დამტკიცებულია
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2024 წლის  27 ნოემბრის 
#23/15 დადგენილებით



სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი
1.სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”) კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”)  წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულს. ცენტრი შექმნილია, როგორც  სასწავლო და საგამოცდო ბაზა კლინიკური, მულტიდისციპლინური, სიმულაციური სწავლისა და შეფასებისათვის მედიცინის დარგში; დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების (როგორც სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიანი, ასევე, საბაკალავრო და სარეზიდენტო პროგრამებში, ასევე,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში) და უწყვეტი პროფესიული განათლებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებისა და მათ განხორციელებაში მონაწილეობისათვის.
2.ცენტრის უფლებამოსილებანი, ფუნქციები, ვალდებულებები და მართვის ორგანიზაცია განისაზღვრება წინამდებარე  დებულებით.
3.ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით,  შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი  აქტებით. 
4. ცენტრის სრული სახელწოდებაა : 
ა) ქართულ ენაზე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრი“. 
ბ) ინგლისურ ენაზე  - ცენტრი“, „Clinical Skills and Multidisciplinary Simulation Centre”. 
5. ცენტრს  აქვს საკუთარი ლოგო, ბეჭედი. 
6. ცენტრის  იურიდიული მისამართია:   ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, უნივერსიტეტი, I სასწავლო კორპუსი, I-II სართული. 
7.  ცენტრის ელექტრონული ფოსტის მისამართი: CSMSC@tsmu.edu. 
8. ცენტრის  ოფიციალური ვებ-გვერდია: bit.ly/tsmucsc.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები 

1.ცენტრის  ძირითადი მიზნებია:
ა) თავისუფალ და სოციალურ სამართლებლივ გარემოში, გამართული ტექნიკური აღჭურვილობით სასწავლო და საგამოცდო პროცესის წარმართვა და გაუმჯობესება;
ბ) ცენტრში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) ცენტრის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

მუხლი 3. ცენტრის ამოცანები

1.ცენტრის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: 
ა)კლინიკური და პრაქტიკული უნარების შესაფასებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების სისტემის დანერგვა, სწავლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ცოდნისა და უნარების სარწმუნო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად რეკომენდაციების მომზადება;
ბ) კლინიკური უნარების ასათვისებლად დიპლომამდელი სამედიცინო განათლების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისთვის სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების მომზადება, მისი მუდმივი სრულყოფა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; 
გ) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების (OSCE) და ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდების (OSPE) ორგანიზება და ეფექტიანად ჩატარების უზრუნველყოფა, გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი, გამოცდების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების მომზადება;
დ) ცენტრი კლინიკური და პრაქტიკული უნარების შესაფასებას, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდების (OSCE) და ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდების (OSPE) ჩატარებას უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების სისტემით;
ე)  სტანდარტულ პაციენტთა მომზადების სპეციალური კურსების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) პროფესიული განვითარების პროგრამების ფარგლებში საგამოცდო შეფასების სისტემის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტებთან და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) სასწავლო და საგამოცდო პროცესში მულაჟებსა და მანეკენზე ჩატარებული მანიპულაციების შეფასება, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში არსებული მონიტორინგის სისტემის გამოყენებით;
თ) დამხმარე ტექნიკური მოწყობილობის, მულაჟების, სიმულატორების, მანეკენების და სადიაგნოსტიკო აპარატურის ბაზარზე არსებული ერთეულების შესწავლა და ცენტრისთვის საჭირო განახლებების ინიცირება;
ი) სასწავლო დეპარტამენტების, მოწვეული პედაგოგების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ტრენირება ცენტრის სამოქმედო არეალში არსებული საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად;
კ) ცენტრის მიერ ორგანიზებული OSCE-ის და OSPE-ს გამოცდებში მონაწილე პირებისთვის (მათ შორის გამოცდაში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვი) სტანდარტიზაციის ტრენინგის ჩატარება გამოცდის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
ლ) სიმულატორებთან და მანეკენებთან მუშაობისას ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა ცენტრში;
მ) ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე ცენტრში დასაქმებულ პირთა  მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ნ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებზე ცენტრში დასაქმებულ პირთა დასწრების უზრუნველყოფა;
ო) ცენტრის სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, ცენტრში დასაქმებულ პირთა სხვადასხვა დარგში გადამზადება;
პ) საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებშიმონაწილეობა და მათ ორგანიზებაში ჩართვა; 
ჟ) სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციების/პროცედურების ჩატარების შესახებ სასწავლო-საგანმანათლებლო მასალების, წიგნების, ბროშურების, ბუკლეტების, პოსტერების მომზადება და გავრცელება ცენტრის ინტერესების გათვალისწინებით;
რ) ცენტრის ცნობადობის ამაღლების მიზნით აქტივობების განხორციელება (მაგ.: ცენტრში ღია გაკვეთილების მოწყობა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, სხვა სატელევიზიო გადაცემებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში,  უნივერსიტეტის ღია კარის დღეებში, განათლებისა  მეცნიერების კვირეული მონაწილეობა და ა.შ.);
ს) ინოვაციური სასწავლო აქტივობების დაგეგმვა, მულტიმედიისა და ინტერნეტ რესურსების საშუალების გამოყენება და ჩართვა სასწავლო პროცეში პრაქტიკული საკომუნიკაციო უნარების დემონსტრირებისა და სწავლების გაუმჯობესებისათვის;
ტ) დიპლომისშემდგომ გადამზადების პროგრამების შემუშავება სამუშაო ადგილების სპეციფიკის გათვალისწინებით, კლინიკური სადიაგნოსტიკო პროცედურების და სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შესახებ სპეციალური სასწავლო კურსის შემუშავება და განხორციელება;
უ) უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამების მომზადება პროფესიული კლინიკური უნარების სრულყოფის მიზნით, სხვადასხვა პროფილის ექიმებისთვის (მაგ, რეანიმატოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, მეან-გინეკოლოგებისთვის, ოფთალმოლოგებისთვის, ოტორინოლარინგოლოგებისთვის და სხვა);
ფ) პრაქტიკული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების შესახებ და პირველი გადაუდებელი დახმარების ჩატარების (გაწევის) სპეციალური პროგრამების  მომზადება და ტრეინინგების ჩატარება არასამედიცინო დარგის პროფესიონალთათვის;
ქ) ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლებაში სიმულაციური სწავლების გამოყენების ადგილობრივი ასოციაციების შექმნა, უნივერსიტეტთან   შეთანხმებით; 
ღ) თანამშრომლობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სასწავლო-მეთოდური დახმარების, დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 4.  ცენტრის თანამშრომლობა

1.ცენტრი   განსაზღვრული მიზნების მისაღწევად  თანამშრომლობს:
ა) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან;
ბ) საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებთან;
გ) საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან;
დ)საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე)ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ცენტრი ურთიერთობს, უნივერსიტეტის ინტერესების დაცვითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

მუხლი  5. ცენტრის სტრუქტურა 

1.ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის  დირექტორი.
2. ცენტრს ჰყავს მართვის აპარატი, ძირითადი და დამხმარე პერსონალი. 
3. ცენტრში დასაქმებულთა თანამდებობები განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით; 
მუხლი 6. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნიერსიტეტის რექტორი.
2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე;
3. ცენტრის დირექტორი: 
1. ახორციელებს ცენტრის  ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას;
2. წარმართავს ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს; 
3. ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესასრულებლად  სავალდებულო მითითებებს და დავალებებს;
4. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
5. უზრუნველყოფს სასწავლო დეპარტამენტების, მოწვეული პედაგოგების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნას;
6. სასწავლო და საგამოცდო პროცესის განსახორციელებლად უნივერიტეტის რექტორს დამატებით წარუდგენს  შერჩეულ კანდიდატურებს  შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
7. ახორციელებს  ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, წახალისებისა და მათთვის დისციპლინური  პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენას რექტორის წინაშე;
8.მოთხოვნის შესაბამისად, რექტორს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;
9. პასუხისმგებელია ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვასა და მის მიზნობრივად გამოყენებაზე;
10. ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  საქმიანობას,   რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებს;
11. პასუხისმგებელია კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე.
4. ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, დისციპლინური და სხვა ხასიათის ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს ცენტრის დირექტორის მიერ რექტორთან შეთანხმებით დამტკიცებული  ცენტრის სამოქმედო გეგმით. 
5. ცენტრის დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6. ცენტრის დირექტორი, უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ფარგლებში ან  მინდობილობით, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.
7. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას   ასრულებს  დირექტორის  მოადგილე  რექტორთან შეთანხმებით,  შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.   

მუხლი  7. ცენტრის   ძირითადი და დამხმარე პერსონალი

1.ცენტრში განსაზღვრულია ძირითადი პერსონალის - ცენტრის დირექტორის, ცენტრის დირექტორის მოადგილისა და სპეციალისტების, ასევე, დამხმარე პერსონალის - მოწვეული ტექნიკოსებისა და ლაბორანტი პრეპარატორების თანამდებობები.
2. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით. 
3. ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ცენტრის ძირითად და დამხმარე პერსონალს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
5. ცენტრის ძირითადი პერსონალის სპეციალისტები ცენტრის დირექტორის დავალებით უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.
6. ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მოწვეული პირები - ტექნიკოსები და ლაბორანტი პრეპარატორები ცენტრის დირექტორის დავალებით.

მუხლი 8.  ცენტრის  ქონება 

1. ცენტრი   თავისი   საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს თსსუ-ის უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა– პატრონობა. 
2. ცენტრის  სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას ან გასხვისებას (იჯარა, გაქირავება, გაყიდვა, სარგებლობაში გადაცემა) ახორციელებს თსსუ, ცენტრის  ინიციატივით კანონმდებლობის  შესაბამისად;

მუხლი  9.  ცენტრის დაფინანსება  და ხარჯები

1. ცენტრის შემოსავალის წყარო  შეიძლება იყოს:
1.1 კლინიკური უნარ-ჩვევების, სამედიცინო განათლების და პროფესიული განვითარების  შესახებ პროგრამების განხორციელებიდან მიღებუი შემოსავალი;  
1.2.  ცენტრის  ეკონომიკური საქმიანობებიდან მიღებული შემოსავალი.
1.3.   სამეცნიერო გრანტის ფარგლებში მიღებული შემოსავლები.
1.4. სატენდერო კონკურსებში გამარჯვების შედეგად განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
1.5. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის შემოსავლებისა და ხარჯების ოპერირება ხდება უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით.   
          
მუხლი  10.   ცენტრის ეკონომიკური საქმიანობა

1. ცენტრი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს წინამდებარე დებულებით, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
2. ცენტრი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას იყენებს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ სახარჯთაღრიცხვო ფასებსა და ტარიფებს.
3. ცენტრის  ინფრასტრუქტურის განვითარების, საოფისე ინვენტარით, ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და საჭირო მასალებით აღჭურვის პროცედურებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტის მიერ თსსუ-ში წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 
5.  ცენტრი  ადგენს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წლიურ ბალანსს და წარუდგენს თსსუ-ის ადმინისტრაციას.               


მუხლი 11.  ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1.ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

მუხლი 12.   გარდამავალი დებულებები 

1.დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს სსიპ -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრის  დებულება, დამტკიცებული 2012 წლის 8 თებერვლის წარმომადგენლობითი საბჭოს N 23/3 დადგენილებით. 
3. წინამდებარე დებულებასთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი ცენტრის მუშაობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები. 
4. დებულება ძალაშია თსსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს დამტკიცებისთანავე.