დამტკიცებულია
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2024 წლის 22 მაისის
#23/10 დადგენილებით
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის
დებულება
მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება წარმოადგენს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო/კვლევითი, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ძირითადი მიმართულებების მომწესრიგებელ შიდა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და სტატუსი
1. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი (შემდგომში-,,ინსტიტუტი”) არის სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსსუ”) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.
2. ინსტიტუტი, თსსუ-ის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საკონსულტაციო, საექსპერტო და კანონით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
3. ინსტიტუტი, თავის საქმიანობაში, ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ”საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, თსსუ-ის წესდებით და წინამდებარე დებულებით.
4. ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა :
ა) ქართულ ენაზე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი;
ბ) ინგლისურ ენაზე - Iovel Kutateladze Institute of Pharmacochemistry of Tbilisi State Medical University.
5. ინსტიტუტს აქვს საკუთარი ლოგო, ბეჭედი, ბლანკი (სატიტულო ფურცელი).
6. ინსტიტუტს გააჩნია თსსუ-ის მიერ გახსნილი საბანკო ქვეანგარიშები და საგრანტო ანგარიშები.
7. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, პ. სარაჯიშვილის ქუჩა N 36. საფოსტო ინდექსი 0159. მითითებულ მისამართზე ინსტიტუტი ახორციელებს სამეცნიერო კვლევით და საგანმანათლებლოსაქმიანობას.
8. ინსტიტუტის ოფიციალური ვებგვერდია: www.ikip.tsmu.edu ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართი - ikip@tsmu.edu
9. ინსტიტუტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3. ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპები
1.ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კვლევის, სწავლისა და სწავლების აკადემიური თავისუფლება;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და განვითარება;
გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათ შორის აკადემიური, რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, ეთნიკური, სქესის, სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური და სხვა ნიშნით;
დ) სამართლიანობა, გამჭვირვალობა, საჯაროობა და სიტყვის თავისუფლება;
ე) აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების დაცვა;
2. ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
3.ინსტიტუტი ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის/პერსონალისათვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სწავლის/სამუშაო პირობების შესაქმნელად/უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4. ინსტიტუტის ხედვა, მიზნები და ღირებულებები
1.ინსტიტუტის ხედვაა - იყოს ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტი, რომელიც ეყრდნობა რა პიროვნულ განვითარებას, ემსახურება საზოგადოებას მაღალი ხარისხის განათლებითა და კვლევით.
2.ინსტიტუტის საქმიანობა, განხორციელებული ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
ა) აკადემიური თავისუფლება;
ბ) სრულყოფილებისკენ სწრაფვა;
გ)აკადემიური კეთილსინდისიერება;
დ)სოციალური პასუხისმგებლობა;
ე) სამართლიანობა;
ვ) საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ზ) პატრიოტიზმი.
3. ინსტიტუტის მიზანია:
ა) სამეცნიერო–კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, ეკონომიკური და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, სამეცნიერო საქმიანობის, ქიმიურ- ფარმაცევტული მრეწველობის განვითარება და ყოველმხრივი ხელშეწყობა;
გ) კოსმეტიკური და სამკურნალწამლო საშუალებების შექმნა კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია, წარმოება და რეალიზაცია.
დ) სამკურნალწამლო და კოსმეტიკური საშუალებებისთვის საჭირო მცენარეების მოყვანა და აღნიშნული მცენარეების და მათგან წარმოშობილი არაპირდაპირი პროდუქტების რეალიზაცია;
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) სამეცნიერო პერსონალის წახალისება;
ზ) სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ) მაგისტრების, დოქტორანტების და პროფესიული კადრების (ფარმაცევტულ და მონათესავე დარგებში) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) მესამე მისიის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში ჩართვა ან/და დაგეგმვა-განხორციელება.
მუხლი 5. ინსტიტუტის ფუნქციები და საქმიანობის სფერო
1.ინსტიტუტის ამოცანაა განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები ბუნებრივ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოვლენის, მათი ქიმიური ბუნების, სინთეზური და ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი ნაერთების მიღების, ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შესწავლის, წინაკლინიკური კვლევების, ინსტიტუტის მიერ საწარმოო პროდუქციის მიღების ტექნოლოგიების, ანალიზის მეთოდების შემუშავების მიმართულებით, ამის საფუძველზე, სამეცნიერო და შემდგომი რეალიზაციის მიზნით შექმნას სამკურნალო, კოსმეტიკური, ვეტერინარული და ალელოქიმიური პრეპარატები, ბიოლოგიურად აქტიური კვების დანამატები და პარასამკურნალო საშუალებები; გამოავლინოს პერსპექტიული სამკურნალო მცენარეები და შეისწავლოს მათი რესურსები და გავრცელების არეალები, მცენარეთა ზრდა-განვითარების ბიოლოგიური თავისებურებანი, აწარმოოს სამკურნალო მცენარეთა გენეტიკური ანალიზი, შექმნას მათი ბიობანკი, განახორციელოს აგრორეკომენდაციები და მოახდინოს სამკურნალო მცენარეების ინტროდუქცია, კულტივირება, მოყვანა და რეალიზაცია; აწარმოოს ნებადართული პრეპარატები და განახორციელოს მათი რეალიზაცია; აწარმოოს გამოყენებითი ხასიათის სამუშაოები სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით; მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები ბუნებრივ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ფარმაცევტული, ფარმაკოქიმიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ანალიზური, ტექნოლოგიური კვლევების დარგში.
2. ინსტიტუტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
გ) თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თსსუ-ის დებულებით/თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით;
ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში წინამდებარე დებულებით ან/და თსსუ-ის წესდებით დადგენილი წესით;
ვ) თსსუ-ის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ზ) თსსუ-ის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
თ) აუცილებლობის შემთხვევაში, დროებით (არაუმეტეს 6 თვის ვადით,) მოიწვიოს მეცნიერი ან სპეციალისტი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად;
ი) დაარეგისტრიროს საავტორო უფლება პრეპარატებზე;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
მუხლი 6. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
1.ინსტიტუტის მართვის ორგანოებია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი, ოპერაციული დირექტორი.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას და განვითარებას წარმართავს სამეცნიერო საბჭო.
3. ინსტიტუტის საორგანიზაციო საქმიანობას, კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ და საფინანსო–ეკონომიკურ მართვას ახორციელებს ოპერაციული დირექტორი.
5. ინსტიტუტს აქვს თავისი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომელსაც დირექტორის და ოპერაციული დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფიტოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი
• ლიპიდებისა და ანტრაქინონების მიმართულება.
• ალკალოიდების მიმართულება.
• სტეროიდული შენაერთების მიმართულება.
• ტერპენული შენაერთების მიმართულება
• ფენოლური შენაერთების მიმართულება.
• ფარმაკობოტანიკის მიმართულება.
• ფერმენტოლოგიის მიმართულება.
ბ)მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის დეპარტამენტი.
გ) ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი
დ) ფარმაცევტული პროდუქტის, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და კოსმეტოლოგიურ საშუალებების ფორმათა ტექნოლოგიის დეპარტამენტი .
• ფარმაცევტული პროდუქტის ტექნოლოგიის მიმართულება;
• ბად-ის მიმართულება, კოსმეტოლოგიურ საშუალებათა მიმართულება.
ე)კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი
7. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სამეცნიერო საბჭოს მიერ და მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
7. არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორთან შეთანხმებით, ოპერაციული დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 7. ინსტიტუტის პერსონალი
1.ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.
2.ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნებიან მეცნიერები და პოსტდოქტორანტები;
ა) მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით;
3. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან ინსტიტუტის დირექტორი, ოპერაციული დირექტორი.
5. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ინსტიტუტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის და ინსტიტუტის ოპერაციული მართვისათვის აუცილებელი სხვა პირები.
6.ინსტიტუტის პერსონალის უფლება-მოვალეობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, თსსუ-ის წესდებით, წინამდებარე დებულებით, ინსტიტუტის შინაგანაწესით და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით.
მუხლი 8. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის კონკურსის ჩატარებისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2.კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
3.განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და სხვა თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგებს ამტკიცებს თსსუ-ის აკადემიური საბჭო.
5.კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო პერსონალსა და ინსტიტუტს შორის ფორმდება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელს აწერენ დასაქმებული და ინსტიტუტის დირექტორი.
6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის:
გ.ა) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი .
გ. ბ) თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც უვადოდ აირჩა, 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას;
დ) პოსტდოქტორანტად თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
8. სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად დამატებით პირობებს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს.
9.სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულებისშეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
ვ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა;
ზ)გარდაცვალება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
10. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება თსსუ-ის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
მუხლი 9. მეცნიერის უფლებები და ვალდებულებები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ინსტიტუტის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა)შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
მუხლი 10. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარებისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსით ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი;
2.სამეცნიერო საბჭო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას და ამტკიცებს მისი საქმიანობის წესს.
3.კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
4.განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და სხვა თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
5.განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
6. კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას.
10.ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
11. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
მუხლი 11. ინსტიტუტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს, მათ შორის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ოპერაციული დირექტორი;
2.დამხმარე პერსონალთან, ასევე არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან, ოპერაციული დირექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს.
მუხლი 12. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის მონიტორინგის პროცესში;
გ) ასრულებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
დ) ისმენს სამეცნიერო საბჭოს ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის გეგმას დაატარებს ღონისძიებებს მის განსახორციელებლად და უზრუნველყოფს ავტორთა წახალისებას;
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
მუხლი 13. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება
1.სამეცნიერო საბჭოს და მისი წევრების უფლებამოსილება წარმოიშობა, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამეცნიერო საბჭოს პირველ სხდომაზე.
2.სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა (სრული შემადგენლობის)ნახევარი მაინც.
3.სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია:
ა)განიხილოს და განსაზღვროს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უზრუნველეყოს ამ მიმართულებათა განხორციელების მონიტორინგი;
ბ) მოისმინოს და განიხილოს ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგები/ანგარიშები, პრობლემური სამეცნიერო საკითხები, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებები;
გ) განიხილოს ოპერაციული დირექტორის მიერ მომზადებული ინფრასტრუქტურასა და კვლევასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტი და წარუდგინოს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;
დ) მოამზადოს და თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო ანგარიში;
ე)განიხილოს სხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საწარმოო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები;
ვ)აირჩიოს თსსუ-ის აკადემიურ საბჭოში ერთი წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო წარმომადგენლობით საბჭოში - ორი წარმომადგენელი მეცნიერი თანამშრომელთა შემადგენლობიდან თსსუ-ის დადგენილი წესით;
ზ) განიხილოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის წლიური სამეცნიერო-კვლევითი გეგმა;
თ) თსსუ-ის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით იღებას გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე; უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ი) შეიმუშავოს ინსტიტუტის დებულების ცვლილებების პროექტი;
4.სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანდიდატურის არ არჩევის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს დასამტკიცებლად ახალ კანდიდატურას.
5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
6. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა)სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუსამეცნიეროსაბჭოსწევრისისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა;
დ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 14. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1.სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
2.სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც ირჩევს სამეცნიერო საბჭო მისი შემადგენლობიდან,ხმათა უმრავლესობით უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი . იგი აირჩევა ხუთი წლის ვადით.
3.სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას და მეთვალყურეობს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
4.ერთი და იგივე პირი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დირექტორის წარდგინების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას;
ე) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან განთავისუფლებისას;
ვ) გარდაცვალებისას;
ზ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 15. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი და უფლებამოსილება
1. დირექტორის არჩევის წესი:
ა) დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპით შეარჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის კადემიურ საბჭოს.
ბ) კონკურსის ჩატარების თარიღსა და პირობებს აცხადებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის კანდიდატურისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
გ) განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს თსსუ-ის და ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
დ) განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
ე) დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად კენჭისყრის პროცედურებს განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო.
ვ) დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ დირექტორს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ზ) წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, რომელსაც არჩევნებამდე აფასებს სამეცნიერო საბჭო;
თ)დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებაზე თსსუ-ის აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე თსსუ-ის აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს თსსუ-ის რექტორი, თსსუ-ის წესდებით განსაზღვრული წესით. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დირექტორის ახალი კანდიდატურა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
2. დირექტორის უფლებამოსილება:
ა) ინსტიტუტის სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
ბ) ახორციელებს მეცნიერების განვითარების და სხვა საინოვაციო საქმიანობის ყოველმხრივ ხელშეწყობას;
გ)უზრუნველყოფს საინოვაციო საქმიანობის თვითრეგულირებისათვის ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას;
დ) ხელს უწყობს ინსტიტუტის ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას;
ე) გამოდის ინსტიტუტის სახელით საქართველოს და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ვ)თსსუ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პროფესიული პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
ზ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
თ) სამეცნიერო თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებს;
ი) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მეცნიერ თანამშრომელთა მიმართ, ოპერაციულ დირექტორთან შეთანხმებით, გამოიყენოს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
კ)მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
მ) უფლებამოსილია თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც თავისი მოღვაწეობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ინსტიტუტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში, საპატიო დოქტორის წოდების მისანიჭებლად;
ნ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორის უფლებამოსილება, შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ)სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 16. ოპერაციული დირექტორის უფლებამოსილება
1.ინსტიტუტის ფინანსური, მატერიალური და დამხმარე პერსონალის მართვას ახორციელებს ოპერაციული დირექტორი.
2.ოპერაციულ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თსსუ - ის რექტორი, კანცლერის წარდგინებით.
3.ოპერაციული დირექტორის საქმიანობის მიზანია ინსტიტუტის მენეჯმენტისა და ფინანსური კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა და გამართულად ფუნქციობის უზრუნველყოფა, ინსტიტუტის ბიუჯეტში აღწერილი ფინანსური რესურსების ადექვატური გადანაწილება, სტრატეგიული და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
4.ოპერაციული დირექტორი:
ა) ადგენს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის (მათ შორის სახელფასო ფონდის) პროექტს დირექტორთან შეთანხმებით, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს;
ბ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ დამხმარე პერსონალს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
გ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამხმარე პერსონალის მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
დ) თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ე) ინსტიტუტის სახელით დებს წარმოებული პროდუქციის და მომსახურების გასხვისების შესახებ ხელშეკრულებებს;
ვ) დებულების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგავს ფინანსურ სახსრებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის სარგებლობაში გადაცემულ ქონებასა და ფულადი სახსრების ხარჯვაზე;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
თ) აცნობს სამეცნიერო საბჭოს ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის გეგმას და ატარებს ღონისძიებებს მის განსახორციელებლად და უზრუნველყოფს ავტორთა წახალისებას;
ი) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესსდირექტორთან შეთანხმებით,მოქმედი კანონმდებლობისა და თსსუ–ის წესდების შესაბამისად;
კ) მის დაქვემდებარებაში მყოფ სტუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს ინფორმაციას კვარტალური შემოსავლების/ გასავლების შესახებ;
ლ) ხელმძღვანელობს ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიის პროექტის შემუშავებას;
მ) უზრუნველყოფს შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო მოთხოვნის შედგენას და თსსუ-ს შესაბამის სამსახურში წარადგენს;
ნ) ახდენს ფინანსური რისკების, ასევე,ინსტიტუტის პროექტების ფინანსური მდგრადობის შეფასებას.
5. ოპერაციულიდირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში;
დ) გარდაცვალებისას;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 17. ინსტიტუტის ქონება
1.ინსტიტუტი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს თსსუ-ის უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა– პატრონობა;
2.ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას ან გასხვისებას (იჯარა, გაქირავება, გაყიდვა, სარგებლობაში გადაცემა) ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტის ინიციატივით კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის 18-1 და 21-1 მუხლების შესაბამისად ინსტიტუტი თსსუ-თან შეთანხმებით განკარგავს ინტელექტუალურ საკუთრებას.
მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება და ხარჯები
1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს;
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;
ბ) სამეცნიერო გრანტების ფარგლებში მიღებული სახსრები.
გ) ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ინსტიტუტი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად მომდევნო წლის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და დამტკიცების მიზნით, თსსუ-ს განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას. თსსუ-ის ადმინისტრაციაში წარადგენს შესყიდვების გეგმას.
3.ინსტიტუტი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტს პერიოდულად წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ, (ყოველი კვარტლის ბოლო კვირაში) წარუდგინოს ოპერატიული ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
მუხლი 19. ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობა
1.ინსტიტუტი ეკონომიკურ და ქონებრივ ურთიერთობებს, ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვასდადგენილი წესით ახორციელებს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თსსუ-ის მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.
2. ინსტიტუტი, თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობის საფუძველზე, ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ინდ. სამართლებრივი აქტით - ბრძანებით ამტკიცებს წარმოებული პროდუქციის ღირებულებას და მომსახურების ტარიფებს.
3. ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განვითარების, საოფისე ინვენტარით, ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და საჭირო მასალებით აღჭურვის პროცედურებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტის მიერ თსსუ-ში წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4.განსაკუთრებულ შემთხვევებში ინსტიტუტი უფლებამოსილია თვითონ განახორციელოს შესყიდვები უნივერსიტეტის თანხმობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ინსტიტუტი ადგენს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წლიურ ბალანსს და წარუდგენს თსსუ-ის ადმინისტრაციას.
მუხლი 20. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ინსტიტუტის რეორგანიზაციაა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 21. გარდამავალი დებულებები
1. დებულება ძალაში შედის თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცების მომენტიდან.
2.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თსსუ-ის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3.წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დებულება, დამტკიცებული 2011 წლის 9 თებერვლის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/2 დადგენილებით.
4. შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ინსტიტუტის სხვა სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამომდინარეობენ დებულებიდან.