ქრონიკული ტკივილის სინდრომი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, აქტუალური, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პრობლემაა მსოფლიოში. ბოლოდროინდელი სამედიცინო ლიტერატურული მონაცემების თანახმად, გლობალურად, მოზრდილი მოსახლეობის 20%-ს ტკივილი აწუხებს, ხოლო 10-დან ერთ ადამიანს ქრონიკული ტკივილის დიაგნიზს უსვამენ ყოველწლიურად. მაღალია ტკივილის ეკონომიკური ტვირთიც, ის მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 3%-ს შეადგენს.
ტკივილის ეტიოლოგია ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი რისკ-ფაქტორები. ქრონიკულ ტკივილის სინდრომს თანსდევს მრავალი სერიოზული და რთული გართულება, როგორიცაა დეპრესია, ინსომნია (ღამის ძილის რეჟიმის დარღვევა), მოძრაობის შეზღუდვა, გუნებაგანწყობის მოშლა, ანორექსია (უმადობა), ასთენია (ზოგადი საერთო სისუსტე), შრომითი უუნარობა, სოციალური კავშირების გაწყვეტა და საზოგადოებისაგან იზოლაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ტკივილის სინდრომი ისევე ფართოდაა გავრცელებული, როგორც სხვა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, ავთვისებიანი, ენდოკრინული), მას ბოლო დრომდე, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არასათანადო ყურადღებას აქცევდნენ, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქრონიკული ტკივილი არ წარმოადგენს მარტივ საკითხს როგორც მისი არსის, ისე სახეობების, გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მხრივ. ამ პრობლემის გადაწყვეტაში სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ელემენტარული განათლება, რათა მათ მარტივად შეძლონ ქრონიკული ტკივილის წარმოშობის მიზეზში გარკვევა (ნაწილობრივ მაინც), ტკივილის სიძლიერის რეალური შეფასება თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მიმართონ შესაბამისი სპეციალობის ექიმს სამედიცინო დახმარებისათვის.
1. ქრონიკული ტკივილის სინდრომს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ განიხილავენ როგორც მრავალფაქტორულ კომპლექსურ, ცალკე აღებულ ნოზოლოგიურ დაავადებას (თუმცა, ბოლო დროს ამ მხრივ ჩვენ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა);
2. არაადექვატური და არერთგვაროვანია დამოკიდებულება ტკივილის სინდრომის მართვის მრავალდარგოვანი მიდგომისადმი;
3. იგნორირებულია პაციენტის, როგორც მთავარი ფიგურის, გადამწყვეტი როლი ტკივილის მკურნალობაში.
ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები, როცა ორგანიზმის განგაშის სისტემა მწყობრიდან გამოდის და სიგნალს აგზავნის მაშინაც, როცა ყველაფერი წესრიგშია და საგანგაშო არაფერია. ზოგჯერ, განგაში აღარ წყდება და დიდხანს გრძელდება. აი, სწორედ ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ქრონიკულ ტკივილს.
საერთოდ მიღებულია, რომ თუ ტკივილის ხანგრძლივობა სამ თვეს აჭარბებს, ის ქრონიკულ ტკივილს წარმოადგენს.
ხშირად ქრონიკული ტკივილი, თუ მეტად არა, მწვავე ტკივილზე ნაკლებად არ არის გავრცელებული.
ბოლოდროინდელი სამედიცინო ლიტერატურული წყაროების მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 1,5 მილიარდ ადამიანზე მეტი ქრონიკული ტკივილით იტანჯება, მათგან 3-4,5%-ს ნეიროპათიული ხასიათის ტკივილი აწუხებს.
არათანაბარია ქრონიკული ტკივილის გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ასე მაგალითად, მარტო აშშ-ში ქრონიკული ტკივილით, დაახლოებით, 70 მილიონი ადამიანი იტანჯება, ევროპაში ტკივილს უჩივის ყოველი მეხუთე.
ქრონიკული ტკივილის ფიზიკურ და ემოციურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, ის საზოგადოებას ძალზე სერიოზულ ფინანსურ ტვირთად აწვება; მარტო ევროპაში სამედიცინო მომსახურების ხარჯები ყოველწლიურად 200 მილიარდ ევროს აჭარბებს, ხოლო აშშ-ში – 150 მილიარდ დოლარს.
ამავდროულად, ქრონიკული ტკივილით გატანჯულ ადამიანთა 2%-ზე ნაკლები თუ ხვდება სპეციალიზირებულ – ტკივილის მართვის კლინიკებში, დარჩენილი დიდი ნაწილი კი – ქრონიკული ტკივილის სინდრომის მკურნალობას პირველადი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში ღებულობს, თუკი საერთოდ სამედიცინო დახმარებას მიმართავს.
საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა, თუმცა პილოტურმა (საწყისმა და მცირემასშტაბიანმა) კვლევებმა, რომლებიც პალიატიურ კლინიკაში ჰოსპიტალიზირებულ კიბოთი შეპყრობილ პაციენტებზე ჩატარდა, ტკივილის ფართო გავრცელება გვიჩვენა (75%-87,1%).
ცნობილია, რომ ქრონიკულ ტკივილის სინდრომს უამრავი უარყოფითი შედეგი მოსდევს, მათ შორის, იმედგაცრუება და ორგანიზმის გამოფიტვა. ქრონიკული ტკივილი მნიშვნელოვნად აუარესებს ავადმყოფისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, ამასთან შეიძლება მთლიანად დაეუფლოს ადამიანის ფსიქიკას და მისი ცხოვრების და სიცოცხლის ყოვლისმომცველ საკითხად იქცეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ქრონიკული ტკივილის, მისი გამომწვევი მიზეზების, თანმხლები ეფექტების, რისკის ფაქტორების, მკურნალობისა და პრევენციის შესახებ.
არსებული ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, უკვე ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ქრონიკული ტკივილი, შეიძლება, მკურნალობას დავუქვემდებაროთ და ავადმყოფი სრულიად განიკურნოს. დღეისათვის საკმაოდ ეფექტურად შეიძლება ქრონიკული ტკივილის მართვა, რაც შესაძლებელია შემთხვევათა 90%–ში.
ამიტომ, ყოველთვის იყავით მზად, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ და ისწავლოთ ქრონიკული ტკივილის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს.
ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა - დაიცავით ექიმის დანიშნულება და თუ საჭიროა მედიკამენტების მიღება, - მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში.
იყავით თავდაჯერებულნი – თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ტკივილი, დაამარცხოთ ის და დაუბრუნდეთ ტკივილამდელი ცხოვრების რეჟიმს.
რა უნდა იცოდეთ ზეზღურბლოვანი გამჭოლი (შეტევითი) ტკივილის შესახებ?
ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება ე.წ. ზეზღურბლოვანი გამჭოლი ტკივილი განიცადოს – ეს ტკივილის ის ტიპია, რომელიც „არსაიდან“, ანუ მოულოდნელად ჩნდება, ანდა ყოველთვის ჩნდება გარკვეულ ვითარებაში, მაგალითად, როცა თქვენ რაიმე უჩვეულო მოძრაობას აკეთებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზეზღურბლოვანი გამჭოლი ტკივილი მიმდინარეობს ქრონიკული ტკივილის არსებობის ფონზე. ის სქემატურად შეიძლება შემდეგნაირად წარმოვადგინოთ:
როგორც აღვნიშნეთ, ზეზღურბლოვანი გამჭოლი ტკივილი შეიძლება უეცარად განვითარდეს და ძალიან ძლიერი ინტესიურობის იყო. ის ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ აუცილებელია სასწრაფო მედიკამენტური ჩარევა.
ზეზღურბლოვანი გამჭოლი ტკივილი, საშუალოდ, 30-60 წუთი გრძელდება. როგორც კი ასეთ ტკივილს იგრძნობთ, მაშინვე მიიღეთ (თუ კი გაქვთ) ძლიერი და სწრაფად–მომქმედი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც, ასეთი შემთხვევებისთვისაა გათვალისწინებული. შესაძლოა, თქვენც გქონდეთ ისინი დანიშნული მკურნალი ექიმის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ ზეზღურბლოვანი გამჭოლი ტკივილი პირველად იგრძენით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს ან თქვენს მკურნალ ექიმს.
მართალია, ძლიერი და სწრაფად-მომქმედი ტკივილგამაყუჩებლები სწრაფად მოქმედებენ და ადვილად ხსნიან ტკივილს, ისინი ასევე სწრაფად, რამოდენიმე საათში კარგავენ მოქმედების ძალას, ამიტომაც იყენებენ მათ ზეზღურბლოვანი გამჭოლი (შეტევითი) ტკივილის მოსახსნელად.
როგორ შეაფასოთ ქრონიკული ტკივილი და გაზომოთ მისი ინტენსიურობა?
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ტკივილის ინტენსიურობის გასაზომად უამრავი საზომი ინსტრუმენტი და ტესტია მოწოდებული, ვერცერთი მათგანი ზუსტად ვერ განსაზღვრავს, რამდენად გაწუხებთ ტკივილი. ამის გამო ექიმთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ტკივილი ინდივიდუალური ფენომენია; „ტკივილი ისაა, რასაც პაციენტი აღიქვამს, განიცდის და გამოხატავს“.
როცა თქვენ, ქრონიკული ტკივილის სინდრომის გამო სამედიცინო პერსონალთან მოხვდებით, ისინი უამრავ შეკითხვას დაგისვამენ ტკივილის შეფასებისა და მისი ინტენსიურობის გაზომვის მიზნით; მაგალითად,
1. როდის დაგეწყოთ ტკივილი?
2. რა ადგილას გრძნობთ ტკივილს?
3. ტკივილი ერთ ადგილშია კონცენტრირებული თუ სხვაგანაც გადაეცემა?
4. ერთდოულად რამდენ ადგილას გრძნობთ ტკივილს?
5. დღეში რამდენჯერ იგრძენით ტკივილი?
6. რამდენ ხანს გაგრძელდა ტკივილი?
7. როგორი ხასიათისაა ტკივილი; მუდმივი, ხანგამოშვებითი და ა.შ.?
8. ადრე თუ გიგრძვნიათ მსგავსი რამ?
9. ხელს ხომ არ გიშლით ტკივილი ყოველდღიურ საქმიანობაში?
10. ხომ არ მოქმედებს ტკივილი ძილზე?
11. ტკივილის გამო ხომ არ შეგცვლიათ გუნება-განწყობილება?
12. ტკივილის გამო ხომ არ შეიცვალა თქვენი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან?
13. ტკივილის გამო ხომ არ გიფიქრიათ პროფესიის შეცვლაზე და სამუშაო ადგილის მიტოვებაზე?
14. რას უკავშირებთ ტკივილს?
15. რა გიმსუმბუქებთ ტკივილს?
16. რა გიუარესებთ ტკივილს?
17. თუ გიცდიათ ტკივილის მოხსნა თქვენით? თუ დიახ, რა წამლები გამოიყენეთ და რამდენჯერ დღეში, რა ხნის განმავლობაში?
18. თუ მიმართეთ ექიმს ქრონიკული ტკივილის გამო? თუ დიახ, როდის და რა წამლები დაგინიშნათ ექიმმა?
ტკივილის ლოკალიზაციის დადგენის მიზნით, ექიმმა, შეიძლება, გთხოვოთ. სქემაზე აჩვენოთ მტკივნეული ადგილი ან წერტილები. სქემის ერთ–ერთი ნიმუში წარმოდგენილია ქვემოთ.
ექიმმა, ასევე შეიძლება, დამატებით, გთხოვოთ შეაფასოთ ტკივილის ინტენსიურობა სხვადასხვა შკალის ან სქემის, ან კითხვარის საშუალებით. ამ მიზნით ყველაზე ხშირად ე.წ. ფაციალური, ანუ სახის გამომეტყველების მქონე შკალა გამოიყენება, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ.
შესაბამისად, თქვენ უნდა აირჩიოთ ის სახე, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მიერ განცდილ ტკივილს.
ხშირად გამოიყენება ასევე ე.წ. ნუმერაციული, ანუ რიცხობრივი შკალა. მისი საშუალებით ტკივილის ინტენსიურობა 0-დან 10 ქულით იზომება.
ვერცერთი ტკივილის საზომი ინსტრუმენტი და ტესტი ზუსტად ვერ განსაზღვრავს, რამდენად გაწუხებთ ტკივილი.
რა რისკ-ფაქტორები უწყობენ ხელს ქრონიკული ტკივილის განვითარებას?
რისკ-ფაქტორები შეიძლება განვიხილოთ, როგორც მანკიერებები, უარყოფითი მახასიათებლები, ისეთები, როგორებიცაა, მაგ., ცუდი ძილი, დეპრესია, დაძაბული სიტუაციები, ანდა ცუდი ჩვევა - თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, და სხვა, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადებების, ტრავმის და ქრონიკული ტკივილის წარმოშობას.
რისკის ფაქტორების საპირისპიროდ არსებობენ დამცველი ფაქტორები. მათ როლში ის სათნოებანი ან მახასიათებლები, ან მდგომარეობები გამოდიან, როგორებიცაა მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სოციალური მხარდაჭერა, სხვისი დახმარება. ასეთი ფაქტორები ამცირებენ ან სრულიად სპობენ ქრონიკული ტკივილისადმი ადამიანის მიდრეკილებასა და დაუცველობას.
ქრონიკული ტკივილის არსის კარგად გასაგებად ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა აღმოვაჩინოთ როგორც რისკის ფაქტორები, ასევე მისი დამცველი ფაქტორები. ტკივილის პრევენციის მიზნით მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ შევამციროთ რისკ ფაქტორები და გავაძლიეროთ დამცველი ფაქტორები, გავზარდოთ მათი რაოდენობა რისკის ფაქტორების საპირისპიროდ დ/ან მათი შემცირების ხარჯზე.
ორივე სახის ფაქტორები - რისკის ფაქტორები და დამცველი ფაქტორები ხშირად ურთიერთმოქნედებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველას გვსმენია ფრაზები: „ყველაფერი უკან ბრუნდება!“, „ერთი ქმედება მეორეს იწვევს!“ ეს ფრაზები ასახავენ ჩვენი ცხოვრების ციკლურ ბუნებას. სხვადასხვა სახის ციკლები ერთმანეთს მოსდევენ და ავსებენ ჩვენს ყოველდღიურობას.
ციკლის თითოეულ მონაკვეთს შეუძლია რაიმე შეცვალოს ჩვენს ცხოვრებაში და გამოიწვიოს უკუკავშირი და ციკლის საპირისპირო მხარეს მოძრაობა. ამგვარად, ციკლური მონაკვეთები ერთმანეთთანაა დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გავლენას ახდენენ ქრონიკულ ტკივილზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რას ვაკეთებთ, არამედ იმას, თუ რა მეორდება ჩვენს ყოველდღიურობაში და რა სიხშირით. მაგალითად, კონფლიქტი იწვევს უარყოფით ემოციებს, ცუდი ძილი - კუნთების დაძაბულობას, ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, ტკივილი მოჰყვება. თუ ასეთ მდგომარეობებს ხშირად ექნებათ ადგილი და რეგულარულ ხასიათს მიიღებენ, ტკივილი გაძლიერდება და ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ციკლის აუცილებელი კომპონენტი გახდება. დროთა განმავლობაში კი ქრონიკულ ტკივილად ჩამოყალიბდება.
ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ ადვილად შეიტანოთ ცვლილებები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ციკლურ ბუნებაში და მიაღწიოთ სასურველ წარმატებას.
- ცვლილებების არსი – ძალზე მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ რატომ უნდა შეიტანოთ ცვლილებები თქვენი ცხოვრების ციკლში.
- მცირე ცვლილებების დიდი მნიშვნელობა – ჯერ წვრილმანი ცვლილებებით დაიწყეთ, დიდი ცვლილებები მათ მოჰყვება.
- ერთი ცვლილება ერთ გარკვეულ დროში – დაიწყეთ ერთი რამის შეცვლა და კონცენტრირება მოახდინეთ მასზე.
- განმეორებითობის აზრი – ხანგრძლივი დროის ცვლილებას მაშინ აქვს ადგილი, როცა ის ხშირად ხდება და ადამიანის ყოველდღიურ ჩვევაში გადადის.
- მოთმინება - წარმატების წინაპირობა – ცვლილებებს შედეგი მალე არ მოსდევს და ზოგჯერ საკმაო დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ნუ იჩქარებთ და ნუ დაყრით ფარ-ხმალს. დაელოდეთ და თქვენს მცდელობებს შედეგი აუცილებლად მოჰყვება.
ამდენად, დადებითი უკუკავშირები იწვევენ ციკლის გაგრძელებას, მაშინ, როცა უარყოფითი უკუკავშირები იწვევენ ციკლის შეწყვეტას. ასეთ მდგომარეობებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თვითრეფლექსურ ან ციკლურ მიზეზობრიობას. დროთა განმავლობაში დადებითი და უარყოფითი უკუკავშირების მქონე ციკლები მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებენ მდგრადი ბალანსის შენარჩუნებაში ან ჯანმრთელობაში, ან ავადმყოფობაში. როცა ადამიანს ქრონიკული ტკივილი აწუხებს, აუცილებელია მისი ცხოვრების ციკლის თითოეული კომპონენტის გარკვევა, უარყოფითი რისკის ფაქტორების გამოყოფა და მათზე ზემოქმედება.
რისკის ფაქტორების შემცირება, ხოლო შემდგომ – პრევენცია, ხელს უწყობს ქრონიკული ტკივილის სინდრომის შემცირებასა და მის საბოლოოდ გაქრობას.
როგორ განთავისუფლდეთ ქრონიკული ტკივილისაგან, რისი გაკეთება შეგიძლიათ პირადად თქვენ?
ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იმედი არ დაკარგოთ.
თუ თქვენ დასაქმებული ხართ და მძიმე სამუშაოს ასრულებთ, მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს და აუხსენით თქვენი ჯანმრთელობის პრობლემა.
შესაძლოა, უფრო მსუმბუქი სამუშაო შემოგთავაზონ. ასეთ შემთხვევაში აღარ ინერვიულებთ და არ დამალავთ თქვენს პრობლემას სამუშაოს დაკარგვის შიშით.
თქვენი ემოციები და გრძნობები გავლენას ახდენენ ტკივილზე. პოზიტიურ გრძნობებს შეუძლიათ შეამცირონ ტკივილი და ადვილად გაუმკლავდეთ მას.
თუ გყავთ ოჯახის წევრები და/ან მეგობრები, ვისაც დაელაპარაკებით ტკივილის შესახებ და ისინი თანაგიგრძნობენ, გაგიგებენ, უფრო ადვილად შეგეძლებათ გაუმკლავდეთ უარყოფით გრძნობებს, ბრაზს, შიშსა და მარტოობას. როცა თქვენ შინ და გარეთ ირგვლივმყოფთა მხარდაჭერას მიიღებთ, შესაძლოა, ძალიან ცუდად აღარ იგრძნოთ თავი. ამასთან ერთად, ეცადეთ იყოთ ფიზიკურად, გონებრივად და სოციალურად აქტიურნი: იკითხეთ საინტერესო წიგნები, იარეთ ფეხით, იცურავეთ, ივარჯიშეთ, მოინახულეთ ახლობლები და მეგობრები. ეს დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი და ნაკლებად აღიქვათ ტკივილი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საკმარისი ძილი გქონდეთ. დაისვენეთ, როგორც კი დაღლას იგრძნობთ.
თუ დეპრესიაში ხართ ან შიშები გაწუხებთ, შესაძლოა, დაგჭირდეთ პროფესიონალის - სამედიცინო პერსონალის დახმარება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ რა მედიკამენტები მიიღოთ.
არ იფიქროთ, რომ მარტო უნდა გაუმკლავდეთ ტკივილს და მის თანმდევ მოვლენებს.
Baruch Elron: "Don't Suffer in Silence"
გაითვალისწინეთ, რომ ქრონიკული ტკივილი მძიმედ მოქმედებს არამარტო მათზე, ვინც ტკივილს განიცდის, არამედ მათ გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებზე.
შეცადეთ, რომ თქვენი უარყოფითი ემოციები უფრო ხშირად გაუზიაროთ სამედიცინო პერსონალს, ხოლო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ყოფნისას კარგი ამბები და მხიარული მომენტები გაიხსენოთ.
კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არ უნდა გამოგრჩეთ.
თქვენ აქტიურად უნდა იყოთ ჩართულნი ქრონიკული ტკივილის მკურნალობის გეგმაში, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გექნებათ. სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის ტკივილი გაწუხებთ და როგორ უნდა იმოქმედოთ მის მოსახსელად. რაც უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ტკივილის მკურნალობაში, მით უფრო უკეთეს შედეგებს მიიღებთ. ნუ შეგეშინდებათ იკითხოთ ტკივილისა და იმ მედიკამენტების შესახებ, რასაც ღებულობთ ან დაგენიშნათ.
რაც უფრო მეტი გეცოდინებათ და უკეთ გაერკვევით თქვენს მკურნალობაში, მით მეტად დაეხმარებით საკუთარ თავს.
დაიწყეთ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემის – ქრონიკული ტკივილის აქტიური შესწავლა. გარდა იმისა, რომ დეტალური ინფორმაცია უნდა გქონდეთ თქვენი მკურნალი ექიმისაგან, ყოველდღიურად უნდა აკონტროლოთ ტკივილი და მისი ინტენსიურობა. ამ მიზნით
აწარმოეთ დღიური!
ყოველდღიურად ჩაწერეთ დღიურში, როგორ გრძნობთ თავს. რა ინტენსიურობის ტკივილს გრძნობთ. დააფიქსირეთ ტკივილის ინტენსიურობა რიცხობრივი ან სახის გამომეტყველების მქონე შკალის გამოყენებით. ასე მაგალითად, 0 = ტკივილი არ მაქვს, 1-3 = იშვიათად ვგრძნობ სუსტი ხასიათის ტკივილს: ყოველდღიურ საქმიანობას ვეწევი. 4-5 = ზომიერი ტკივილი მაწუხებს, რაც ზოგჯერ ხელს მიშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. 6-10 = ტკივილი ძლიერ შემაწუხებელია, ვერაფერს ვერ ვაკეთებ.
გააკეთეთ პატარა ჩანაწერები ან კომენტარები, თუ რა მოიმოქმედეთ. მაგალითად, 1. მიიღეთ დამატებითი აბი (აუცილებლად აღნიშნეთ, როდის, რის გამო);
2. ივარჯიშეთ;
3. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
4. დეტალურად აღწერეთ, ხომ არ იგრძენით ზეზღურბლოვანი გამჭოლი (შეტევითი) ტკივილი, დააფიქსირეთ, რანდენჯერ გქონდათ ამგვარი ტკივილის ეპიზოდი და ა.შ..
კარგი იქნება, თუ ჩამოწერთ, რა პრეპარატები მიიღეთ და რამდენჯერ. ეს დაეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს უკეთ გაერკვეს ტკივილის ბუნებაში და მიიღოს სწორი გადაწყვეტულება მკურნალობის შემდგომ ტაქტიკაში.
ესაუბრეთ სხვა პაციენტებს, ვისაც ჯანმრთელობის ანალოგიური პრობლემები აქვთ ან ადრე აწუხებდათ. შესაძლოა, მათი გამოცდილება რამეში გამოგადგეთ.
რა სახის მედიკამენტური მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს?
მკურნალობა დამოკიდებულია ტკივილის სახეზე, მის გამომწვევ მიზეზსა და ინტენსიურობაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებს დიაგრამას, რომელსაც სამ-საფეხურიან ანალგეზიურ კიბეს უწოდებენ. თითოეული საფეხური შეესაბამება ქრონიკული ტკივილის სინდრომის კონკრეტულ ინტენსიურობას – დონეს და სპეციფიკურ მედიკამენტოზურ მკურნალობას.
მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი ან ექთანი შეაფასებს ტკივილის სახესა და მის ინტენსიურობას, თქვენ დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა და იქნებით დაკვირვების ქვეშ მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილის ინტენსიურობა შეიცვლება (გაიზრდება ან შემცირდება), შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს დანიშნულება, როგორც მედიკამენტების, ასევე მათი დოზების მხრივ.
რეგულარულად მიიღეთ მედიკამენტი, რათა არ იგრძნოთ ქრონიკული ტკივილი. მკაცრად უნდა დაიცვათ წამლის მიღების წესი და ჯერადობა მანამ, ვიდრე თქვენი მკურმნალი ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას.
ამ წესის მკაცრ დაცვას განსაკუთრებული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქრონიკული ტკივილის ოპიოიდებით მკურნალობის დროს.
მედკამენტებს, შეიძლება, ერთზე მეტი მოქმედება ახასითებდეთ. მაგალითად, ამიტრიპტილინი თავდაპირველად დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. გაბაპენტინი და კარბამაზეპინი, საზოგადოდ, ეპილეფსიის მკურნალობაში არიან ფართოდ მოწოდებულნი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პრეპარატები ასევე აქტიურად და ფართოდ გამოიყენებიან ქრონიკული ტკივილის (ნეიროპათიულის) მოსახსნელად. ასე რომ, იცოდეთ, სამედიცინო პერსონალის მიერ ერთი და იგივე მედიკამენტი შეიძლება არაერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს იქნეს დანიშნული მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის თანდართულ ინსტრუქციაში ამის შესახებ არ იყოს მითითებული.
ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ უამრავი საშუალება არსებობს. ერთი და იგივე სახის სამკურნალწამლო საშუალებები ყველა პაციენტში არ იძლევიან სასურველ შედეგს. ეს იმიტომ ხდება, რომ ტკივილი ინდივიდუალური განცდაა.
დღეისათვის ტკივილგამაყუჩებლების ფართო არჩევანია – სუსტიდან დაწყებული ძლიერით დამთავრებული. მკურნალმა ექიმმა, შეიძლება, მედიკამენტი ტკივილის სპეციფიკურობის გათვალისწინებით დაგინიშნოთ. მაგალითად, ნერვის დაზიანების შემთხვევაში ტკივილი გარკვეული ნიშნებით ხასიათდება, ის მწველი, განმგმირავი ან ელექრო შოკისმაგვარი ბუნებისაა. ამ ტიპის ტკივილი შეიძლება დაემორჩილოს ისეთი მედიკამენტებით მკურნალობას, რომლებიც არაეფექტურია სხვა ტიპის ტკივილის დროს. დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ტკივილის მოსახსნელადაც. ამგავრი მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში თქვენ არ უნდა გეგონოთ, რომ თქვენს მკურნალ ექიმს არ ესმის თქვენი და ფიქრობს, რომ ტკივილი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია.
პარაცეტამოლი ყველაზე მარტივი ტკივილგამაყუჩებელია, მაგრამ როცა ის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოიყენება, საგრძნობლად აქვეითებს ტკივილის ინტენსიურობას. თუ თქვენმა ექიმმა სწორედ ეს პრეპარატი დაგინიშნათ, უნდა მიიღოთ ისე, როგორც გირჩიათ.
მოქმედების დაწყების დროის ხანგრძლივობის მიხედვით გამოყოფენ სამი ტიპის მედიკამენტებს:
1. სწრაფად მომქმედი ტკივილგამაყუჩებლები;
2. სტანდარტულად მომქმედი ტკივილგამაყუჩებლები;
3. გახანგრძლევებული მოქმედების ტკივილგამაყუჩებლები.
სწრაფად მომქმედი ტკივილგამაყუჩებლების მოქმედება იწყება სწრაფად და ასევე სწრაფად მთავრდება. მათი მოქმედების სისწრაფე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ორგანიზმში წამლის შეყვანის გზაზე და მედიკამენტის ფორმაზე. ერთი და იგივე დასახელების წამალს სხვადასხვა სიჩქარით მოქმედება ახასიათებს იმის მიხედვით, თუ რა ფორმით გამოიყენება: კერძოდ, ტაბლეტის, კაფსულის, კუნთში თუ ვენაში ინექციის, ან სხვა სახით.
სტანდარტულად მომქმედი ტკივილგამაყუჩებლები მოქმედებენ წამლის ნახევარდაშლის პერიოდის შესაბამისად; მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ან ოპიოიდების (მორფინი და სხვა ანალოგები) საშუალებებიადექვატური შარდვის დროს მოქმედებენ მხოლოდ ოთხი საათია და არაუმეტეს, თუმცა მისი მოქმედება ასევე კავშირშია ორგანიზმში წამლის შეყვანის გზაზე.
გახანგრძლევებული მოქმედების ტკივილგამაყუჩებლების დაწყებას ერთიდან ორ სააათამდე დრო სჭირდებათ, რომ ტკივილის ინტენსიურობის შემცირება დაიწყონ, მაგრამ მათი მოქმედება დიდხანს გრძელდება (12-24 საათი). ასეთი მედიკამენტები რეგულარულად უნდა მიიღოთ დანიშნულების დაცვით.
ქვემოთ გთავაზობთ განსხვავებული ფორმის მედიკამენტების ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეყვანისას მოქმედების დაწყების დროს, მოქმედების მაქსიმუმის მიღწევის პერიოდს და მის ხანგრძლივობას.
მოქმედების დაწყება: ლორწოვანიდან, მაგალითად, ენისქვეშ ან ლოყიდან (ფხვნილის სახით) - 10–15 წამი, სასუნთქი გზებიდან (აეროზოლით) - 15–30 წამი, ვენიდან – 30 წამი, პირის ღრუდან მიღებული სითხე კუჭიდან – 4–6 წუთი, კუნთიდან ან კანქვეშა არედან 5–7 წუთი, პერორალური აბი – 7–10 წუთიდან, რექტალური სანთელი 7–10 წუთი, პროლონგირებული მოქმედების კაფსულა – 30–40 წუთიდან.
მოქმედების მაქსიმუმი: ლორწოვანიდან – 1–1,5 წუთი, სასუნთქი გზებიდან – 1,5–2 წუთი, ვენიდან – 10 წუთი (სუნთქვის მაქსიმალური დათრგუნვა 15 წუთის შემდეგ), პირის ღრუდან – 30 წუთი, კუნთიდან ან კანქვეშა არიდან – 30 წუთი, პერორალური აბი – 1 საათი, რექტალური სანთელი – 1 საათი, კაფსულა გახანგრძლივებული მოქმედების – 6 საათი, ფენტანილის ტრანსდერმული პლასტირი – 12–24 საათი.
ეფექტის ხანგრძლივობა: ვენიდან – 3 საათი, სხვა ადგილებიდან 4 საათი, გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულით – 12 საათი, ტრანსდერმული პლასტირით – 36 საათი.
ინიექციები: ზოგი მედიკამენტი უფრო დიდ ეფექტს ავლენს, როცა ინიექციის სახით გამოიყენება ტკივილის ადგილას ან იმ ნერვების გაყოლებით, რომლებიც ტკივილის სიგნალს გადასცემენ. ზოგჯერ საჭიროა პლასტიკური მილის (კათეტერის) დატოვება ინიექციის ადგილას მედიკამეტის განმეორებითი შეყვანის მიზნით. ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევებში, როცა ტკივილის მართვა ხანგრძლივი დროითაა საჭირო, კათეტერი შეიძლება დგუშს დაუკავშირდეს და კანქვეშ დამაგრდეს.
იმის მიუხედავად, თუ რა გზით ხვდებიან ტკივილგამაყუჩებლები ადამიანის ორგანიზმში, ტკივილის მედიკამენტოზური მკურნალობის დროს ერთი საერთო და მნიშვნელოვანი წესი უნდა გაითვალისწინოთ;
ტკივილგამაყუჩებლების მიღება უნდა მოხდეს დანიშნულ ინტერვალებში და არა მაშინ, როცა ტკივილი შეგაწუხებთ. წამალი მცირე დოზებით უნდა მიიღოთ, რათა შეინარჩუნოთ პრეპარატით მიღწეული მდგომარეობა (ტკივილის გაყუჩება) და რაც შეიძლება ნაკლებად განვითარდეს მედიკამენტის გვერდითი მოქმედებები.
ქრონიკული ტკივილის სინდრომის მართვაში სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ. პერიოდულად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს დამატებითი კონსულტაციის მისაღებად.
ზოგიერთი ტიპის ქრონიკული ტკივილის დროს საუკეთესო ეფექტს ოპიოიდები იძლევიან. მიიღეთ ისინი დანიშნულებისამებრ, როგორც მკურნალი ექიმი გირჩევთ. დაუჯერეთ მას და ნუ შეგეშინდებათ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითებისა. გახსოვდეთ,
ოპიოიდები უსაფრთხოა და მათი კონტროლირებადი მიღება შეჩვევას არ იწვევს.
თუ არსებობს ქრონიკული ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ უფრო ძლიერი საშუალებები და როდის მიმართავენ მათ?
ელეტროსტიმულაცია:
გარკვეულ ადგილებში ქრონიკულ ტკივილის შეგრძნება შეიძლება შემცირდეს ელექტროსტიმულაციის გამოყენებით. ზოგიერთი სტიმულაციური ხელსაწყო კარგად მუშაობს კანთან მიახლოებისას. უფრო დახვეწილი აპარატები მეტ ეფექტს იძლევიან უშუალოდ ნერვულ სისტემაზე მოქმედებისას. მაგ., როცა სტიმულატორს ზურგის ტვინთან ახლოს ან უშუალოდ თავის ტვინზე იყენებენ. ბუნებრივია, ამ ინვაზიურ პროცედურებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა სხვა მარტივი, არაინვაზიური თუ ინვაზიური პროცედურები შედეგს არ იძლევიან. უფრო რთულ ვითარებაში ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების სხვა საშუალებებს მიმართავენ. საზოგადოდ, უნდა იქვას, რომ ნერვული სისტემის დაზიანება რეკომენდირებული არ არის, თუმცა განარჩევენ ქრონიკული ტკივილის რამოდენიმე თანმხლებ პათოლოგიურ მდგომარეობას, როცა ჩარევა ტკივილის სიგნალის შეწყვეტას მოითხოვს თვით ნერვულ სისტემაში. მაგ., ზოგჯერ სიმსივნესა და დეფორმირებულ სახსრებს უკონტროლო ტკივილის გამოწვევა შეუძლიათ. ამ დროს ტკივილს ხსნიან ნერვის ბლოკირებით. დღეისათვის შესაძლებელია ფლოროსკოპით ან ტომოგრაფის (რენდგენის სხივების) გამოყენებით ნემსით შევაღწიოთ დაზიანებულ ნერვამდე და ტკივილის გადაცემის გზა დროებით ან მუდმივად პარციალურად (ნაწილობრივ) გავწყვიტოთ.
ფიზიოთერაპია:
კონტროლირებადი მოძრაობები და ფიზიკური ვარჯიშები სხეულის მტკივნეული ნაწილის - გაუხეშებული სახსრებისა და კუნთების ფუნქციის აღდგენაში დაგეხმარებათ. ფიზიკური აქტიურობისა და ტკივილის მართვის ერთმანეთთან შეხამება დიდ და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის მობილურობასა და სიცოცხლის ხარისხზე.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა:
ქრონიკული ტკივილი მოქმდებს ადამიანის კომუნიკაციის უნარზე, ადამიანთა შორის სოციალურ ურთიერთობებზე და შეუძლია სერიოზული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, თქვენ, შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა დამატებით, ფსიქოლოგიური სახის დახმარება შემოგთავაზოთ.
ზოგჯერ პირად სატანჯველზე პროფესიონალ პირებთან, მათ შორის ფსიქოლოგებთან საუბარი, ადამიანს ეხმარება ადვილად გაუმკლავდეს ტკივილის უარყოფით მხარეეებს, კერძოდ, ისეთებს, როგორიცაა; შემცირებული მობილურობა, ნაკლები კომუნიკაბელურობა და სოციალური იზოლირება.
რა დამატებითი საშუალებები გამოიყენება ქრონიკული ტკივილის საწინააღმდეგოდ?
გარდა ოფიციალური სამედიცინო მკურნალობისა, ტკივილის მოსახსნელად სხვა უამრავი ალტერნატიული დამატებითი საშუალება არსებობს. ხშირ შემთხვევაში წინასწარ ნათელი არ არის, ნამდვილად იწვევენ ისინი ტკივილის გაყუჩებას თუ არა, არც სათანადო მეცნიერული მტკიცებულებები არსებობენ ამა თუ იმ დამატებითი თერაპიული საშუალების ეფექტურობის შესაფასებლად. ასე რომ, ზოგი მათგანი შველის ერთ ადამიანს, მაგრამ არ შველის მეორეს.
ქრონიკული ტკივილის სინდრომის დამატებითი (ალტერნატიული) თერაპიის მრავალფეროვანი საშუალებებიდან ქვემოთ განვიხილავთ საქრთველოში არსებულ რამდენიმე ხელმისაწვდომ მათგანს.
შემეცნებითი ქცევითი თერაპია
ამ მეთოდის გამოყენებისას აქცენტი კეთდება პაციენტის აზრებსა (შემეცნებასა) და ქცევებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. რას ნიშნავს ეს? მარტივად ავხსნათ: ის, თუ როგორ აღიქვამთ ტკივილს, რას ფიქრობთ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემაზე, გავლენას ახდენენ როგორც ტკივილის მართვაზე, ასევე თქვენს ქცევებზე. შემეცნებითი ქცევითი თერაპია დაგეხმარებათ იყოთ გახნილნი და გულახდილად ესაუბროთ სამედიცინო პერსონალს თქვენი ფიქრებისა და აზრების შესახებ კონფიდენციალურად ან სხვების თანდასწრებით.
აკუპუნქტურა
ცნობილი ჩინური სამკურნალო მეთოდი - დამატებით თერაპიულ საშუალებებში შედის. თუ გსურთ სცადოთ მისი ეფექტი, ნუ მოგერიდებათ, ჰკითხოთ თქვენს ექიმს. მას უკეთ ეცოდინება დამატებითი სამკურნალო მეთოდის ჩართვის ეფეტურობის შესახებ თქვენი კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში.
მასაჟი და არომათერაპია
ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ არომატულ ეთერ-ზეთებს იყენებს. მათი სხეულის კანში შეზელვა აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამცირებს სითხის დაგროვებასა და კუნთების დაჭიმულობას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს ტონუსს.
მუსიკით მკურნალობას
არცთუ იშვიათად მიმართავენ, რადგან სასიამოვნო მუსიკის მოსმენა ხელს უწყობს ავადმყოფის დამშვიდებასა და რელაქსაციას.
გახსოვდეთ, რა აჩევანიც უნდა გააკეთოთ ან რა სახის მკურნალობაც უნდა ჩაიტაროთ, შეწყვიტეთ მაშინვე, თუ ქრონიკული ტკივილი გაძლიერდა ან ცუდად იგრძენით თავი.
რა გვერდითი მოქმედებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებით მკურნალობას?
ზოგიერთი სახის ტკივილგამაყუჩებლებს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების მსგავსად გვერდითი მოქმედებები ახასიათებთ. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ მათ შესახებ.
ქრონიკულ ტკივილზე დანიშნულების მიღებისას წინასწარ ესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების შესახებ და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ მართოთ ისინი.
ქვემოთ მოცემულია ოპიოიდების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი, ესენია:
ყაბზობა (შეკრულობა) – შეკრულობა - ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა გაძნელებული და გახანგძლივებულია დეფეკაცია (ე.წ. კუჭის მოქმედება). თითქმის ყველა პაციენტს (შემთხვევათა 2/3–ს), ვინც საშუალო- და ძლიერ-მომქმედ ტკივილგამაყუჩებლებს (ოპიოიდებს, მაგალითად მორფინს) ღებულობს, შეკრულობა უვითარდება. მკურნალი ექიმი, როგორც წესი, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებთან ერთად საფაღარათო საშუალებებსაც ნიშნავს, მაგრამ, თუ მას ეს გამორჩა, აუცილებლად სთხოვეთ, გამოგიწეროთ შესაბამისი პრეპარატი.
გულისრევა და პირღებინება – როდესაც თქვენ პირველად დაგინიშნავენ ძლიერ-მომქმედ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, დასაწყისში, შესაძლოა, ცუდად იგრძნოთ თავი. შეიძლება, დაგეწყოთ გულისრება და პირღებინება. ეს სიმპტომები 2–3 დღეში უნდა შეწყდეს. თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება სპეციალური მკურნალობა დაგჭირდეთ. თუ სამი დღის შემდეგაც ცუდად იგრძენით თავი, აუცილებლად თქვენს მკურნალ ექიმს დაუკავშირდით.
კუჭ–ნაწლავიდან ტრაქტიდან სისხლდენა – ეს არის სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. თქვენ, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეშ იყოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის შეშუპების, წყლულის ან სისხლდენის განვითარების მხრივ, თუ:
-- თამბაქოს ეწევით; ან
-- კიბოს გარდა სხვა დაავადებაც გაწუხებთ; ანდა
-- გარკვეულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იღებთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. არავითარ შემთხვევეაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა!
შესაძლებელია თუ არა ტკივილის პრევენცია?
ქრონიკული ტკივილის პრევენცია პირდაპირ უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესს უამრავი დამცველი ფაქტორის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვის გზით. ეს ფაქტორები ამცირებენ ქრონიკული ტკივილის განვითარებისა დაჩამოყალიბების რისკს.
გააძლიერეთ დამცველი ფაქტორები ფიზიკური ვარჯიშების, რაციონალური კვებისა და ძილის მოწესრიგების საშუალებით, სხვების სოციალური მხარდაჭერითა და დახმარებით, ორგანიზებულობითა და სიმშვიდის შენარჩუნებით.
ქრონიკული ტკივილის მართვისა და პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია დამცველი ფაქტორების ხშირი და რეგულარული ჩართვაა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბერძენმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა, განაცხადა - „შეიცან თავი შენი“. იმისათვის, რომ ჯანმრთელობა დავიბრუნოთ ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ ჩვენი თავი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.
ის, თუ რას ვაკეთებთ რეგულარულად და რას ვფიქრობთ, მნიშვნელოვანწილად, განსაზღვრავენ, ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ, თუ ტკივილისა და ავადმყოფობისათვის გავწირავთ თავს.
მართალია, ჯანმრთელობასთან მიმართებაში ჩვენ სხვა ასპექტებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგ., გენეტიკა, გარემო, და სხვ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მეცნიერული მტკიცებულებების თანახმად, გენეტიკური (მემკვიდრული) ფაქტორები ჩვენი ჯანმრთელობის მხოლოდ 20%-ს განაპირობებენ.
თანამედროვე მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი აქტივობები ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ბედნიერების ძირითადი განმსაზღვრელები არიან.