სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”

სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”

( http://tsmu.edu/ensemble/) და (ensemble.tsmu.edu ) - მოპოვებული აქვს 7 მთავარი პრიზი, 3 ოქროს მედალი, ევროპარლამენტის დიპლომი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს საპატიო „სახალხო ანსამბლი“-ს წოდება (1994წ.), „საუკეთესო ანსამბლი“-ს წოდება (იტალია 1996წ., საქართველო 2014წ.), არის ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, იუნესკოს 2 კომიტეტის წევრი. ანსამბლის წარმატებების შესახებ მრავალჯერ მოეწყო სპეციალური გადაცემები როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ტელევიზიებით (იტალიის, ბელგიის, ესპანეთის, საბერძნეთის, გერმანიის, თურქეთის, ჩეხეთის, რუსეთის, პორტუგალიის, კანარის კუნძულ ტენერიფესა და საფრანგეთის სატელევიზიო არხებით). მრავალი სანაქებო სიტყვა ითქვა როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ პრესაში. 2001 წელს ანსამბლის წარმატებებს ევროპაში სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა ამერიკის რადიომ "თავისუფლების ხმა".

სახალხო ანსამბლის “ქართული ფოლკლორი” სოლისტებმა ლაშა გამისონიამ და ნინო სიხარულიძემ 2010 წლის მაისსა და ივნისში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის‘’ მიერ ჩატარებულ სატელევიზიო კონკურსში დაიკავეს პირველი ადგილი. 

შთამბეჭდავია ანსამბლის ბოლო ცხრა წლიანი შემოქმედებითი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე ევროპის საერთაშორისო და მსოფლიო ფესტივალებზე: 2010 - შვეიცარია, 2011 - ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, 2012 - იტალია, ესპანეთი. 2013 წელს ანსამბლს მიენიჭა საპატიო „საუკეთესო ანსამბლი“-ს წოდება (სტუდენტური დღეები 2013), 2014 წელს ანსამბლს მიენიჭა გამარჯვებულის ტიტული „საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმა“ (სტუდენტური დღეები 2014). 2015-2016 წლებში ანსამბლმა იმოგზაურა წარმატებული გასტროლებით იტალიაში, 2017 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპისა და მსოფლიო ფოლკლორულ ფესტივალებში იტალიასა და  ჩეხეთში.  ჩეხეთში ანსამბლმა მოიპოვა პირველი ადგილი. 2018 წელს ანსამბლი დიდი წარმატებით ღებულობს მონაწილეობას საბერძნეთისა და ბელგიის ფოლკლორულ საერთაშორისო თუ მსოფლიო რანგის ფესტივალებში...

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა (თავჯდომარე - ლ. ჭანიშვილი) „წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თსსუ-ის კულტურის ცენტრის დირექტორი, სახალხო ანსამბლის ხელმძღვანელი ბადრი მაჭავარიანი დააჯილდოვა „ამაგდარი“-ს ორდენით და კავშირის ყრილობაზე აირჩიეს  კავშირის პრეზიდიუმის წევრად.

2014 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ფართოდ აღინიშნა ანსამბლის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.  

ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია- სუხიშვილების ლეგენდარული თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, მსახიობ-მოცეკვავე, „ღირსების ორდენის კავალერი“- დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფია - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი - ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარია- ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი - დავით რატიანი (უმცროსი), ხალხური საკრავების ხელმძღვანელია - ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი - დავით რატიანი. მუსიკოსები-  ბეჟან მაისურაძე, ვასილ  ვარამაშვილი,  კახაბერ კანდელაკი და ნიკა გამეზარდაშვილი. 

ანსამბლმა მრავალი კონცერტი გამართა თსსუ -ის სტუდენტთა მოთხოვნით და მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.