„ვარდისფერი ოქტომბერი“ თსსუ-ში

„ვარდისფერი ოქტომბერი“ თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ორგანიზებული კვირეული გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაში ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა და რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდა.

ინიციატივა განხორციელდა თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით.

ღონისძიებების ფარგლებში 20 ოქტომბერს მოეწყო კამპანიის გახსნის ღონისძიება თსსუ-ის ეზოში, კერძოდ დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, მოირთო ეზოში არსებული ნაძვის ხე ვარდისფერი ლენტებით და ჩატარდა თემატური ვიქტორინა.

21 ოქტომბერს სტუდენტებმა დაწერეს კეთილი სურვილები ონკოლოგიური პაციენტებისთვის და ჩააყარეს სპეციალურ ყუთში; პარალელურად თემის ირგვლივ გაიმართა საინფორმაციო კამპანია.

22 ოქტომბერს მოეწყო დამატებითი საინფორმაციო აქტივობები და ჩაწერილ იქნა თემატური ვიდეორგოლი.

23-24 ოქტომბერს კამპანიაში ჩაერთო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, რაც მიზნობრივ კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურს ქმნიდა.

25 ოქტომბერს კვირეული დასრულდა გარბენით კუს ტბაზე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა სოლიდარობას მკერდის კიბოთ დაავადებული პაციენტებისთვის.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ (Pink October) არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ოქტომბრის თვეში. ის ეძღვნება მკერდის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და მიზნად ისახავს სოლიდარობის გამოხატვას ამ დაავადებასთან მებრძოლი პაციენტების მიმართ.