ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია კრაიოვას მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი) პათოლოგიური ანატომიის პროფესორი კლაუდიუ მარგარიტესკუ (Professor Claudiu Margaritescu, MD, PhD).
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა კლაუდიუ მარგარიტესკუმ თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ასევე კლინიკური რეზიდენტებისა და ახალგაზრდა პათოლოგანატომებისთვის საჯარო ლექციები და თემატური პრეზენტაციები გამართა.
პროფესორმა მსმენელებს გააცნო თანამედროვე მიდგომები და კლინიკურ-პათომორფოლოგიური თავისებურებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
• სანერწყვე ჯირკვლების არასიმსივნური პათოლოგია;
• ზედა ყბის ძვლების კისტოზური დაზიანებები;
• კეთილთვისებიანი ოდონტოგენური სიმსივნეები;
• პულპის პათოლოგია.
ლექციებმა და პრეზენტაციებმა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები.
ვიზიტი ფარგლებში, პროფესორ კლაუდიუ მარგარიტესკუ შეხვდა - თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს; თსსუ-ის აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, ასოცირებულ პროფესორს თინათინ კილასონიას. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
თსსუ-ში პროფესორ კლაუდიუ მარგარიტესკუს ოფიციალური ვიზიტი 2026 წლის 11–15 მაისს მიმდინარეობდა.