„მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცულობის პრობლემატიკა“ - თსსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

„მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცულობის პრობლემატიკა“ - თსსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“ – დღეს ოფიციალურად გაიხსნა.


კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცულობის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების. მიღწევების  და განვითარების პერსპექტივების განხილვა. 

ღონისძიებამ თავი მოუყარა მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში.

ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა უკვე დავიწყეთ BAU-სთან და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ მუშაობას.

რადიაციული უსაფრთხოება და დაცულობა უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელთა აქტუალობა მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო იზრდება. აღნიშნული თემა მრავალპროფილურია და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ მრავალფეროვნებას ასახავს და მას პრაქტიკულად ყველა შესაბამისი პროფესიული მიმართულების წარმომადგენელი ესწრება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით განათლების განვითარება და  ცნობიერების ამაღლებაა“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ღონისძიების გახსნისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  მიხეილ სარჯველაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რადიაციული მედიცინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რომელიც მისი თქმით, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალური და კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ ღონისძიებაზე ყოფნა.  მედიცინის სწრაფი განვითარების პირობებში თანამედროვე ტექნოლოგიები, ერთი მხრივ, უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. სწორედ ამიტომ აუცილებელია აკადემიურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება, მეტი სიზუსტე როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე მათი პრაქტიკაში დანერგვის პროცესში. ვფიქრობ, ამ საკითხების განსახილველად დღევანდელი კონფერენცია საუკეთესო პლატფორმაა. სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ამ შეხვედრაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო განათლების განვითარების პრიორიტეტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლსა და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

„წელს უკვე მერამდენედ ვესწრები თსსუ-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას და ეს ნამდვილად გვახარებს, რადგან მედიცინის მიმართულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოში არაერთი კერძო სამედიცინო სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება სამედიცინო განათლების განვითარების მთავარი პლაცდარმი. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტმა უკარნახოს ქვეყანას მრავალი მნიშვნელოვანი, მათ შორის სამეცნიერო, ტენდენცია.

ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლესი განათლების რეფორმაზე და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირება აკადემიურ საქმიანობასთან და სექტორთან. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთობლივ პროექტებს, რომელთა განხორციელების მოწმენიც დღეს ვართ“,- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

ღონისძიებაზე, ასევე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირინა იმერლიშვილი.

განსაკუთრებულ მადლობასა და პატივისცემას გამოვხატავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ თსსუ-სთან თანამშრომლობით გაიმართა ეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რადგან იგი სამედიცინო სფეროს წამყვანი უნივერსიტეტია და მრავალი ექიმისთვის ალმა-მატერს წარმოადგენს.

უაღრესად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისია მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის – მათ მომავალი მეცნიერებიც უნდა აღზარდონ.

ეს კონფერენცია საერთაშორისო და სამეცნიერო მნიშვნელობის ღონისძიებაა. მეცნიერება დახურულ სივრცეში ვერ განვითარდება – აუცილებელია საზღვრების გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების თანამშრომლობა, მსჯელობა და პროფესიული დისკუსია. სწორედ ასეთი დიალოგის შედეგად იბადება ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები, რომლებიც საბოლოოდ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება“, – განაცხადა BAU-ის რექტორმა, პროფესორმა ირინა იმერლიშვილმა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOMP) ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ჯონ დამილაკს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. შესაბამისი დიპლომი ჯონ დამილაკს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადასცა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ დარგის ექსპერტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მათ განიხილეს კონფერენციის ძირითადი თემატიკა, სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული დაცვისა და ბიოსამედიცინო კვლევების აქტუალური საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს კონფერენციის ძირითად თემატიკაზე, სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული დაცვისა და ბიოსამედიცინო კვლევების აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა სტუდენტური პოსტერული სესია, რომლის დროსაც მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები და კვლევითი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Radiobiology and Radiation Safety“ (E-ISSN 2720-8087), რომელიც ინდექსირებულია Google Scholar-ში.

26 ივნისს, კონფერენციის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ჯონ დამილაკმა და კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო სპეციალისტებმა  შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან, სადაც განიხილეს საქართველოში სამედიცინო ფიზიკის პროგრამის შექმნა და მისი უნივერსიტეტის ბაზაზე დანერგვა, სამედიცინო ფიზიკოსების მომზადებისა და ლიცენზირების/რეგისტრაციის სისტემა, კლინიკური პრაქტიკისა და რეზიდენტურის მოდელები, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა, კადრების მომზადება და პროგრამის ეტაპობრივი განვითარება.

ორდღიანი კონფერენცია, რომელიც 27 ივნისს ოფიციალურად დაიხურება, ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაციის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერით.