კოდიფიცირებული
დამტკიცებულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2015 წლის 27 აპრილის N23/6 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის
მუშაობის რეგლამენტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი და რეგლამენტი შემუშავებულია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.
2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) აკადემიური თანამდებობების დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. ( ამოღებულია. 16.05.2023, N23/8)
4. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 65 წელზე მეტი ასაკის პირის კონკურსში მონაწილეობისა და აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადა განისაზღვრება თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს N23/4, 26/03/2015 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესის და პირობების შესახებ”.
5.პროფესორის თანამდებობაზე:
ა)შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს;
ბ)უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის„ა“ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვ.). (19.04.2024, N23/8).
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
7. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
8.ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით. (19.04.2024, N23/8).
9. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
10. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/ მიმართულებებში აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატის არსებობა და სათანადოდ დადასტურებული კლინიკური აქტივობა.
11. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი 4 წლის ვადით.
12. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.(16.05.2018, N23/7)
13. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით. (16.05.2018, N23/7)
14. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის:
ა) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად;
ბ) თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტებში და სხვა ). მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც უვადოდ აირჩა, 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. (16.05.2018, N23/7)
15. შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე აირჩევიან პროფესორები, ხოლო მეორე ეტაპზე-ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები და ასისტენტები. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
16. თუ აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე, მიიღებს მონაწილეობას აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში სხვა აკადემიურ თანამდებობაზე, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია გათავისუფლდეს კონკურსში მონაწილეობამდე დაკავებული თანამდებობიდან. (16.05.2018, N23/7)
მუხლი 2. საკონკურსო კომისია და მისი მუშაობის წესი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია (შემდგომში - კომისია), რომლის შემადგენლობას კონკურსის წინ რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
2. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს კონკურსანტი.
4. საკონკურსო კომისიის ფუნქციებია:
ბ) პირის პროფესიული კომპეტენციის, სამეცნიერო და პედაგოგიური კვალიფიკაციის, კლინიკურ სპეციალობებში – კლინიკური საქმიანობის, სამეცნიერო და პედაგოგიური კვალიფიკაციის შეფასება;
გ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პირისათვის რეკომენდაციის გაწევა აკადემიური საბჭოს წინაშე;
5. კომისიის წევრთა საქმიანობა ანაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
6. პირველივე სხდომაზე საკონკურსო კომისია თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და წარმართავს კომისიის მუშაობას.
7. საკონკურსო საბუთების მიღებას, დამუშავებას და კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს ტექნიკური სამდივნო (შემდგომში - სამდივნო).
8. სამდივნოს შემადგენლობას უნივერსიტეტის პერსონალიდან განსაზღვრავს რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. კონკურსანტი პასუხისმგებელია წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის სისწორესა და ნამდვილობაზე. მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმებისას უზუსტობის ან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში იგი მოიხსნება კონკურსიდან.
10. კონკურსანტს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ აკადემიურ ან სამეცნიერო თანამდებობაზე.
11. კომისიის სხდომებს ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის მუშაობის პროცედურულ საკითხებს, რომელიც ამ წესით არ არის დადგენილი, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით წყვეტს კომისია პირველივე სხდომაზე.
12. კომისია კონკურსანტის დაუსწრებლად, დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტის მონაცემთა შესაბამისობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
13. კონკურსანტთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკრეტულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში:
ა)მოითხოვოს გასაუბრება შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების უკვე არჩეულ პროფესორთან, ან გასაუბრება ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის, ან ასისტენტის თანამდებობის მაძიებელთან შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების უკვე არჩეული პროფესორის თანდასწრებით, რომლის შეხედულება კონკურსანტთან მიმართებაში ფიქსირდება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. საკონკურსო კომისია არ არის ვალდებული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს პროფესორის აზრი კონკურსანტთან დაკავშირებით;
ბ)საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი მუშაობს (მუშაობდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიურ/სამეცნიერო თანამდებობაზე, გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თსსუ-ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან. (16.03.2022, 23/4)
14.საკონკურსო კომისია უფლებამოსილია (საჭიროების შემთხვევაში - მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად) განიხილოს კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საბუთების ავთენტურობის, ასევე, წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/მონოგრაფიის/სამეცნიერო ნაშრომის პლაგიატის საკითხი დადგენილი წესების შესაბამისად.
15. კონკრეტულ საკონკურსო ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
16. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის წევრს უფლება აქვს განსხვავებული აზრი
დააფიქსიროს წერილობითი ფორმით (მათ შორის, კონფიდენციალობის დაცვით), რაც სათანადოდ აღინიშნება სხდომის ოქმში.
17. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება მოეთხოვოს ლექციის საჯაროდ წაკითხვა. ლექციის ჩაწერა ხდება სტენოგრაფიულად ან ელექტრონული სახით.
18. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ცალკეული საკითხის შეფასებისათვის სპეციალისტების მოწვევის თაობაზე.
19. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/ მიმართულებებში უპირატესობა მიენიჭება შესაბამის სპეციალობაში უფრო მაღალი კლინიკური აქტივობის მქონე პირს.
20. სხვა თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში აკადემიური/სამეცნიერო თანამ¬დებობის დასაკავებლად კონკურსში უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მფლობელ პირს.
20.1. საკონკურსო ადგილის (აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის) მოთხოვნათა გათვალისწინებით და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, უცხოური ენის ფლობის ხარისხის შეფასების მიზნით კონკურსანტთან შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსანტს აქვს უცხოური ენაზე აკადემიური საქმიანობის გამოცდილება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. გასაუბრების ჩატარების მიზნით, საკონკურსო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იქმნება კომისია. (27.04.2016, N23/4)
21. კონკურსი არ შედგება, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია არც ერთ აპლიკანტს არ აძლევს რეკომენდაციას საკონკურსო თანამდებობაზე დასანიშნად.
22. კომისია კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონკურსანტების აკადემიურ/სამეცნიერო თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ. რეკომენდაციები ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე კომისიის ყველა წევრი.
23. საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები წარედგინება აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
24. კონკურსის შედეგები ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
(www.tsmu.edu).
25. პრეტენზია კონკურსის შედეგების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს კომისიაში შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღისა. პრეტენზია კომისიის მიერ (საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობით) განიხილება მისი წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კალენდარული დღის ვადაში.
26. კონკურსის შედეგების გამოქვეყნებისა და პრეტენზიების განხილვის დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია და სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების თარიღს და პირობებს საჯაროდ აქვეყნებს თსსუ- ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tsmu.edu) და უნივერსიტეტში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების თარიღს და დამატებით პირობებს საჯაროდ აქვეყნებს თსსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tsmu.edu) და უნივერსიტეტში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას საქართველოს კანონმდებლობით და ინსტიტუტის დებულებით დადგენილი წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 (ერთი) თვით ადრე. (16.05.2018, N23/7)
მუხლი 4. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე
(დანართი 1).
ბ) ავტობიოგრაფიული მონაცემები (CV, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით);
(27.04.2016, N23/4)
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ1) ნასამართლობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის. (16.03.2022, 23/4)
დ) 3 ფოტოსურათი, ზომით 3 x 4 სმ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით); ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) დოქტორის სამეცნიერო და/ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად წინამდებარე რეგლამენტის დანართი 2- ით, ხოლო სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – დანართი 4-ით გათვალისწინებული ინფორმაცია (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით).
თ) ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო და სასწავლო_მეთოდურ ნაშრომთა სათანადოდ დამოწმებული სია (დანართი 3, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით).
ი) უცხოური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (27.04.2016, N23/4)
2. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ დეპარტამენტებში/ მიმართულებებში წინამდებარე წესისა და რეგლამენტის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
ბ) შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგ¬ნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული სათანადოდ დადასტურებული დახასიათება კონკურსანტის საექიმო საქმიანობის შეფასებით ამავე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში.
გ) შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით. წინააღმდეგ შემთხვევაში (უფრო ნაკლები ვადით წარმოდგენისას) პირს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დათქმით, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ასეთ პირთან დადებული ხელშეკრულება შეწყდება.
3. ამ მუხლის პ.1-ით გათვალისწინებული საბუთების გარდა, კონკურსანტს შეუძლია ბოლო 10 წლის პერიოდის დოკუმენტურად დადასტურებული შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) სამაგისტრო და/ან სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობის შესახებ;
ბ) თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის შესახებ;
გ) ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობის შესახებ.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ დოკუმენტის მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2. წინამდებარე წესისა და რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №23/5 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.