თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა DAAD-ის პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში საერთაშორისო აკადემიურ და კლინიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება მიიღეს.
სტუდენტებმა ჰანოვერში, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო და კვლევით ცენტრში, მიმდინარე LISA-Lower Saxony International Summer Academy in Infection & Immunology-ში მიიღეს მონაწილეობა.
ლექციებიდან კვლევით ლაბორატორიამდე
პროგრამა აერთიანებდა თანამედროვე იმუნოლოგიისა და ინფექციების მიმართულებით ლექციებს, სამეცნიერო დისკუსიებს, პოსტერების პრეზენტაციებსა და ლაბორატორიულ როტაციებს.
თსსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თეორიული ცოდნა თანამედროვე კვლევით მეთოდებთან დაეკავშირებინათ, ემუშავათ ლაბორატორიებში, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და მკვლევრებს და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში გამოეცადათ.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი სამედიცინო განათლების დაკავშირება კვლევით ნაწილთან, სამეცნიერო პრაქტიკასთან. ვნახე ისეთი მეთოდები, როგორიცაა flow cytometry (FACS), SDS-PAGE და Western blotting. ასევე საინტერესო იყო ვიზიტი Sartorius-ის სათავო ოფისში გოტინგენში, სადაც მეტი გავიგე აკადემიური კვლევისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიების ურთიერთკავშირის შესახებ“, - ამბობს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი ღლიკერია-ილიანა კიკნაძე.
მისთვის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შედეგი სწორედ კვლევების მიმართ ინტერესის გაძლიერება აღმოჩნდა. როგორც სტუდენტი აღნიშნავს, სამეცნიერო მუშაობამ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე, მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაცია.
ექსპერიმენტები და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები
გერმანიაში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი ნია ბოლაშვილი აღნიშნავს, რომ პროგრამის მთავარი ღირებულება უშუალოდ ლაბორატორიულ პროცესში მონაწილეობა იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ლაბორატორიაში მიღებული გამოცდილება იყო. სტაჟირება გავიარე როგორც ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ორგანოების, ასევე ექსპერიმენტული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის კვლევით ლაბორატორიებში, სადაც შესაძლებლობა მქონდა, ჩამეტარებინა ექსპერიმენტები სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით“, - აღნიშნავს ნია ბოლაშვილი.
როგორც თსსუ-ის სტუდენტი ამბობს, იმუშავა ღეროვანი უჯრედების დიფერენცირებაზე, გაეცნო 3D ორგანოიდების გამოყენებას კვლევაში და ექსპერიმენტებში გამოიყენა qPCR, flow cytometry და Western blotting. მისი თქმით, პროექტმა შესაძლებლობა მისცა, მანამდე თეორიულად ნასწავლი მეთოდები რეალურ კვლევით გარემოში გამოეცადა.
თანამედროვე სამეცნიერო კვლევის კიდევ ერთი მიმართულება, რომელმაც თსსუ-ის სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, ღეროვანი უჯრედების კვლევა და უჯრედულ დონეზე დაავადებების მოდელირება იყო.
„ყველაზე მეტად დამამახსოვრდა თანამედროვე ღეროვანი უჯრედების კვლევებთან დაკავშირებული სამუშაო. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის ნახვა, როგორ შეიძლება iPSC-ების გამოყენება დაავადებების მოდელირებისთვის, კვლევისა და სამომავლოდ ახალი თერაპიული მიდგომების განვითარებისთვის. ჩემთვის საინტერესო იყო ის კვლევითი სამუშაოც, რომელიც ცისპლატინთან იყო დაკავშირებული. ასეთ მომენტებში ხვდები, რომ ლექციაზე ან სახელმძღვანელოში ნასწავლი ინფორმაცია რეალურ კვლევაში სხვა მასშტაბს იძენს“. - ამბობს მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი მარიამ პაპავა.
მისი შეფასებით, გერმანიაში განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მჭიდრო კავშირი.
კვლევები და კრიტიკული აზროვნება
კვლევითი გარემოს გაცნობის პროცესში სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამეცნიერო აზროვნების, მონაცემების შეფასებისა და კრიტიკული მიდგომის მნიშვნელობის გააზრებაც.
„უნივერსიტეტში ხშირად ვსწავლობთ უკვე მიღებულ შედეგებს, ხოლო სტაჟირების დროს დავინახე, რამდენი შრომა, დრო და ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ სანდო სამეცნიერო შედეგამდე მიხვიდე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ კვლევაში ერთი შეხედვით პატარა დეტალებიც კი მნიშვნელოვანია. მცირე შეცდომამაც კი შეიძლება საბოლოო მონაცემებზე გავლენა მოახდინოს“, - ამბობს მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი ნინო დილსიზი.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტისთვის ქეთევან ჩიქოვანისთვის კი პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის გააზრება და კლინიკური გამოცდილების სამეცნიერო პროექტად გარდაქმნის შესაძლებლობების დანახვა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება მედიცინაში. მივიღე უფრო მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება კლინიკური გამოცდილება სამეცნიერო პროექტად გარდაიქმნას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია. ამან უფრო მეტი თავდაჯერება მომცა. ვისწავლე, რომ არასდროს არ უნდა შეგეშინდეს აზრის დაფიქსირების“, - ამბობს ქეთევან ჩიქოვანი.
პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებად ის ასევე გუნდურ მუშაობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და საკუთარი იდეების მკაფიოდ წარდგენას გამოყოფს. მისი თქმით, ეს უნარები მომავალ პროფესიულ საქმიანობაში აუცილებლად გამოადგება.
საერთაშორისო გარემო და ახალი პროფესიული კავშირები
როგორც თსსუ-ის სტუდენტები აღნიშნავენ, გერმანელ სტუდენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას საერთო პროფესიული ინტერესებიც აღმოაჩინეს. ისინი ურჩევენ სტუდენტებს მსგავსი შესაძლებლობები აუცილებლად გამოიყენონ და პროგრამაზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ გამოცდილების ნაკლებობის გამო არ გადადონ.
„ვურჩევდი, აუცილებლად გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობა და არ შეეშინდეთ აპლიკაციის გაგზავნის, მაშინაც კი, თუ ფიქრობენ, რომ საკმარისი გამოცდილება ჯერ არ აქვთ. მთავარია, იყვნენ აქტიურები, დასვან კითხვები, გაიცნონ ადამიანები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროგრამაში. ასეთი გამოცდილებიდან ყველაზე მეტს მაშინ მიიღებ, როცა უბრალოდ დამკვირვებელი კი არა, პროცესის აქტიური მონაწილე ხდები“. - აღნიშნავს ერთ-ერთი მონაწილე ქეთევან ჩიქოვანი.
საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე - კვლევის პრეზენტაცია და გამარჯვება
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სტუდენტების მიერ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
„ყველაზე ემოციური იყო კვლევის წარდგენა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და გამარჯვება. როდესაც შენი ნამუშევარი სხვების ყურადღებას იქცევს, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა“. - აღნიშნავს ღლიკერია-ილიანა კიკნაძე.
LISA Summer Academy-ის პოსტერების სესიაზე საუკეთესო ნაშრომის ავტორებად მარიამ შალამბერიძე და ღლიკერია-ილიანა კიკნაძე დასახელდნენ.
„ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყველა მონაწილემ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინა. მე და ჩემი კოლეგა ღლიკერია-ილიანა კიკნაძე ამ მოხსენებაზე საუკეთესო ნაშრომის ავტორებად დაგვასახელეს. ეს ყველაზე ემოციური და განსაკუთრებული მომენტი იყო“. - ამბობს მედიცინის ფაკულტეტის მე-12 სემესტრის სტუდენტი მარიამ შალამბერიძე.
საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი კვლევის წარდგენამ სტუდენტს დაანახა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საკუთარი ადგილის პოვნა რეალური შესაძლებლობაა.
„პროგრამამ მომცა თავდაჯერებულობა, გამიუმჯობესა კომუნიკაციის უნარები და დამანახა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ასპარეზობა სრულიად რეალურია“. – აღნიშნავს მარიამ შალამბერიძე.
პროფესიული გამოცდილება, რომელიც მომავალ არჩევანს განსაზღვრავს
სტუდენტებისთვის გერმანიაში ყოფნა მხოლოდ პროფესიულ და აკადემიურ გამოცდილებას არ უკავშირდებოდა. პროგრამის ფარგლებში მათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობის, კულტურების გაცნობისა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
„პროგრამაში მონაწილეობამ დამანახა კოლეგებთან პროფესიულის გარდა მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლა და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა კიდევ უფრო ამარტივებს პროფესიული კავშირების დამყარებას“. - ამბობს ნია ბოლაშვილი.
თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სირბილაძე გამოყოფს პროფესორ დეპლეჯის ლაბორატორიაში მიღებულ გამოცდილებას, სადაც ტრნმ-ის ნანოსექვენირებაში მიიღო მონაწილეობა. მისი შეფასებით, ამ პროცესმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.
„ლაბორატორიის დიდ ფოკუსს წარმოადგენდა პროგრამირება და ექსპერიმენტების კომპიუტერული ანალიზი, რაც ჩემთვის სრულიად სიახლეს წარმოადგენდა და დამაფიქრა ბიოტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ლაბორატორიულ საქმიანობაში.
ზოგადად, მაინტერესებს საბაზისო მეცნიერებები, კვლევა და ლაბორატორიული საქმე. სტაჟირების პერიოდში ასევე დასამახსოვრებელი იყო ინდუცირებული ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული კარდიომიოციტების ნახვა. ვფიქრობ, ეს ტექნოლოგია სამომავლოდ მედიცინისა და მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა მათი პირადად ხილვის შესაძლებლობა.“ - აღნიშნავს მარიამ სირბილაძე.
გამოცდილების მნიშვნელობაზე საუბრობს ნინო დილსიზიც, რომელიც ჰანოვერში გატარებულ პერიოდზე და საერთაშორისო პროფესიული ქსელის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჰანოვერმა ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი დაგვაკავშირა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ახალმა მეგობრობამ აიღო სტარტი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მომავალში შენთან ერთად შექმნიან პროგრესს“, - აღნიშნავს ნინო დილსიზი.
სტუდენტების შეფასებით, გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ მათი პროფესიული ინტერესებიც უფრო მკაფიო გახადა.
„ამ გამოცდილებით გადავწყვიტე, რომ ნამდვილად მინდა სამეცნიერო კარიერის დაკავშირება მედიცინასთან“, - ამბობს ღლიკერია-ილიანა კიკნაძე.
„ამ პროგრამამ კიდევ უფრო მკაფიოდ დამანახა, რომ მომავალში მინდა მედიცინასთან ერთად სამეცნიერო კვლევაც იყოს ჩემი პროფესიული გზის ნაწილი. განსაკუთრებით მაინტერესებს იმუნოლოგია, გენეტიკა, უჯრედული ბიოლოგია და ახალი თერაპიების განვითარება“, – აღნიშნავს მარიამ პაპავა.
სტუდენტების შეფასებით, გერმანიაში გატარებული სტაჟირების პერიოდი, აღმოჩნდა შესაძლებლობა, საკუთარი თავი არა მხოლოდ როგორც მომავალი ექიმები, არამედ როგორც ახალგაზრდა მკვლევრები, გამოეცადათ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.
სტუდენტების რჩევა - გამოიყენეთ შესაძლებლობა
თსსუ-ის სტუდენტებს სხვა სტუდენტებისთვის ერთი მთავარი რჩევა აქვთ - არ დაელოდონ „სხვა დროს“ და გამოიყენონ შესაძლებლობა, თუნდაც თავიდან საკუთარი გამოცდილება საკმარისად არ მიაჩნდეთ.
„აუცილებლად სცადეთ, მაშინაც კი, თუ თავიდან გეჩვენებათ, რომ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ. არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის, ახალი ადამიანების გაცნობის და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის. ასეთ პროგრამაში მხოლოდ ლექციებზე დასწრება არ არის საკმარისი - მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობა, ესაუბროთ პროფესორებსა და მკვლევრებს და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა პრაქტიკულ საქმიანობაში“, - ამბობს მარიამ შალამბერიძე.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ეს სტაჟირების პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა ახალი ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული კავშირებისა და, რაც მთავარია, საკუთარი მომავალი პროფესიული გზის ახალ ჭრილში დასანახავად.