თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება №24/2
(2017 წლის 15 დეკემბერი)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო
3. სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში - საბჭოს თავმჯდომარე), რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნას პროფესორი. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნას თავად კანდიდატის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. საბჭოს თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა შეადგენს 1 თვეს. არჩევნების თარიღს ადგენს საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენში ფიქსირდება დარეგისტრირებული ყველა კანდიდატი, რომლებიც საბჭოს წევრებს წარუდგენენ საკუთარ ხედვას სადისერტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ (26.09.2014)“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 3. მოთხოვნები სადისერტაციო ნაშრომისადმი
5. დისერტაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ხელნაბეჭდ გვერდს, გამოყენებული ლიტერატურის და დანართების გარეშე.
დისერტაციის გაფორმებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ქაღალდის ფორმატი - A4, შრიფტი - AcadNusx ან Sylfaen, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა მხრიდან - 2 სმ, მარჯვენა მხრიდან - 1,5 სმ, მარცხენა მხრიდან - 3 სმ.
დისერტაცია სრულად უნდა ასახავდეს:
ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების შესახებ - შესავალი;
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას სადოქტორო კვლევის თემის შესახებ, მათ შორის - ბოლო 10 წლის მინაცემებით,
კვლევის მასალის და მეთოდოლოგიის/მეთოდიკის აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების დეტალურ და თვალსაჩინო აღწერას,
შედეგების სარწმუნობის დამადასტურებელი კრიტერიუმების აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების განხილვას და ანალიზს,
მიღებულ სამეცნიერო დასკვნებს,
შედეგების სამეცნიერო თეორიულ და/ან პრაქტიკულ მნიშვნელობას,
გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას,
ნაშრომის ანოტაციას ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების, კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შესახებ;
დანართის სახით - სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ასლებს.
სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხის გაფორმებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს ანბანური თანამიმდევრობით, ან ლიტერატურის მიმოხილვაში მოცემული მიმდევრობის შესაბამისად;
ბ) წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას მიეთითება ნაშრომის სახელწოდება, ავტორების გვარი და ინიციალები, ქალაქი, გამომცემლობა, წელი;
გ) სამეცნიერო ნაშრომის მითითებისას უნდა აღინიშნოს ავტორის (ავტორთა) გვარი და ინიციალები, ნაშრომის სახელწოდება, სამეცნიერო ჟურნალის დასახელება ან მისი საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურა, გამოცემის წელი, ტომი, ნომერი, საწყისი და ბოლო გვერდები;
დ) საავტორო მოწმობის, გამოგონებისას მიეთითება ყველა ავტორი, გამოგონების (პატენტის) სახელწოდება, საავტორო მოწმობის ნომერი, კლასი, განცხადების შეტანის თარიღი, გამოქვეყნების თარიღი, ბიულეტენის ნომერი;
ე) დისერტანტის ავტორობით/თანაავტორობით შესრულებული შრომები მიეთითება აღნიშნული მოთხოვნების დაცვითა და ყველა თანაავტორის გვარის მითითებით.
• აღნიშნული წესების დაცვის გარეშე წარმოდგენილი დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს მიერ უბრუნდება აკადემიური ხარისხის მაძიებელს. იგი ხელმეორედ განსახილველად მიიღება სათანადო ცვლილებების შემდეგ.
• თუ თანაავტორობით მიღებული და სამეცნიერო პუბლიკაციაში ასახული სამეცნიერო შედეგი უკვე წარმოდგენილია დისერტაციის შედეგად ერთ-ერთი ავტორი მიერ,
დანარჩენი ავტორების მიერ ამ შედეგის კვლავ საკუთარ ძირითად შედეგ(-ებ)ად წარმოდგენა დაუშვებელია (29.06.2015)“.
3. მე-4 მუხლის მე-2, მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დისერტაციის წარდგენა სადისერტაციო საბჭოში (26.09.2014)
2. სადისერტაციო ნაშრომი მხარდაჭერილი უნდა იყოს პროფესიული/დარგობრივი ასოციაციების/საზოგადოების მიერ.
2.1. სადისერტაციო ნაშრომის ორ რეცენზენტს (ნაშრომის თემატიკის გათვალისწინებით), რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს იმ დეპარტამენტის წარმომადგენელი, სადაც შესრულდა ნაშრომი, გამოყოფს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც უნდა ჩატარდეს აპრობაცია.
2.2. რეცენზენტი შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი მეცნიერების იმ დარგში, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია. რეცენზენტი შესაძლებელია იყოს როგორც თსსუ-ის აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოც. პროფ., ასისტენტ-პროფ.), ასევე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი.
2.3. რეცენზენტი არ შეიძლება იყოს: დისერტანტის ხელმძღვანელი, დისერტაციის თემატიკასთან დაკავშირებულ ნაშრომთა თანაავტორი.
2.4. რეცენზენტის დასკვნაში უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის სამეცნიერო აქტუალობა, სიახლე, ორიგინალობა, თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნოობა, დისერტაციის სტრუქტურა, გაფორმების ხარისხი და ენობრივი გამართულობა.
2.5. რეცენზენტის ან/და აპრობაციაზე გამოთქმული შენიშვნები სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით გაზიარების შემთხვევაში დისერტანტის მიერ უნდა გასწორდეს ხელმძღვანელის მეთვალყურეობით სადისერტაციო საბჭოში მის გადაცემამდე“.
„12. სადისერტაციო საბჭოს წევრებს დისერტაცია გადაეცემათ ელექტრონული ფორმით (CD დისკის სახით PDF ფაილი) დაცვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. დისერტაციის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა თსსუ-ის ბიბლიოთეკას და ინფორმაცია დისერტაციის დაცვის შესახებ განთავსდება თსსუ-ის ვებ-გვერდზე. დაცვის შემდეგ დისერტაცია ფოსტით იგზავნება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში“.
4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დისერტაციის დაცვა (26.09.2014)
3. დისერტაციის საჯარო დაცვის პროცედურა ითვალისწინებს:
ა) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დისერტანტის წარდგენას, მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობების, დისერტაციის ირგვლივ არსებული დოკუმენტაციის საბჭოს წევრებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობას;
ბ) დისერტანტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის მოხსენებას (არაუმეტეს 30 წუთისა) (26.09.2014);
გ) შეკითხვებს დისერტანტისადმი და მათზე დისერტანტის პასუხებს (26.09.2014); დ) ექსპერტთა საჯარო გამოსვლას და სადისერტაციო ნაშრომის სრულყოფილ ანალიზს;
ე) დისერტანტის პასუხს ექსპერტთა მიერ გამოთქმულ შეკითხვებზე, რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე (26.09.2014);
ვ) აზრის გამოთქმას, სამეცნიერო დისკუსიას (26.09.2014);
ვ1) დისერტანტის დახასიათებას ხელმძღვანელის/-ების მიერ; ზ) თავმჯდომარის შემაჯამებელ შეფასებას;
თ) ფარულ კენჭისყრას“.
5. დანართი 1-ის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1.
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
7. დისერტაციის დასტამბული ნიმუში (4 ეგზემპლიარი) და მისი ელექტრონული ვერსია“.
6. დანართი 5 (ამოღებულია).
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio