თავი 3
ტკივილის შეფასება, მეთოდები, შკალები, მათი უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები
ქრონიკული ტკივილის შეფასება ტკივილის მართვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი საფეხურია. ის მოითხოვს პაციენტის ტანჯვის არამარტო ფიზიკური პრობლემის, არამედ ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი კომპონენტების აღქმასა და გააზრება-გაგებას. Aამრიგად, ქრონიკული ტკივილის შეფასება ტკივილის ოპტიმალური მართვის ქვაკუთხედია.
პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ რატომ უნდა შევაფასოთ ტკივილი? რა არის ტკივილის შეფასების ძირითადი მიზანი?
ტკივილის შეფასების საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს:
- ინდივიდუალური ტკივილის დახასიათება სტანდარტული სახით;
- ტკივილის ტიპისა და შესაძლო ეტიოლოგიის განსაზღვრა;
- ტკივილის დოკუმენტური აღრიცხვა;
- ტკივილის ინტენსიურობის განსაზღვრა, რათა სწორად შევაფასოთ თერაპიული ჩარევების დონე და მათი ეფექტურობა;
- ტკივილის გავლენის გარკვევა პაციენტზე, ზოგადად, და მის ფუნქციურ შესაძლებლობებზე, კერძოდ;
- ბაზისური მკურნალობის მედიკამენტების შერჩევა ტკივილის ეფექტური მართვისათვის;
- მრავალდარგოვანი გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა.
ტკივილის შეფასებამ უნდა განსაზღვროს:
- ტკივილის მიზეზი,
- მკურნალობის ეფექტურობა,
- ტკივილის გავლენა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხარისხზე.
მოწოდებულია ტკივილის შეფასების ალგორითმი (სურათი 1), ის ეხმარება ექიმსაც, ექთანსაც და პაციენტსაც ტკივილის ხასიათის, ინტენსივობის დადგენაში და ადექვატური მედიკამენტების შერჩევაში.
სურათი1. ტკივილის შეფასების ალგორითმი
ტკივილის შეფასება უწყვეტი პროცესია და მასში პასუხისმგებლობა,Pპირველ რიგში, ეკისრება ექიმს, თუმცა შეფასების გარკვეული კომპონენტები, შესაძლოა, განხორციელდეს ექთნის და პაციენტის ჯანმრთელობაზე მზრუნავი სხვა პირების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ტკივილის შეფასების საფეხურები კარგადაა ცნობილი და პრაქტიკაშიც აპრობირებულია, მათი იგნორირება არცთუ იშვიათი შემთხვევაა. სამწუხაროდ, ტკივილის შეფასების საფეხურების იგნორირებას ტკივილის არასწორი დიაგნოსტიკა და არაადექვატური მართვა მოსდევს შედეგად.
ტკივილის შეფასების საფეხურები მოიცავენ შემდეგ ძირითად კომპონეტებს:
- დაიჯერეთ პაციენტის ჩივილი ტკივილზე - ეს საფუძველს უქმნის ყველა დანარჩენს ტკივილის შეფასებაში.
- წამოიწყეთ დისკუსია ტკივილზე – პაციენტის უშუალო გამოკითხვა, (მხედველობაში მიიღეთ პაციენტის ვერბალური მინიშნებები და სხვათა ჩანაწერები ტკივილზე);
- შეაგროვეთ ტკივილის დეტალური ანამნეზი;
- რაოდენობრივად შეაფასეთ ტკივილის ინტესიურობა;
- შეაფასეთ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა - დეპრესია ჩვეული პრობლემაა ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში და მის საწინააღმდეგო მკურნალობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ტკივილის მართვაზე;
- განახორციელეთ პაციენტის ფიზიკური გასინჯვა – მით უმეტეს, თუ საეჭვოა ტკივილის მიზეზი და, თუ გასინჯვის მონაცემები გავლენას მოახდენენ ტკივილის მართვაზე;
- მოახდინეთ მკურნალობის შედეგების მონიტორინგი – ტკივილის შეფასება უწყვეტი პორცესია და. შესაძლოა, სჭირო იყოს ცვლილებების შეტანა მკურნალობაში დაავადების ან ტკივილის პროგრესირების შესაბამისად.
როგორც ზემოთ აღწერილი საფეხურებიდან ჩანს, ტკივილის შესაფასებლად აუცილებელია შევისწავლოთ ტკივილის ანამნეზი (ტკივილის ხანგრძლივობა, ინტენსივობა, ლოკალიზაცია, ტიპი, ფაქტორები, რომლებიც აძლიერებენ ან ამცირებენ ტკივილს; დღის განმავლობაში ტკივილის დაწყების დრო, ადრე გამოყენებული ანალგეტიკები და მათი ეფექტურობა).
უამრავი მეთოდი არსებობს ტკივილის ანამნეზის შესაგროვებლად. პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ მეთოდს გამოვიყენებთ, მთვარია, ის სრული, თანმიმდევრული და სიტემატური იყოს. ქვემოთ განხილულია რამოდენიმე მეთოდი, რომლებიც, ძირითადად, ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სხვადასხვა კლინიკები რომელიმე ერთ მათგანს აძლევენ უპირატესობას (საკუთრივ კლინიკაში შემუშავებულს ან ტკივილის შეფასების პრაქტიკაში აპრობირებულსა და ფართოდ დამკვიდრებულს), ზოგჯერ იმის გათვალისწინებით, თუ ვინ აგროვებს ტკივილის ანამნეზს პაციენტისგან, ექიმი, ექთანი თუ სხვა პირი.
ბეიტსის (Bates, 1991) მოწოდებით, ტკივილის შეფასების პროცესში ტკივილის ანამნეზის შეგროვების კრიტიკული კომპონენტებია: ტკივილის აღწერილობის, ინტენსიურობის, ხანგრძლივობის, შემამსუბუქებელი და გამაძლიერებელი ფაქტორებისა (მცენარეული პრეპარატები, ალკოჰოლი ან გაღიზიანება) და ნებისმიერი ტკივილთან დაკავშირებული ფაქტორების ან მკურნალობის გვერდითი მოვლენების (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შფოთვა ან დეპრესია) განსაზღვრა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ტკივილის მკურნალობა არ მოხდეს ძირითადი დაავადებისგან იზოლირებულად და ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პაციენტის პირველადი გამოკვლევისას, ტკივილის შეფასების პროცესი უნდა იყოს უფრო ფართო და ამომწურავი, რომელიც, შეიძლება, მოიცავდეს დამატებით კითხვებს:
- აღინიშნება თუ არა ტკივილი ანამნეზში?
- რა არის პაციენტის დიაგნოზი და როგორია მისი ავადმყოფობის ისტორია? (დიაბეტი, ართრიტი და ა.შ.)
- აღინიშნება თუ არა ქირურგიული ჩარევა ან მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია ანამნეზში?
- ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე ტრავმას?
- ხომ არ არის გულის და ფილტვის დაავადებები, ინფარქტი ან ჰიპერტენზია ანამნეზში?
- იღებს თუ არა პაციენტი რაიმე მედიკამენტს (ტკივილის შესამცირებლად, თუ დიახ, შველის თუ არა ის მას)?
- აქვს თუ არა პაციენტს ალერგია რაიმეზე (საკვები ან მედიკამენტები)?
- აღინიშნება თუ არა ტკივილი ღრმად ჩასუნთქვის დროს?
- როგორია პაციენტის ფსიქოლოგიური სტატუსი (დეპრესია, დემენცია, აგზნებადობა)?
- როგორია პაციენტის ფუნქციონალური სტატუსი, აქტიურობისა და ყოველდღიური ცხოვრების ჩათვლით?
ტკივილის დეტალური ანამნეზის შესაგროვებლად და, გარკვეულწილად, მის შესაფასებლად ქვემოთ განვიხილავთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ მეთოდს, რომელსაც OPQRSTUV მეთოდს უწოდებენ ინგლისური აკრონიმის გამოყენებით, რომლებიც შესაბამისი სიტყვების პირველი ასოების ნაკრებით არის წარმოდგენილი. ჩვენ შევეცადეთ შესაბამისი ქართული აკრონიმიც და სიტყვებიც მოგვეწოდებინა (ცხრილი5).
ცხრილი 5. ტკივილის სინდრომის ანამნეზის შეგროვების OPQRSTUV მეთოდი
ტკივილის შეფასების კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ე.წ. ვილდა (WILDA) გაიდლიანი თავდაპირველად შემუშავებულ იქნა 1996 წელს კოლორადოს უნივერისიტეტის ჰოსპიტალში ჩრდილოეთ ამერიკაში, დენვერის შტატში იმ მიზნით, რომ გაემარტივებინათ ტკივილის შეფასების პროცესი საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის (ექთნებისათვის და სხვა ჯანმრთელობის დარგის პროფესიონალთათვის). ამ გაიდლიანს ლამინირებული ბარათის სახე აქვს და მისი ტარება შესაძლებელია სამედიცინო ფორმის ჯიბეში.
ტკივილის შეფასების ვილდა მიდგომის გამოყენება უზრუნველყოფს ტკივილის შეფასების 5 ძირითადი კომპონენტის ჩართვას შეფასების პროცესში. ეს კომპონენტებია:
- სიტყვები
- ტკივილის ინტენსიურობა
- ლოკალიზაცია
- ხანგრძლივობა
- გამაძლიერებელი და მაპროვოცირებელი ფაქტორები
ვილდა მეთოდი არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულყოფილია, მაგრამ ის საშუალებას აძლევს კლინიცისტს მიიღოს ძირითადი ინფორმაცია პაციენტის ტკივილის შესახებ.
დეტალურად განვიხილოთ ტკივილის შეფასების 5 ძირითადი კომპონენტი ვილდას მეთოდის მიხედვით.
სიტყვები
ტკივილის შეფასება იწყება მარტივი სიტყვიერი წინადადებით: „მიამბეთ თქვენი წუხილის - მიზეზის შესახებ“. პაციენტის ჩივილი „მე ტკივილის მაწუხებს“, არასაკმარის ინფორმაციას იძლევა ტკივილის ტიპის შესახებ. გასათვალისიწინებელია, რომ პაციენტს, შესაძლოა, ერთზე მეტი ტიპის ტკივილი აწუხებდეს, ამიტომ მიზანშეწონილია ექთანმა პაციენტს შემდეგი შეკითხვები დაუსვას:
· „როგორ შეიგრძნობთ ტკივილის“, ანუ „როგორ შეგიძლიათ აღწეროთ ის, რაც გაწუხებთ?“
რამდენადაც სხვადასხვა ტიპის ტკივილი სხვადასხვა სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს, დამატებით ასეთი კითხვა უნდა დაუსვან პაციენტს:
· რა სიტყვებს გამოიყენებდით, თქვენი ტკივილის ბუნების გამოსახატავად?
ზოგიერთი პაციენტი, შეიძლება, არ უჩიოდეს ტკივილს და მხოლოდ ის აღნიშნოს, რომ დისკომფორტს გრძნობს, ან დაძაბულია, ან კრუნჩხვები აწუხებს.
ვილდას მეთოდის გამოყენებით ტკივილის აღწერა ეხმარება ექთანს უკეთ გაიგოს ტკივილის ეტიოლოგია და გამოიყენოს ის ტკივილის მკურნალობაში.
კიბოს მქონე პაციენტები, შესაძლოა, სხვადასხვა სახის ტკივილს განიცდიდნენ (მაგ., ნეიროპათიურს, სომატურს, ვიცერალურს, ...), რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ზედსართავი სახელების გამოყენებით გამოხატავენ (ცხრილი 6).
ცხრილი 6. ტკივილის ტიპები/სახეები
ინტენსივობა
ტკივილის ინტენსიურობა შეიძლება რაოდენობრივად გაიზომოს. ამ მიზნით იყენებენ რიცხობრივი შეფასების შკალას, სახის შკალას, ვერბალურ შკალას ან თერმომეტრის შკალას. ტკივილის ინტენსიურობის შესაფასებლად დღეისათვის 600-ზე მეტი საზომი ინსტრუმენტია მოწოდებული სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებისათვის. ტკივილის ინტენსიურობის განსაზღვრა წარმოებს როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე პაციენტზე მზრუნველი პირის (ოჯახის წევრი, სოციალური მუშაკი ან სხვა, და თვით პაციენტის მიერ. როცა პაციენტი 0-დან 10-მდე ნუმერაციული (რიცხობრივი) შკალის გამოყენებით თავად აფასებს არსებული ტკივილის ინტესიურობას სამედიცინო ჩარევამდე და ჩარევის შემდგომ, ასევე ჩარევიდან წინა 24 საათის განმავლობაში, ეს მნიშვნელოვნად ეხმარება პაციენტზე მზრუნველს შეაფასოს, გაუარესდა თუ გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა.
ვონგ-ბაიკერის (Wong/Baker) ფაციალური რანჟირების შკალა ნუმერაციული შკალის ვიზუალური ასახვაა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი პედიატრიული პაციენტებისათვის იყო შემუშავებული, ამჟამად ის ფართოდაა მოწოდებული და მიღებული ხანდაზმული პაციენტებისათვის და მათთვის, ვისაც ენობრივი პრობლემები ან ბარიერები ექმნებათ სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობებში. (ტკივილის ინტესიურობის საზომი შკალები დეტალურადაა განხილული ამავე თავის ქვეთავში - „ტკივილის შეფასების (საზომი) შკალები“).
ტკივილის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფები ტკივილის მხრივ რისკის ქვეშ არიან. ამ ჯგუფებში შედიან:
- უმცირესობების წარმომადგენლები;
- ხანდაზმულები (>70 წლის ასაკის ზევით);
- ბავშვები;
- ქალები;
- ისინი, ვისაც აღენიშნებათ ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებებისადმი ლტოლვა და მიჩვევა;
- ისინი, ვისაც შიშები აქვს პოსტოპერაციული პრობლემებისადმი;
- ისინი, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს ტკივილის ოპტიმალური მართვის მიმართ;
- ისინი, ვისაც ქრონიკული ტკივილი და პოსტოპერაციული ტკივილის ანამნეზი აქვთ;
- ისინი, ვინც “ჯანმრთელად გამოიყურებიან“;
- ისინი, ვინც ზეზღურბლოვან, გამჭოლ, შეტევით ტკივილს (იხ. ქვემოთ) განიცდიან;
- ისინი, ვისაც მეტასტაზები აქვთ ძვლებში ან ნეიროპათიური ტკივილით იტანჯებიან.
ლიტერატურული წყაროები ამყარებენ იმ აზრს, რომ ამ და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც საზოგადოებისაგან მარგინალურ პირობებში იმყოფებიან, პრობლემები ექმნებათ ტკივილის ადექვატურად შეფასებასა
და სათანადო მკურნალობის მიღებაში. იმის ცოდნა, თუ ვინ არის რისკი ქვეშ არაოპტიმალური მკურნალობის მხრივ, საშუალებას იძლება ამაღლდეს სამედიცინო მომსახურების დონე და გაუმჯობესდეს კომუნიკაცია კლინიცისტებსა და პაციენტებს შორის.
ლოკალიზაცია
ტკივილი შეიძლება ერთ ან მეტ ადგილას შეიგრძნობოდეს. საგულისხმოა, რომ კიბოს მქონე პაციენტთა 75%-ზე მეტი ტკივილს ორ ან მეტ ადგილას გრძნობს. ამიტომ პაციენტს ეკითხებიან ადამიანის სხეულის სქემაზე მიუთითოს მტკივნეული წერტილები. გარდა იმისა, რომ ტკივილის ლოკალიზაციის დადგენა სწორი დიაგნოსტიკის მიზანში შედის, ტკივილის მკურნალობის და მისი ეფექტურობის შეფასებისა და განმეორებითი შეფასების მიზნით ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ექიმები და ექთნები და ისინი, ვინც პაციენტის მკურნალობაში არიან ჩართულნი ერთი და იგივე ტკივილის შესახებ საუბრობდნენ. ამ თვალსაზრისით ტკივილის ლოკალიზაციის დაფიქსირება ტკივილის საააღრიცხვო ფორმასა და პაციენტის სამედიცინო ბარათსა თუ ისტორიაში სავალდებულო მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ტკივილის ლოკალოზაციის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება სხეულის სქემები და დიაგრამები. ამ სქემების (სურათი 2) საშუალებით პაციენტები მტკივნეულ წერტილებს ან ადგილებს, ასევე ტკივილის ირადიაციას აღნიშნავენ.
სურათი 2. ტკივილის შეფასების სხეულის სქემები
ტკივილის შეფასებისთვის გამოიყენება სპეციალური „ტკივილის შეფასების ფურცელი (სურათი 3), რომელიც ანამნეზის შესაგროვებლად და ტკივილის მართვის ტაქტიკის შესამუშავებლად უფრო სრულიყოფილია.
ხანგრძლივობა
ზოგიერთ პაციენტს ეპიზოდური ხასიათის ტკივილი აწუხებს, ზოგს კი - მუდმივი ხასიათის. ტკივილის ხანგრძლივობის ცოდნა საჭიროა ტკივილის გასაყუჩებელი მედიკამენტის სახის განსაზღვრისა და შესაბამისი ადექვატური თერაპიის სტრატეგიის შესარჩევად.
პაციენტისათვის შეკითხვის დასმა იმის შესახებ, თუ როგორი ხანგრძლივობისაა ტკივილი (მუდმივი, ანუ პერსისტირებული, თუ ხანგამოშვებითი {გამჭოლი - შეტევითი{, ან ორივე სახის) ექთანს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება სამედიცინო ჩარევის მხრივ.
მაპროვოცირებელი და გამაძლიერებელი ფაქტორები
პაციენტს უნდა დაესვას შეკითხვა იმის შესახებც, თუ რა ამსუმბუბუქებს ან რა აძლიერებს ტკივილს, ამ შეკითხვებში იგულისხმება ასევე მიღებული სამკურნალო საშუალებების ეფექტი ან ჩატარებული მასაჟის შედეგი, გუნება-განწყობილების ცვლილებები და სხვა მსგავსი. ასევე ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ტკივილის პროვოცირება მოახდინონ. ამ კითხვებზე პასუხი და იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც აძლიერებენ ტკივილს, საშუალებას იძლევა ტკივილის მკურნალობის გეგმაში დამატებით იქნეს გათვალისწინებული, მაგ., რელაქსაცია, მასაჟი, მოძრაობები და სხეულის პოზიციის შეცვლა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ტკივილის შეფასებაში შედის ტკივილის ხელშემწყობი ფსიქოსოციალური ფაქტორებისა და სხვა სიმპტომების არსებობის გარკვევა, ადრე ჩატარებული მკურნალობის შედეგების გათვალისწინება და პაციენტის ცოდნის დონის განსაზღვრა ტკივილის პრობლემის თაობაზე.
სხვა ფაქტორები
ტკივილის შეფასების პროცესში ყურადღებას აქცევენ სხვა ფაქტორებსაც. მათში შედიან ტკივილის ხელშემწყობი ფაქტორები ან გვერდითი მოვლენები, რომლებიც ტკივილს და მის მკურნალობას უკავშირდებიან. ესენია:
- გაბრუება,
- ყაბზობა,
- უძილობა,
- გულისრევა,
- ძილიანობა,
- შარდის შეკავება,
- ღებინება,
- სისუსტე
ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება აიტანოს ეს სიმპტომები დამატებითი მკურნალობის ჩატარების გარეშე, მაშინ როცა სხვებს, შესაძლოა, დახმარება დასჭირდეთ მათ სამართავად. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალს შეუძლია საჭიროების შესაბამისად, შეცვალოს მედიკამენტები ან შესწორება შეიტანოს მათ დოზირებაში.
ტკივილის შეფასების პროცესში გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც, არც თუ იშვიათად, ყურადღების მიღმა რჩება; როდესაც სამედიცინო პერსონალი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, თავის მხრივ, პაციენტიც აფასებს სამედიცინო პერსონალს. აქედან გამომდინარეDდიდი მნიშვნელობა აქვს:
- მხედველობით კონტაქტს პაციენტთან;
- მკაფიო შესავლის გაკეთებას საუბრის და გამოკითხვის წამოწყებისას;
- პაციენტისათვის გასაგები ენისა და ტერმინების გამოიყენებას.
გარდა ამისა, საჭიროა:
- ზედმეტი ფამილარობისაგან და მფარველობით დამოკიდებულებისაგან თავშეკავება;
- პაციენტსთვის სამოქმედო გეგმის ახსნა;
საუბრის დამთავრებისას ან ანამნეზის შეგროვებისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს და შეჯამდეს პაციენტის ნათქვამი: ამ მიზნით პაციენტს უნდა დაესვას შეკითხვა, - “სწორად გაგიგეთ....?”;
ამ მოთხოვნების დაცვა აუცილებელია პაციენტთან ნებისმიერი კონტაქტის დროს და არამხოლოდ, პირველადი გასიჯვისა და ანამნეზის შეგროვებისას.
როგორც უკვე აღინიშნა, ტკივილის შეფასება უწყვეტი პროცესია ის რეგულარულად უნდა ტარდებოდეს მკურნალობის შედეგებისა და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტკივილის ეფექტური შემსუბუქება ან სრული მოხსნა.
ტკივილის ფიზიკალური და ფუნქციონალური შეფასებისას აუცილებელია პაციენტის ქცევასა და სასიცოცხლო ნიშნებზე დაკვირვებაც, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტკივილის შეფასებისას უნარშეზღუდულ, ხანდაზმულ და ბავშვთა ასაკის პაციენტებში.
ტკივილის შეფასების სრულყოფილი დოკუმენტირება
ტკივილის შეფასების სრულყოფილი დოკუმენტირება შემდეგ საკვანძო კომპონენტებს მოიცავს: ტკივილის განცდის აღწერას იმ ინფორმაციის ჩათვლით, რაც კარგად დაახასიათებს ტკივილის ბუნებას (მაგ., მუდმივი, ხანგამოშვებითი, ეპიზოდური), ლოკალიზაციას, ხანგრძლივობას, მასზე მოქმედ ფაქტორებს, გავლენას ორგანიზმის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე, ძილზე, მადაზე, გუნება-განწყობილებაზე და ა.შ.
ტკივილის შეფასების სრულყოფილი დოკუმენტირების მიზნით გამოიყენება სპეციალური სააღრიცხვო ფორმები. ერთ-ერთი მათგანი მოცემულია ქვემოთ სურათზე (3). სხვა ფორმები დართულია ამ თავის ბოლოში.
სურათი 3. ტკივილის შეფასების ფურცელი
რისი გაკეთება შეიძლება ტკივილის შეფასების პროცესის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად?
პირველ რიგში, როგორც წესი, პაციენტის მიერ აღწერილი ტკივილი სამედიცინო პერსონალმა უნდა მიიღოს ინფორმაციის ზუსტ და ძირითად წყაროდ.
მეორე, რამდენადაც ეს დროში შეზღუდული მომსახურების პირობებშია შესაძლებელი, პაციენტს უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი სიტყვებით აღწეროს. იმ პაციენტებს, ვინც არაკომფორტულად გრძნობენ თავს ტკივილის საკუთარი სიტყვებით გადმოცემაში, ექთანმა, შეიძლება, სპეციალური ბარათები შესთავაზონ, რომლებზეც მარტივად იქნება დაწერილი შესაფერისი სიტყვები და პაციენტს შეეძლება ყველაზე კარგად და ადვილად შეარჩიოს შესატყვისი აღწერილობა. ამ შემთხვევაში ძირითად მიზანს წარმოადგენს პაციენტის მოსმენა და არა პოტენციურად ყალბი შეფასების გაკეთება და მცდარი კლინიკური გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც პაციენტზე დაკვირცების საფუძველზე.
მესამე, აქტიურად უნდა იქნას გაანალიზებული, თუ რას ამბობს პაციენტი. ექთანმა ყურადღების ფოკუსირება უნდა მოახდინოს პაციენტზე, მის ქცევასა და სხეულის ენაზე და მოახდინოს სიტყვების პერეფრაზირება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა, მიღებულ ინფორმაციაში დარწმუნება. ემოციურად დატვირთული შეხვედრების დროს, ექთანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ასევე არავერბალურ გამოხატულებებს.
მეოთხე, სხეულზე ტკივილის ადგილი შეიძლება განისაზღვროს პაციენტისთვის სურათების ჩვენებით, რომელებზეც ადამიანის სხეულია გამოსახული (სულ მცირე, წინა-უკანა ხედით). პაციენტმა უნდა მიუთითოს ტკივილის ძირითად და მრავლობით არეებზე და ირადიაციაზე.
მეხუთე, ტკივილის შეფასების შკალები გამოყენებულ უნდა იყოს ტკივილის სიძლიერის შესაფასებლად.
მეექვსე, იმ შემთხვევაში, როცა ძალზე მნიშვნელოვანია ტკივილის მართვა, (როცა სავალდებულო არაა დიაგნოზისთვის დალოდება) ტკივილის შეფასების პროცესშივე უნდა დადგინდეს ტკივილის მიზეზი და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა, თუ ეს შესაძლებელია, რათა მოხდეს ტკივილის პრობლემის ხანგრძლივი პერიოდით მოგვარება.
ტკივილის შეფასების (საზომი) შკალები
ქრონიკული ტკივილის სინდრომის ინტენსიურობის შეფასებას სპეციალური შკალების (მაგალითად, ვიზუალური ანალოგის) ან ანკეტური ტესტების მეშვეობით (მაგალითად, მაკ-გილის ტკივილის კითხვარი) ატარებენ.
ყველაზე მარტივი და გამოსაყენებლად მოხერხებულია 5-ქულიანი ვერბალური შკალა. მას ავსებს თვით პაციენტი ან ექთანი პაციენტის სიტყვებზე დაყრდნობით (0 ქულა _ ტკივილი არ არის, 1 _ სუსტი ტკივილი, 2 _ ზომიერი ტკივილი, 3 _ ძლიერი ტკივილი, 4 _ გაუსაძლისი, 5 _ უძლიერესი ტკივილი).
საქართველოში ისევე, როგორც სხვა ქვეყანებში, იყენებენ რიცხვობრივი შეფასების შკალას, რომელიც ადაპტირებულია ჯანმოს ტკივილის მართვის სამსაფეხურიან პროტოკოლთან, რომლითაც პაციენტი თავად აფასებს ტკივილის სიძლიერეს 0-დან 10 ქულამდე (0 ქულა _ ტკივილი არაა, 1-3 _ სუსტი ტკივილი, 4-6 _ საშუალო ტკივილი, 6 ქულაზე მეტი _ უძლიერესი ტკივილი, რომელიც ამ კონკრეტულ პაციენტს ოდესმე განუცდია ან წარმოუდგენია გაუსაძლისი ტკივილი), თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტკივილის შეფასების უამრავი შკალა არსებობს და მათი გამოყენება პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და/ან ტკივილის აღქმის უნარზეა დამოკიდებული. ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ხშირად და ფართოდ გამოყენებული შკალის მოკლე დახასიათება, ხოლო ამ თავის ბოლოში დართულია ყველაზე ხშირად გამოყენებული შკალების ნიმუშები.
ტკივილის შეფასების (საზომი) შკალების მოკლე დახასიათება
შკალათა დიდი უმრავლესობა ტკივილს გაზომვადს ხდის, პაციენტს შეუძლია აღნიშნოს, რომ მას აწუხებს სუსტი (მსუმბუქი), ზომიერი ან ძლიერი ტკივილი.
შესაძლებელია ტკივილის ზღურბლისა და ტკივილის ინტენსიურობის დინამიკის განსაზღვრა, რაც აადვილებს შესაბამისი მკურნალობის დადგენას.
1. “ვონგ ბეიკერის ფაციალური ტკივილის შეფასების ფაციალური შკალა (Wong Baker Faces Pain Scale)” აერთიანებს სურათებსა და რიცხვებს, რათა მათი საშუალებით ქულებით შეფასდეს ტკივილი. ეს შკალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვებში (სამი წლის ასაკის ზევით) და მოზრდილებში. სახეები იცვლება მომღიმარიდან შეწუხებული, მტირალა გამომეტყველებამდე. თითოეულ გამომეტყველებას შეესაბამება შესაბამისი რიცხვი, სულ, მათი რაოდენობა – 6-ია.
2. მიაჩნიათ, რომ სამედიცინო მომსახურების სფეროში ყველაზე ხშირად გამოიყენება ნუმერაციული (Numerical Scale) ანუ რიცხვობრივი შკალა. ის ტკივილის მქონე პირს საშუალებას აძლევს რიცხვების გამოყენებით შეაფასოს ტკივილის ინტენსივობა. ეს შკალა გამოიყენება 9 წელზე მეტი ასაკის პირების მიერ. რიცხობრივი შკალა მათ შესაძლებლობას აძლევს სიტყვიერად შეაფასონ ტკივილი 0 დან 10 ქულიანი სისტემით. შკალაზე “0” - ტკივილის არარსებობას უჩვენებს, ხოლო “10” - ყველაზე ძლიერს გამოხატავს.
3. ფლაკკი (FLACC) ინგლისური სიტყვების აბრევიატურაა და აღნიშნავს სახეს, კიდურებს, ფიზიკურ აქტიურობას და სიმშვიდის შენარჩუნების უნარს. Eეს შკალა გამოიყენება დამკვირვებლის ექიმის ან ექთნის მიერ. ფლაკკის შკალა შეიქმნა 2-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის, თუმცა, ის, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მოზრდილთა მიმართ, ვისაც არ შეუძლია სიტყვიერად აღწეროს საკუთარი ტკივილი. ასეთი პაციენტები ხშირად რეანიმაციული განყოფილებების პაციენტები არიან.
ფლაკკის შკალას (ცხრილი 7) ხუთი კრიტერიუმი გააჩნია, თითოეულ მათგანს აფასებენ სამი ქულით, ესენია: 0, 1, და 2.
ცხრილი 7. ტკივილის ფლაკკის (FLACC) შკალა
4. ტირილის ტკივილის შკალა (CRIES Pain Scale) ხშირად გამოიყენება ნეონატალურ განყოფილებებში. ის, ძირითადად, მოწოდებულია ტკივილის სამედიცინო დაწესებულებაში გასაზომად. ეს შკალაც ექიმის ან ექთნის მიერ ივსება. შკალა აფასებს ტირილს, ოქსიგენაციას, სასიცოცხლო ნიშნებს, სახის გამომეტყველებასა და უძილობის დონეს.
ტირილის შკალა, როგორც წესი, გამოიყენება 6 თვის და უფრო მცირე ასაკის ჩვილებში (ცხრილი 8).
ცხრილი 8. ტკივილის ტირილის შკალა
5. კომფორტ შკალა (COMFORT Scale) ტკივილის ის შკალაა, რომელიც გამოიყენება ექიმის ან ექთნის მიერ იმ პირების მიმართ, ვისაც არ შეუძლია პირადად დაახასიათოს ან ქულებით შეაფასოს ტკივილი.
ამგვარი კატეგორიის პირებს განეკუთვნებიან:
- ბავშვები,
- აღქმის უნარშეზღუდულები,
- მოზრდილები, ვისაც დროებითი პრობლემა აქვს აღქმის მხრივ (მკურნალობასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით),
- სედაციაზე მყოფი პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებებში ან საოპერაციო ბლოკებში.
კომფორტ შკალა ტკივილს აფასებს 9-45-ი ქულის ფარგლებში.
6. მაკგილის ტკივილის კითხვარი (MacGill Pain Questionnaire) შედგენილია სიტყვებით ან სიტყვათა ჯგუფებით, რომლებიც ტკივილს ახასიათებენ. ტკივილის სიმპტომის მქონე პირი ქულებით თვითონ აფასებს ტკივილს. ამის მაგალითად გამოდგება ისეთი სიტყვები, როგორიცაა: მჭრელი, მღრღნელი, მწველი და სხვ. მას შემდეგ, რაც ტკივილის მქონე პირი ამგვარი სიტყვებით დაახასიათებს თავის ჩივილს, დამკვირვებელი ტკივილს შეაფასებს რიცხობრივ შკალაზე შესაბამისი ქულით, რასაც ტკივილის შეფასების ინდექსი ეწოდება.
ტკივილის ინტესიურობის შეფასების ექვს ძირითადი ასპექტს განიხილავენ. ესენია: ფიზიოლოგიური, სენსორული, აფექტური (ემოციური), შემეცნებითი (აღქმითი), ქცევითი და სოციალურ-კულტურალური.
ტკივილის ინტენსიურობის ინტრუმენტალური შეფასებისადმი ორ მიდგომას განიხილავენ: პირველია ერთგანზომილებიანი მიდგომა, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა კლინიცისტს ტკივილის ერთი კომპონენტის შეფასება უნდა, მაგ., ტკივილის ლიკალიზაციის ან ინტესიურობის, ან გაყუჩების დონის. შეფასებისადმი მეორე მიდგომა მრავალგანზომილებიანი მეთოდია, როცა ერთდროულად ხდება ორი ან მეტი ასპექტის შესაფასება ერთი და იგივე ინსტრუმენტის ან რამოდენიმე ინსტრუმენტის კომბინირების საშუალებით. მრავალი ინსტრუმენტია შექმნილი ფსიქოლოგების, ექიმების, ექთნების და სხვათა მიერ ტკივილის სხვადასხვა ასპექტების შესაფასებლად.
ტკივილის ინტენსიურობის ინსტრუმენტული შეფასების მონაცემების დოკუმენტირება ტკივილის მართვის ძირითადი გასაღებია. ამიტომ ტკივილის შეფასების ინსტრუმენტის შერჩევა ფრთხილი და ძალზე ყურადსაღები პროცესია.
ბუნებრივია, თითოეულ შკალას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია. ქვემოთ ცხრილში მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებადი შკალების დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები. (ადაპტირებული Richard A. Rovel და სხვათა მიერ).
ცხრილი 9. ყველაზე ხშირად გამოყენებადი შკალების დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები
დასკვნა:
ტკივილი კომპლექსური ფენომენია, რომელშიც ჩართულია სენსორული, ემოციური და ქცევითი ფაქტორები, სწორედ ამიტომ, ტკივილის შეფასება ყველა ასპექტს უნდა მოიცავდეს. ტკივილის აკურატული და ყოველმხრივი და უწყვეტი შეფასება ტკივილის წარმატებული მართვის ქვაკუთხედია და მის ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. ყოველივე ეს კი მტკიცე საფუძველს ქმნის ტკივილის ხანგძლივი და ეფექტური მართვის, მკურნალობისა და პრევენციისათვის.
ყველაზე ხშირად გამოყენებული ტკივილის ინტენსივობის შეფასების ინსტრუმენტები/შკალები:
ტკივილის შეფასების გაიდლიანი, ვილდა მეთოდი
(დეტალურად აღწერილია ზემოთ)