დიაბეტის მქონე მოზარდებს, ბანაკში გამგზავრებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

დიაბეტის მქონე მოზარდებს, ბანაკში გამგზავრებამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექს ჯორჯია“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი წელსაც იმართება.

22 ივნისს, ლაგოდეხში გამგზავრებამდე, ბანაკის მონაწილეები, ტრადიციულად, თსსუ-ში შეიკრიბნენ, სადაც მათ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა. 

„ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა და მრავალმხრივი მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოზარდებს, რათა მათ მიიღონ სიღრმისეული სამედიცინო განათლება საკუთარი მდგომარეობის მართვის შესახებ, რაც მათ დამოუკიდებელ და სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარებათ. გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ფიზიკური აქტივობა და სოციალიზაცია. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობა ამაში მათ ხელს შეუწყობს“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

თსსუ-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე. მან ბავშვებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ბანაკში დროის ნაყოფიერად გატარება უსურვა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ექს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ. მან ბავშვებს ბანაკის ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სპეციალურად შერჩეული პროგრამა მოიცავს ოთხჯერად კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, სისხლში შაქრის სამჯერად კონტროლს, შემეცნებით ტრენინგებსა და მოზარდებისთვის ჯანსაღი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. 

აღნიშნული ამერიკული პროგრამა 1995 წლიდან ხორციელდება. ორგანიზატორები 30 წელია, რაც საქართველოში 12-17 წლის მოზარდებისთვის სამედიცინო, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებს წარმატებით ახორცილებენ.

მიმდინარე წელს ბანაკი 21-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 35 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.