პროფესორ რემა ღვამიჩავას  ხსოვნას!

პროფესორ რემა ღვამიჩავას ხსოვნას!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია,  სტუდენტები,  მკვლევრები და რეზიდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო.

პროფესორი რემა ღვამიჩავა იყო - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  (თსსუ) ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  თსსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი,  სხივური და ბირთვული მედიცინის ცენტრის დირექტორი, ევროპის ონკოლოგთა სკოლის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ონკოპრევენციის ცენტრის დამფუძნებელი და  გამგეობის თავმჯდომარე,  ევროპის ონკოლოგთა სკოლის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ონკოპრევენციის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2011), ღირსების ორდენის კავალერი (2012), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

პროფესორი რემას პროფესიული, აკადემიური და პირადი ბიოგრაფია  1980-ანი წლებიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიის განვითარების მნიშვნელოვანი ფურცელია.

რემა ღვამიჩავა 1961 წელს დაიბადა, ქართული სამედიცინო აზრის პატრიარქის, რემა  ღვამიჩავას (უფროსის) ოჯახში.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  ინსტიტუტის  (ამჟამად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტის) წარჩინებით დამთავრებისთანავე, 1985 წლიდან, მან სწავლა განაგრძო საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის (მოგვიანებით - ა.ღვამიჩავას სახელობის ნაციონალური ონკოცენტრი)  კლინიკურ ორდინატურაში (1985-1987); 1987-1989 წლებში აქტიურ საექიმო საქმიანობას ეწეოდა ონკოცენტრის კოლორექტული ქირურგიის განყოფილებაში. შემდგომ იგი მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1989 წელს სრულიად ახალგაზრდამ – 28 წლის ასაკში,  წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.  

1994 წლიდან  დღემდე რემა ღვამიჩავას პროფესიული საქმიანობა და აკადემიური განვითარება განუყრელად იყო დაკავშირებული მის Alma Mater-თან. იგი ბრძანდებოდა  თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის კათედრის ასისტენტი (1994-2000), დოცენტი და ასოცირებული პროფესორი  (2000–2014),  პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი   (2014-დან დღემდე).

1998 წელს აშშ-ის ქირურგთა კოლეჯის გრანტის და სტიპენდიის ფარგლებში რემა ღვამიჩავა მიწვეული იყო აშშ-ის სამ წამყვან ონკოკლინიკაში. სწორედ ეს აქტივობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რითაც დასაბამი მიეცა საქართველოს ონკოქირურგიის სკოლის სათანადო წარმოჩენას საერთშორისო ასპარეზზე. ამიტომაც, სრულიად  ბუნებრივი იყო, რომ მოგვიანებით რემა ღვამიჩავა აშშ-ის კოლინჯის და სწორი ნაწლავის ქირურგთა საზოგადოების წევრად აირჩიეს. იგი არაერთი  სხვა ავტორიტეტული  საერთშორისო და ეროვნული პროფესიული ასოციაციის თუ საზოგადოების წევრი ბრძანდებოდა.

ძნელია, რემა ღვამიჩავას ღვაწლის შეფასება საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, კიბოს პოპულაციური რეგისტრის შექმნის და ონკოპრევენციის მიმართულებით განხორციელებული პროგრესული აქტივობების. ამ უმნიშვნელოვანეს და რთულ საქმიანობას პროფესორი რემა არამარტო ეფექტიანად ხელმძღვანელობდა, არამედ უშუალოდ იყო ჩართული  ინიცირებასა და განხორციელებაში.  ამის დასტურია თუნდაც ამჟამად მიმდინარე საერთაშორისო საგრანტო პროექტები ევროკავშირის, ჰორიზონტი 2020-ის და  სლოვაკეთის საელჩოს დონორული მხარდაჭერით, ასევე, შოთა რუსთაველის ეროვნიული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

რემა ღვამიჩავა ყოველთვის და ყველგან წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სასწავლო, კვლევით, საექიმო და ადმინისტრაციულ საქმიანობას, იძლეოდა რა ადამიანური, მოქალაქეობრივი, პროფესიული  თუ  აკადემიური  ურთიერთობების მაგალითს. 

პროფესორი რემა ღვამიჩავა ორი სახელმძღვანელოს, სამი მონოგრაფიის და  არაერთი  მეთოდური რეკომენდაციის,  ასზე მეტი  სამეცნიერო  ნაშრომის   ავტორია, რომელთა  დიდი  ნაწილი  გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ  და  ციტირებად  საერთაშორისო დარგობრივ  პერიოდიკაში.

ძალიან  სამწუხარო და დიდი დანაკლისია, რომ პროფესორი რემა  ადრე  წავიდა  ჩვენგან - ის  ხომ   65 წლის გახდა ორიოდე თვის წინ...  რემა ღვამიჩავა  წავიდა პროფესიული  სიმწიფის ხანაში  და  უაღრესად გულდაწყვეტილი დატოვა  ოჯახი, მეგობრები, კოლეგები, მოსწავლეები.

რემა ღვამიჩავა  ყველა ეტაპზე - როგორც სტუდენტი, მკვლევარი,  ონკოქირურგი, სამედიცინო საქმის ორგანიზატორი თუ  პროფესორი -  იყო თანატოლების,  კოლეგების, სტუდენტების  რჩეული, და  სწორედ ამ  სახით  დაიმკვიდრა მან ადგილი მისი  მშობლიური  უნივერსიტეტის  ოქროს  ფონდში. 

პროფესორ რემა ღვამიჩავას კეთილშობილება, ემპათიურობა, საიმედობა, კოლეგიალობა, მაღალი  პროფესიული და ორგანიზატორული  თვისებები  მუდამ  მისაბაძი იქნება კოლეგებისა  და  მომავალი  თაობებისათვის. 

ბატონო რემა,  თქვენ ძალიან დააკლდებით აკადემიურ საზოგადოებას.

 გემშვიდობებით,  უდიდესი  გულისტკივილით!  

თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი