წინასიტყვაობა - WEBSITE X5 UNREGISTERED VERSION 12.0.9.30 - d_training

Перейти к контенту

Главное меню:

 

ინფორმაცია
 
მულტიდისციპლინარული ელექტრონული კურსის „ქრონიკული ტკივილის შეფასება და მართვა“  შესახებ

 
ტკივილი გლობალური პრობლემაა. მისმა გავრცელებამ  კარგა ხანია ეპიდემიის სახე მიიღო როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. ცნობილია, რომ ყოველი 5 მოზრდილიდან 1 ტკივილით იტანჯება, ხოლო 10 - დან ერთს ქრონიკული ტკივილის დიაგნოზს უსვამენ ყოველწლიურად. ტკივილი აწუხებს მოსახლეობის ყველა ფენას  განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რასისა, ეთნიკური, სოციალური, გეოგრაფიული წარმომავლობისა და კულტურალური თავისებურებებისა.
 
მოსახლეობის დაბერების პარალელურად ტკივილი მზარდი პრევალენტობით ხასიათდება და მნიშვნელოვან ზარალს აყენებს საზოგადოებებსა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემებს. სამწუხარო პროგნოზია მომავალი ათი წლისთვისაც; ტკივილით გატანჯულ პირთა რაოდენობა ერთიორად გაიზრდება და მათი სამედიცინო მომსახურება მძიმე ეკონომიკურ ტვირთად დააწვება ქვეყნებს.
 
ტკივილის ეტიოლოგია ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი რისკ-ფაქტორები (დეტერმინანტები). ქრონიკულ ტკივილს მოსდევს მთელი რიგი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობები, როგორიცაა დეპრესია, შრომისუუნარობა, სოციალური გარიყულობა და  სუიციდური აზრების გაჩენა. მიუხედავად ამისა, დღემდე ძალზე მცირე ყურადრება ექცევა ქრონიკულ ტკივილს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას, მით უმეტეს, რომ ქრონიკული ტკივილი აღიარებულია, როგორც ცალკე აღებული ჯანმრთელობის მდგომარეობა თავისი განსაზღვრებებითა და ტაქსონომიით.
 
ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა ღრმა ეპიდემიოლოგიური შესწავლა ტკივილის, მათ შორის ქრონიკულის ტკივილის მოსახლეობაში გავრცელების დასადგენად, თუმცა პილოტურმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა პაციენტებში აჩვენეს, რომ კიბოსმიერი ქრონიკული ტკივილი მაღალი პრევალენტობით ხასიათდება (78.5%). არცთუ იშვიათი აღმოჩნდა მისი არასწორი შეფასებისა და მკურნალობის შემთხვევები. ამ საკითხებში სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის გამოვლენის მიზნით ბოლო წლებში  სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა კვლევებმა  ქრონიკული ტკივილის მართვის არასათანადო დონე გამოავლინა პირველადი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა შორის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ერთის მხრივ, შესაძლოა, იყოს ტკივილის მართვის სასწავლო კურსის არარსებობა სამედიცინო სასწავლებლებში; მეორეს მხრივ კი, სამედიცინო ლიტერატურის სიმწირე მშობლიურ ენაზე. ამ მნიშვნელოვანი ხარვეზების შესავსებად ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციის (International Association for the Study of Pain – IASP) დახმარებითა და თანადგომით შემუშავდა ქრონიკული ტკივილის შეფასებისა და მართვის ელექტრონული მულტიდისციპლინარული კურსი, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება ამ დისციპლინის დისტანციური სწავლების შემოღებისათვის ქვეყანაში.
 
კურსი ეფუძნება ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციის „ქრონიკული ტკივილის პროფესიული განათლების კურიკულუმს“. კურსის  მიზანი არ არის ტკივილის მართვის ყველა სფეროს მოცვა. „ტკივილის სპეციალური მართვის“ გარდა, რაც გათვალისწინებულია სპეციალისტ-კლინიცისტთა სათანადო პოსტდიპლომური მომზადებისათვის,   ის აქცენტს აკეთებს „ქრონიკული ტკივილის ზოგად მართვაზე“ - ტკივილის ხშირ სინდრომებსა და ბაზისური მკურნალობის სახეებზე.
 
მულტიდისციპლინარული ელექტრონული კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს ცოდნას იმის შესახებ, თუ:  როგორ გამოავლინოს ქრონიკული ტკივილით შეპყრობილი პაციენტები; როგორ გაზომოს ტკივილის ინტენსიურობა და მისი გავლენა პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე; გაარკვიოს, როდის, რა მდგომარეობაში, როგორ აღიქვამს და განიცდის პაციენტი ტკივილს; ანალგეზიის რა მეთოდები არსებობს, რა მეთოდს უნდა მიეცეს უპირატესობა; განსაზღვროს, რა სქემებია და შკალებია საჭირო ტკივილის შესაფასებლად სხვადასხვა კატეგორიისა და პათოლოგიური მდგომარეობის მქონე პაციენტებში მკურნალობისადმი ფარმაკოლოგიური და არა-ფარმაკოლოგიური მიდგომების სწორად შერჩევისათვის; აგრეთვე იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს მკურნალობის დიფერენცირება და ტკივილის  მართვის ეფექტურობის შეფასება.
 
მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქრონიკული ტკივილის შემდეგი სახეები: ქრონიკული კიბოსმიერი ტკივილი; ქრონიკული არა-კიბოსმიერი ტკივილი და გამჭოლი(ზეზღურბლოვანი)  ტკივილი.   კურსის მოდულის თითუეულ თავს ერთვის კითხვები  და ტესტები თვითშემოწმებისათვის. ტესტების პასუხები მსმენელმა ელ-ფოსტით უნდა გააგზავნოს  კურსის ადმინისტრაციის მისამართზე (იხ. ქვემოთ).
 
ვიმედოვნებთ, ეს კურსი დიდ დახმარებას გაუწევს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალს; ექიმებს, სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტებს, რეზიდენტებს,  ექთნებს, ქრონიკული ტკივილის პრობლემით დაინტერესებულ პირებს, პაციენტებს, მათ მომვლელ პერსონალსა და ქრონიკული ტკივილის საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ყოველივე ეს კი საფუძველს ჩაუყრის ქრონიკული ტკივილის ეფექტურ შეფასებასა და მართვას, საბოლოო ჯამში კი,  ტკივილის მართვის კარგი პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტთა საკეთილდღეოდ.
 
ელექტრონული მულტიდისციპლინარული კურსის მასალა კურსის ორგანიზატორთა და ავტორთა კუთვნილებას წარმოადგენს. არცერთი ნაწილი არ შეიძლება იქნეს კოპირებული და გამრავლებული არანაირი სახით ავტორთა წერილობითი თანხმობის გარეშე საავტორო უფლებების დაცვის მიზნით.
 
კურსის ფარგლებში რეგისტრაციის გარეშე გთავაზობთ ერთ თავს. კურსის მოდულის სრული მასალა განთავსებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია მხოლოდ კურსზე დარეგისტრირებული მსმენელისათვის.
 
კურსის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ „ტკივილის შესწავლის  ფორუმში“,  გამოთქვან აზრი და შეაფასონ კურსის მასალა (თანდართული კურსის შეფასების ფორმის შევსების საშუალებით). მათი ყველა მოსაზრება, კომენტარი თუ შენიშვნა განხილული იქნება კურსის ადმინისტრაციის მიერ და, შესაბამისად, გათვალისწინებული კურსის შემდგომი დახვეწისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით. ამის გარდა, კურსის ნებისმიერ მესმენელს (სტუდენტს) მოეთხოვება შეავსოს „კურსის შეფასების კითხვარი“, რომელიც ანონიმურია.
 
უწყვეტი პროფესიული განათლების სერთიფიკატის მიღების სურვილის შემთხვევაში კურსის გავლის შემდეგ მსმენელმა განცხადებით უნდა მიმართოს კურსის ხელმძღვანელს.
 
კურსზე დარეგისტრირების მსურველმა საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან განაცხადი (იხ.ქვემოთ დანართი) უნდა გააგზავნოს კურსის ადმინისტრაციის მისამართზე: pain.georgiancourse@gmail.com
 
კურსის ხელმძღვანელი:

ნანული ნინაშვილი

ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციის
მუდმივი წევრი;  ტკივილის მსოფლიო ინსტიტუტის წევრი,
თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის
ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის
დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი
 
ტელ: 595 956107
 
Назад к содержимому | Назад к главному меню