დამტკიცებულია
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2024 წლის 27 ნოემბრის # 23/15
  დადგენილებით 


სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის
დებულება
მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. წინამდებარე დებულება წარმოადგენს სსიპ - თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის  საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ძირითადი მიმართულებების მარეგულირებელ შიდა ადმინისტრაციულ  სამართლებრივ აქტს.

მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და სტატუსი

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის (შემდგომში „კლინიკა“) არის სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსსუ”) სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფუნქციობს თსსუ-ის მიერ  დელეგირებული და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
2. კლინიკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თსსუ-ის წესდებით, თსსუ-ის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებითა და წინამდებარე დებულებით.
3. კლინიკის სრული სახელწოდებაა:
ა) ქართულ ენაზე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა;
ბ) ინგლისურ ენაზე Givi Zhvania Pediatric University Clinic of Tbilisi State Medical  University.
4. კლინიკას აქვს საკუთარი ლოგო, ბეჭედი, ბლანკი (სატიტულო ფურცელი).
5. კლინიკას გააჩნია საბანკო ქვეანგარიშები და საგრანტო ანგარიშები.
6. კლინიკის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა #11, 15, საფოსტო ინდექსი 0159. მითითებულ მისამართზე უნივერსიტეტი ახორციელებს, სამედიცინო მომსახურებას, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას.
7. კლინიკის ოფიციალური ვებ-გვერდი www.zhvaniaclinic.ge, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართი - zhvaniaclinic@tsmu.edu.
8. კლინიკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც  არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 3. კლინიკის მიზანი

1. კლინიკის ძირითადი მიზანია  დიპლომამდელი (საბაზისო) და      დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა) უწყვეტი პროფესიული მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის განსახორციელებლად უნივერსიტეტის კლინიკური ბაზით უზრუნველყოფა, პაციენტთათვის პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების - სერვისის და მკურნალობის მიწოდება, როგორც სტაციონარულ ისე ამბულატორიულ პირობებში, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით პაციენტთა ნდობის მოპოვება.

მუხლი 4. კლინიკის  ფუნქციები

1. კომპეტენციის ფარგლებში, კლინიკის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებით;
ბ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული პროგრამების წარმართვა;
გ) სამედიცინო და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
დ) სახელმწიფო და საერთაშორისო სამედიცინო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი, კონგრესი, ყრილობა) ორგანიზაცია და მონაწილეობის მიღება;
ვ) თანამშრომლობა და პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროფილურ ორგანიზაციებსა და პროფესიულ ასოციაციებთან;
ზ) საექიმო სპეციალობებში, მომიჯნავე საექიმო სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების შიდა სააკრედიტაციო ექსპერტიზა, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად საჭირო სასწავლო - საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და პროფესიული საქმიანობის მიღმა დარჩენილი სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამებით უზრუნველყოფა;
ი) მაღალმთიანი, დაშორებული, საზღვრისპირა, სოციალურ - ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით პრიორიტეტული რეგიონების სამედიცინო კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში გადამზადების, რეზიდენტურასთან გათანაბრებული სასწავლო პროგრამების და   კურსების მომზადებისა და ამოქმედებისათვის ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. კლინიკა საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით გაფორმებული  ხელშეკრულებებით, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

მუხლი 5. კლინიკის მართვის პრინციპები

კლინიკის მართვა ხორციელდება კანონიერების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპით;
კლინიკა უზრუნველყოფს:
ა) მაღალი ხარისხის სამედიცინო საქმიანობის განხორციელებას კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპით;
ბ)გადაწყვეტილებათა ღიაობას და საყოველთაო ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) კლინიკაში დასაქმებულთა, სამედიცინო პერსონალისა და სტუდენტების აკადემიურ თავისუფლებას;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე)  კონკურსების სამართლიანობას და გამჭვირვალობას, მათ საჯაროობას.
1. უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

მუხლი 6. კლინიკის სტრუქტურა და  მართვის ორგანოები

1. კლინიკის ხელმძღვანელობას ახორციელებენ აღმასრულებელი დირექტორი და სამედიცინო დირექტორი.
2. კლინიკის საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ და საფინანსო–ეკონომიკურ საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი.
3. კლინიკის სამედიცინო საქმიანობის მართვას ახორციელებს სამედიცინო დირექტორი.
4. კლინიკას აქვს თავისი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომელსაც სამედიცინო დირექტორის თანხმობით და აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო.
5. კლინიკური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, სამედიცინო დირექტორთან შეთანხმებით.

მუხლი 7. აღმასრულებელი დირექტორი

1. კლინიკის ხელმძღვანელობას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თსსუ-ის კანცლერის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თსსუ-ის რექტორი.

2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს და გაწეული მუშაობის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია თსსუ-ის სათანადო სტრუქტურული ერთეულების წინაშე;
ბ) სამედიცინო დირექტორთან ერთად ამტკიცებს კლინიკის შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობისა და თსსუ–ის წესდების შესაბამისად;
გ) კონტროლს უწევს კლინიკის მიერ საქართველოს საკანონმდებლო აქტების, თსსუ-ის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების და დავალებების სათანადოდ შესრულებას;
დ) უნივერსიტეტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს კლინიკას;
ე) თსსუ-ის მიერ გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ზ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
თ) ანაწილებს უფლება-მოვალეობებს კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს, მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ი) ახორციელებს კოორდინირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან;
კ) კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ლ) ხელს უწყობს კლინიკის თანამშრომელთა ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;
მ)  ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვას, მარკეტინგს და საზოგადოებასთან ურთიერთობას თსსუ-ის საერთო სტრატეგიისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, სამედიცინო დირექტორთან შეთანხმებით;
ნ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კლინიკის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პერსონალს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
ო) სამედიცინო დირექტორთან შეთანხმებით ადგენს კლინიკის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის (მათ შორის სახელფასო ფონდის) პროექტს, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) ხელმძღვანელობს ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიის პროექტის შემუშავებას;
ჟ) სამედიცინო დირექტორთან ერთად პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებაზე.
რ) სამედიცინო დირექტორთან ერთად მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია კლინიკის სერვისების დატვირთვის სამიზნე მაჩვენებლების უზრუნველყოფაზე;
ს) ხელმძღვანელობს კლინიკის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, კომპენტეციის ფარგლებში, განკარგავს ფინანსურ სახსრებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის სარგებლობაში გადაცემულ ქონებასა და ფულადი სახსრების ხარჯვაზე.
ტ) კლინიკის ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურებს შესათანხმებლად წარუდგენს თსსუ-ის კანცლერს;
უ) სამედიცინო პერსონალს და კლინიკური სამსახურების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამედიცინო დირექტორთან შეთანხმებით.

3. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალებას ასრულებს სამედიცინო დირექტორი ან კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

4. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება, შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 8. სამედიცინო დირექტორი

1. კლინიკის სამედიცინო საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს სამედიცინო  დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თსსუ-ის რექტორი.
2. კლინიკის სამედიცინო დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება.
3. სამედიცინო დირექტორის საქმიანობის მიზანია კლინიკის სამედიცინო საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა. კლინიკაში წარმოებული სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ორგანიზება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამედიცინო დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალებას ასრულებს კლინიკის კლინიკური მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
5. სამედიცინო დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს კლინიკის სამედიცინო საქმიანობას;
ბ)კლინიკური სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურებს შესათანხმებლად წარუდგენს თსსუ-ის რექტორს, აღმასრულებელი დირექტორის თანხმობით;
გ) კოორდინაციას უწევს კლინიკის სამედიცინო სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ურთიერთქმედებას.
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ე) ამტკიცებს სამედიცინო სტანდარტებს და უზრუნველყოფს შესრულების მონიტო-რინგს;
ვ) უზრუნველყოფს რეკომენდაციებისა და პროტოკოლების დანერგვას;
ზ) ზედამხედველობას უწევს კლინიკის ხარისხის მართვისა და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას;
თ) ხელმძღვანელობს კლინიკური მენეჯერის საქმიანობას;
ი) ზედამხედველობას უწევს კლინიკის სამედიცინო სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების საქმიანობას;
კ) ზედამხედველობას უწევს კლინიკის მიერ დიპლომამდელი (საბაზო), დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, რეზიდენტურის ალტერნატიული ფორმა) და უწყვეტი პროფესიული განვითარების (პროფესიული მზადება და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება) პროგრამების განხორციელებას;
ლ) აღმასრულებელი დირექტორისაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოდის კლინიკის სახელით საქართველოს და უცხო ქვეყნების სამედიცინო, სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
მ) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
ნ) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია კლინიკის სერვისების დატვირთვის სამიზნე მაჩვენებლების უზრუნველყოფაზე;
ო) შესაძლებელია, განახორციელოს აღმასრულებელი დირექტორისაგან დელეგირებული სხვა უფლებამოსილებები, რომელიც არ სცდება სამედიცინო საქმიანობის ორგანიზების და მართვის და შესაბამისი პასუხისმგებლობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს;

6. სამედიცინო დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში; 
დ) გარდაცვალებისას;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 9. კლინიკის ქონება

1. კლინიკა, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, იყენებს თსსუ-ის მოძრავ და უძრავ ქონებას. კლინიკა ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების დაცვა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.
2. კლინიკის სარგებლობაში გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას (კლინიკასთან შეთანხმებით), ასევე, გასხვისებას ახორციელებს თსსუ.

მუხლი 10. კლინიკის დაფინანსება და ხარჯები

1. კლინიკის დაფინანსების წყაროებია:
ა) კლინიკის სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; 
ბ) თსსუ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
დ) კლინიკის ყველა შემოსავალი განიხილება, როგორც თსსუ-ის შემოსავალი.
2. კლინიკის ქვეანგარიშებიდან თანხების განკარგვა (კომუნალური ხარჯები და სახელფასო ანაზღაურება, ასევე, სხვა ხარჯების გაწევა, რომელიც არ ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სხვა) ხორციელდება თსსუ-ის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. ნაერთი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და დამტკიცების მიზნით, კლინიკა თსსუ-ის განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად.
4. კლინიკა ვალდებულია, თსსუ-ის წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

მუხლი 11. კლინიკის ეკონომიკური საქმიანობა

1. კლინიკის ეკონომიკურ და ქონებრივ ურთიერთობებს, ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვას, დადგენილი წესით, ახორციელებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი თსსუ-ის მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.
2. კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარების, საოფისე ინვენტარით, ეკონომიკური     საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ - ტექნიკური აღჭურვილობითა და საჭირო მასალებით აღჭურვის პროცედურებს, კლინიკის მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თსსუ-ის ადმინისტრაცია.
3. კლინიკა ადგენს საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების წლიურ ბალანსს და წარუდგენს თსსუ-ის ადმინისტრაციას. 
4. კლინიკა თსსუ-სთან შეთანხმებით განსაზღვრავს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს.

მუხლი 12. აღრიცხვა და ანგარიშგება

1. კლინიკის წლიური შედეგები - შემოსავლები და მის მიერ გაწეული ხარჯები აისახება კლინიკის საანგარიშო საბუღალტრო ანგარიშებში და თსსუ-ის ნაერთ ბალანსში. კლინიკა ვალდებულია შეადგინოს საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების ბალანსი (წლიური) და წარუდგინოს თსსუ-ის ადმინისტრაციას.

მუხლი 13. შრომის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. კლინიკა ხელმძღვანელობს თსსუ-ში არსებული და კლინიკაში დამტკიცებული შრომის უსაფრთხოების და  პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და უზრუნველყოფს შესაბამისი რეგულაციების შესრულებას.

მუხლი 15. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კლინიკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. გარდამავალი დებულებები:

1. წინამდებარე დებულება ამოქმედდეს 2024 წლის 01 დეკემბრიდან.
2. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თსსუ-ის წესდებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წინამდებარე დებულების ამოქმედებისთანავე განხორციელდეს შესაბამისი აუცილებელი ღონისძიებები, რომლისთვისაც 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვროს გარდამავალ პერიოდად.
4. წინამდებარე დებულების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს   წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 25 იანვრის #23/1 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დებულება.