თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის სალომე ვორონოვის ვიზიტი  ზალცბურგში (ავსტრია)

თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის სალომე ვორონოვის ვიზიტი ზალცბურგში (ავსტრია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე სალომე ვორონოვი მონაწილეობდა საერთაშორისო სემინარში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგია“ (Public Health Strategy), რომელიც გაიმართა ზალცბურგში (ავსტრია). 

სემინარი ორგანიზებული იყო Salzburg Maastricht University, Open Medical Institute (OMI)-ისა და American Austrian Foundation-ის მიერ. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული 518 განაცხადიდან მხოლოდ 35 მონაწილე შეირჩა, რომლებიც 27 ქვეყანას წარმოადგენდნენ. 

სასწავლო კურსს უძღვებოდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანმრთელობის პოლიტიკის, ლიდერობის, სამართლისა და ეთიკის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის: პროფესორი კატარზინა ჩაბანოვსკა (მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), პროფესორი სკოტ ბარისი (ტემპლის უნივერსიტეტი, აშშ), პროფესორი სიუზან მ. ბაბიჩი (ინდიანას უნივერსიტეტი, აშშ), ასოცირებული პროფესორი როკ ჰრზიჩი (მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), პროფესორი სალმან რავაფი (იმპერიალ კოლეჯი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), პროფესორი ტონი სმიტი (ბირმინგემის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო) და ფარჰანგ თაჰზიბი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეთიკისა და სამართლის ექსპერტი (გაერთიანებული სამეფო).

სემინარის ფარგლებში გაიმართა ლექციები, ინტერაქტიული სამუშაო სესიები და ჯგუფური პროექტების პრეზენტაციები. პროგრამა მოიცავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიულ დაგეგმვას, ჯანმრთელობის სოციალურ დეტერმინანტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამართალსა და ეთიკას, ლიდერობასა და სისტემური აზროვნების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სალომე ვორონოვის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილმა პროექტმა საუკეთესო პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა, გუნდის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 

საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიული მართვის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებისთვის, ასევე საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.