდეგი ეტაპი უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაგრძელდა.
დარბაზში შეკრებილებს მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. მან აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის მიმართ გამოცხადებული დიდი ნდობისა და ინტერესისთვის.
„ეს არის სამედიცინო განათლების სფეროში ყველაზე დიდი, ხანგრძლივი და ძლიერი ტრადიციების მქონე ინსტიტუცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ცოდნა მოგაწოდოთ.
ჩვენს ქვეყანაში, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანების დაახლოებით 95 პროცენტზე მეტი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ჩვენ ვამაყობთ ამით. ასევე ვამაყობთ იმითაც, რომ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ და არიან ძალიან წარმატებულები.
ჩვენ ვამაყობთ თქვენითაც, იმ ადამიანებით, რომლებმაც არჩევანი ჩვენს უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. დამერწმუნეთ, გარდა იმისა, რომ ძალიან გვიხარია დღეს თქვენი აქ ყოფნა, ეს ჩვენ დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს - მუდმივად ვიზრუნოთ სწავლების ხარისხისა და იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებშიც თქვენ მოგიწევთ სწავლა. სწორედ ეს გვაძლევს იმ სასურველ შედეგს, რასაც სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის ცოდნის მიწოდება და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მომზადება ჰქვია.
მადლობა მობრძანებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!“,- განაცხადა თსსუ-ის რექტორმა.
ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ კითხვები სასწავლო პროცესის, მობილობის, გაცვლითი პროგრამებისა და კლინიკური სწავლების შესახებ. სტუმრების ყველა შეკითხვას ამომწურავად და დეტალურად უპასუხეს რექტორმა, ვიცე-რექტორებმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროგრამების ხელმძღვანელებმა.
ამ დღეს სასიამოვნო აღმოჩენებთან ერთად, აბიტურიენტებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს - უნივერსიტეტისგან მათ თსსუ-ის ბრენდირებული ნივთები გადაეცათ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე და ახალი სემესტრიდან ელოდება სტუდენტების ახალ ნაკადს.