თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ტრადიციული საქველმოქმედო აქცია

თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ტრადიციული საქველმოქმედო აქცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, პარტნიორ კლინიკებთან ერთად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მორიგი, 33-ე  ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური უფასო გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანმა ჯგუფმა, მათ შორის, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო კარანაძემ და ლაბორანტმა ნინო ჯანყარაშვილმა. მათ 132 ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და  დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს. 

ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ  გადაეცათ 309 სათვალე და 33 გლუკომეტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - ‘’საქართველომ’’ ჯამში 33 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამ პერიოდში მათ 4165 ბენეფიციარს გაუწიეს კვალიფიციური დახმარება.