თსსუ  “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალ 2026-ზე’’  ახალციხეში

თსსუ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალ 2026-ზე’’ ახალციხეში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად მონაწილეობდა “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალ 2026-ში”, რომელიც 12 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ახალციხეში გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში რაბათის ციხის ღია სივრცეში მოეწყო  „მეცნიერების ქალაქი“, სადაც სხვადასხვა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, პარტნიორმა ორგანიზაციამ, სკოლამ და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტები წარადგინეს.  

ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობები შესთავაზა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიკროსკოპის საშუალებით შეესწავლათ მცენარეული ქსოვილები და კრისტალები, დაეთვალიერებინათ ჰერბარიუმის ნიმუშები, გაცნობოდნენ ფერადი რეაგენტების გამოყენებით ქიმიური რეაქციების დემონსტრირებასა და ქრომატოგრაფიული სვეტის საშუალებით ნივთიერებების დაყოფის პროცესს. თსსუ-ის პავილიონში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და თავადვე ეცადათ კაფსულების დამზადება, გელების მომზადება და ალის შეფერადების რეაქციები. 

მონაწილეები ასევე გაეცნენ ტრამვის დროს პირველადი გადაუდებელი დახმარების მეთოდებს, მათ შორის სისხლდენის შეჩერებას, ტურნიკეტის დადებას, ნახვევის დადებასა და იმობილიზაციას. ასევე, შეისწავლეს გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება, მოზრდილებსა და ბავშვებში სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოღების ტექნიკა და მულაჟზე არტერიული წნევისა და პულსის გაზომვის მეთოდები.

თსსუ-ის პროგრამას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა ქირურგიული კერვის ვორქშოპი. დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო ინტერაქტიული გამოკითხვა, გამარჯვებულებს კი თსსუ-ის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

ფესტივალისთვის მოწყობილი სივრცე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ დაათვალიერა.

ფესტივალის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ფესტივალში მონაწილე სხვა ინსტიტუციებს მადლობის სიგელები გადასცა.

2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია “მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო

საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.

ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.