თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის N 321 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 17 სექტემბრის N24/1 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტის მიღწევების შეფასების წესის“ საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით,
ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ჩატარების წესი დანართის 1-ის შესაბამისად;

ბ)გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩაბარების ინსტრუქცია დანართი 2-ის შესაბამისად.

2. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს (თ.ჩიქოვანი,ს.მღებრიშვილი, დ.ბერაშვილი, ი.მჭედლიშვილი, ლ.მასხულია, დ. თოფურია) და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს (ე.ეკალაძეს) უზრუნველყონ:

ა) წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის გაცნობა ყველა სასწავლო მიმართულებისა და დეპარტამენტისათვის;

ბ)კლინიკურ სასწავლო დეპარტამენტებთან ერთად, სტუდენტებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება დასკვნითი გამოცდების ჩატარების ფორმის თაობაზე არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივნისისა.

3. დაევალოთ თეორიულ სასწავლო დეპარტამენტებს, უზრუნველყონ სტუდენტებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება დასკვნითი გამოცდების ჩატარების ფორმის თაობაზე წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
 
4. დაევალოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს დასკვნითი გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩატარებისას უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითებების/რეკომენდაციების დაცვა.

5. დაევალოს ცოდნის მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფს, უზრუნველყოს საგამოცდოდ შერჩეული ელექტრონული აპლიკაციის/პლატფორმის გამართულად გამოყენება.

6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ვიცე-რექტორს, პროფესორ ხ. თოდაძეს.

7.ბათილად იქნეს ცნობილი თსსუ-ის რექტორის 2020 წლის 29 მაისის #418582 ბრძანება "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების თაობაზე"

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

9. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, კანცლერის მოადგილეებს, რექტორის აპარატის უფროსს, ყველა ფაკულტეტის დეკანს (თ.ჩიქოვანი,ს.მღებრიშვილი, დ.ბერაშვილი, ი.მჭედლიშვილი, ლ.მასხულია, დ. თოფურია), დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს (ე.ეკალაძეს),ცოდნის მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფს(დ.გვასალია), ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს (მ.რობაქიძე), ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

10. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში; მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, #6.






დანართი 1

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლოწლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების ჩატარების წესი:

1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდები ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ამ წესის მეორე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.მედიცინის ფაკულტეტის მე-12, სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-10, ფარმაციის ფაკულტეტის მე-8, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მე-8 სემესტრების სტუდენტები დამამთავრებელ გამოცდებს აბარებენ თსსუ-ის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში, თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

3. ყველა გამოცდას, გამონაკლისის გარეშე, აბარებენ დისტანციური ფორმით:
ა)   მედიცინისა   და   სტომატოლოგიის    საერთაშორისო    ფაკულტეტისა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ყველა სტუდენტი;
ბ) ფარმაციის ფაკულტეტის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები;
გ) საქართველოში არმყოფი სტუდენტები;
დ) Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი სტუდენტები.

4. დასკვნითი გამოცდების დისტანციური ფორმით ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოცდის როგორც ზეპირი, ასევე ტესტური ფორმა:
ა) გამოცდის დისტანციურად ზეპირი ფორმით ჩატარებისას გამოცდას იბარებს საგამოცდო კომისია, არანაკლებ 2 წევრის შემადგენლობით დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან. სტუდენტმა
გამომცდელ(ებ)ს უნდა უპასუხოს საკითხებზე შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული მასალიდან. საკითხების რაოდენობა, საგამოცდო დისციპლინის მიხედვით, შეადგენს 4-5-ს (შესაბამისად, თითოეული საკითხი შეფასდება 10 ან 8 ქულით); თუ სტუდენტი არ ეთანხმება შეფასებას, გამომცდელი უფლებამოსილია, მას დაუსვას დამატებითი შეკითხვები. სტუდენტის გამოკითხვის დრო განისაზღვრება არაუმეტეს 20 წუთით, რომლის შემდეგაც, სტუდენტს ეცნობება მისი საბოლოო საგამოცდო შეფასება;
ბ) გამოცდა დისტანციურად ტესტური ფორმით ჩატარდება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში გამოცდის ჩატარების წესის“ შესაბამისად (იგულისხმება გამოცდის მიმდინარეობა). გამოცდის შეფასების გაცნობისას პრეტენზიის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია მიღებული შედეგი გაასაჩივროს დაუყოვნებლივ. სტუდენტმა აპელაციაზე პასუხი უნდა მიიღოს თსსუ-ის მიერ დადგენილი წესით - გასაჩივრებიდან 24 საათის განმავლობაში.

5. თსსუ-ის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში ჩატარებული გამოცდის შედეგების გასაჩივრება სტუდენტის მიერ განხორციელდება დადგენილი წესით.

6. დასკვნითი გამოცდების დისტანციურად, ტესტური ფორმით მიმდინარეობის დროს ინტერნეტთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის წარმოშობისას სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს საამისოდ გამოყოფილ საკონტაქტო პირს.

7. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე სასწავლო კურსში (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გამოცდის მიმდინარეობისას) სტუდენტს წარმოეშვა ტექნიკური ხარვეზი, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას გამოცდის ჩაბარება საუნივერსიტეტო სივრცეში. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზი წარმოიშვა საქართველოში ფიზიკურად არმყოფ სტუდენტთან, ასევე, თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებთან, მას გამოცდა ჩაუტარდება დისტანციურად ზეპირი ფორმით, კომისიური წესით.

8. მე - 7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ბათილად იქნება ცნობილი ის საგამოცდო შეფასება, რომელიც სტუდენტმა მიიღო ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარე გამოცდის ჩაბარებისას. თუ სტუდენტი არ გამოიყენებს მე - 7 პუნქტით განსაზღვრულ შესაძლებლობას, ტექნიკური ხარვეზით ჩატარებული გამოცდის შეფასება ძალაში დარჩება.

9. საქართველოში მყოფი იმ სტუდენტებისათვის, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის დასკვნითი გამოცდების ჩაბარების დისტანციური ფორმა, უნივერსიტეტი     უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში სპეციალურად მათთვის შედგენილი საგამოცდო ცხრილის შესაბამისად.

10. მე - 9 პუნქტით განსაზღვრულმა სტუდენტებმა (ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ იქნება დისტანციური ფორმა), განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს არაუგვიანეს 2020 წლის 12 ივნისისა (ჩათვლით).

დანართი 2

გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩაბარების ინსტრუქცია

1. გამოცდის დაწყებამდე სტუდენტმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს პირად ელექტრონულ გვერდზე - sms.tsmu.edu;
2. სასწავლო ბარათში, კონკრეტული სასწავლო კურსის დასახელების გასწვრივ, მითითებულია გამოცდის ბმული, რომელზეც გადავა სტუდენტი;
3. გამოცდის ბმულის გვერდზე არის ღილაკი „გამოცდის დაწყება“;
4. გამოცდის დრო აითვლება აღნიშნულ ღილაკზე („გამოცდის დაწყება“) დაჭერის შემდეგ;
5. საგამოცდო შეკითხვებზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით, მათ შორის, გამოცდის მიმდინარეობის მანძილზე ნებადართულია უკან დაბრუნება და ტესტის უკვე მონიშნული პასუხის შეცვლა;
6. გამოცდა დასრულდება სტუდენტის მიერ სპეციალურ ღილაკზე -
„გამოცდის დასრულება“ - დაჭერით, ან ავტომატურად, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ;
7. 100 შეკითხვიანი გამოცდისთვის განსაზღვრულია 90 წუთი, 200 შეკითხვიანისთვის - 140 წუთი, ხოლო 100-ზე ნაკლები შეკითხვის შემთხვევაში თითოეულზე, საშუალოდ, განსაზღვრული იქნება 55 წმ;
8. გამოცდის დასრულების შემდეგ გამოჩნდება შედეგების გვერდი, სადაც გამოისახება სტუდენტის მიერ მიღებული    საგამოცდო შეფასება.
სტუდენტს 20 წუთის განმავლობაში შეუძლია გადახედოს მის მიერ არასწორად ნაპასუხებ შეკითხვებს პასუხებითურთ და პრეტენზიის შემთხვევაში გადავიდეს აპელაციის ბმულზე, რომელიც მითითებული იქნება იქვე, შედეგების გვერდზე;
9. აპელაციის ბმულზე „GoogleMeet”-ის პლატფორმის საშუალებით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, გაესაუბროს შესაბამისი სასწავლო კურსის სააპელაციო კომისიის წევრებს.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია